მაია ტორაძე
28 ოქტომბერს ავტორიტეტულმა ჟიურიმ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია მიანიჭა ავტორთა კოლექტივს ნაშრომისთვის „აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები“. გამარჯვებულებს, პრემიის სახით, ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით გადაცემათ. პრემიის ლაურეატები გახდნენ ნაშრომის ავტორები: დარეჯან გარდავაძე, ელენე გოგიაშვილი, ნინო ქავთარაძე, თეა თათეშვილი და ანდრო გოგოლაძე. პრემია ლაურეატებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაძე გადაეცა. კონფერენცია ონლაინ გაიმართა და მასში ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა.
„რაც დღეს გვაქვს თანამედროვე განათლების სისტემაში, დაკავშირებულია იაკობ გოგებაშვილის სახელთან. ის, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ეროვნული სკოლები, შეიქმნა სახელმძღვანელოები და ჩამოყალიბდა სახალხო განათლება, უპირველეს ყოვლისა, მისი დამსახურებაა. გოგებაშვილის საქმიანობა 20-იან წლებში, ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, დაგვირგვინდა დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი ეროვნული განათლების კონცეფციით, რომელმაც გააერთიანა და ჩამოაყალიბა ის, რასაც დღეს ქართული განათლების სისტემა ეწოდება“,- აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კონფერენციის გახსნისას და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი უნივერსიტეტში ამ კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას.
წელს კონფერენციისთვის 29 ნაშრომი შეირჩა, მათ შორის 3 პლენარულ სხდომაზე იყო წარმოდგენილი: გიორგი გოგოლაშვილი — „დიმიტრი ყიფიანი და იმდროინდელი საანბანე სახელმძღვანელოები“; ლადო მინაშვილი — „იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები“ და რუსუდან ნიშნიანიძე — „იაკობ გოგებაშვილის „თბილისი და სიონის ტაძარი“ და ლიტერატურული გადაძახილი ქართულ ემიგრანტულ პოეზიაში“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მან აღნიშნა, რომ იაკობ გოგებაშვილის მნიშვნელოვანი ღვაწლი განსაკუთრებით ჩანს ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე გამოწვევების შეხამებაში: „როცა უკვე ხდებოდა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ევროპეიზაცია, აუცილებელი გახდა ძველი ტრადიციების შეხამება თანამედროვე გამოწვევებთან. იაკობ გოგებაშვილმა ეს მოახერხა არა მარტო დედა ენის და უნიკალური ფორმულის „აი ია“-ს შექმნით, არამედ სხვა არაერთი სახელმძღვანელოთი, რომელთა გარეშეც იმ პერიოდის ახალგაზრდა ვერ გაიზრდებოდა“, — აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ: ეკატერინე ნავროზაშვილი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; ქეთევან ჭკუასელი – თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; მედეა ღლონტი – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; მაკა ლაბარტყავა – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ზაქარია ქიტიაშვილი – თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ეკა ჩიკვაიძე – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ნანა მრევლიშვილი – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ეკა კვაჭანტირაძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; როზეტა გუჯეჯიანი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ინგა სანიკიძე – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; სოფიო თოთიბაძე – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
პლენარულ სხდომას ხელმძღვანელობდა თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი. მან იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონფერენციის არსზე, მიზნებზე და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და მიაგებს ამ ღირსეულ ეროვნულ მოღვაწეს. თსუ-ში გრძელდება იაკობ გოგებაშვილის ტრადიციები, ხდება მისი ღვაწლის კვლევა და პოპულარიზება. იაკობ გოგებაშვილის მიმართ უნივერსიტეტის დამოკიდებულების გამომხატველია უპრესტიჟულესი პრემიის დაარსებაც. 2015 წლიდან, რექტორის ბრძანებით, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად და ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გაიცემა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია“,- თქვა ნანა გაფრინდაშვილმა.
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მორიგი სამეცნიერო კონფერენცია, ტრადიციისამებრ, 2023 წელს ჩატარდება.