2020 იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო წელია – 27 ოქტომბერს 180 წელი უსრულდება! ვართ პირნათელი დიდი იაკობის წინაშე?
იაკობის ძმიშვილი შალვა გოგებაშვილი იგონებს, სიკვდილის წინ იაკობმა მითხრაო: „დედაენა“ დიდი რამეა ჩვენი ერისთვის...მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ კარგად მოუაროს ჩემს „დედაენას“ და გონივრულად მოიხმაროს მისი შემოსავალი“... – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვებიო, – წერს შალვა გოგებაშვილი... წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კი აუსრულა იაკობს ნატვრა, მაგრამ შემდეგ? თუმცა, მოდით, თვალი გავადევნოთ „დედაენის“ ბედს (ანუ როგორ შევუსრულეთ იაკობს თხოვნა):
ბოლო პერიოდში დაიწერა – იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლაში დაბრუნდაო... მეკითხებიან, რა სჭირდა დასაბრუნებელი, სკოლიდან არც წასულაო... არაა ასე. მოვისმინოთ: 1925 წელს უკანასკნელად გამოიცა „დედაენა“ იაკობ გოგებაშვილის ავტორობით – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მზრუნველობით (გამოცემას ხელმძღვანელობდა იოსებ ბოცვაძე). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეწყვიტა არსებობა და... 1935 წლამდე საანბანე სახელმძღვანელო აღარ გამოცემულა; ხოლო ამ წელს გადაწყდა, ი.გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით შეედგინათ საანბანე წიგნი (დაევალა ვ. ძიძიგურსა და ა. გვახარიას) და ამ პერიოდიდან იწყება იაკობის „დედაენის“ გადაკეთება-გადამუშავების ხანგრძლივი („დაუნდობელი“) პროცესი... 1944 წლიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიცემოდა ლ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის „გადამუშავებული“ „საბჭოთა დედაენა“ (ასე მოიხსენიებდნენ!)... წიგნში ჭარბად იყო საბჭოთა თემატიკა – ლენინი, სტალინი, ბერია, საბჭოთა არმია... ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა გოგებაშვილის პრინციპებს...
1973 წლიდან გამოდის „ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი“ საანბანე წიგნი „დედაენა“, რომელსაც ეწერა: „აგებულია ი. გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით“. 90-იანი წლებიდან კი გამოჩნდა არაერთი „დედაენა“... თავიდან ეწერებოდნენ შემდგენელ-რედაქტორებად (მიუთითებდნენ ი. გოგებაშვილის მიხედვითო), შემდეგ უკვე ეს შემდგენლები „დედაენის“ავტორებად იქცნენ... ორ ათეულამდე ასეთი „დედაენა“ გამოჩნდა ბოლო ათწლეულებში... იაკობ გოგებაშვილის ავტორობით „დედაენა“ საგანმანათლებლო სივრციდან გაქრა... 2009 წელს ი. გოგებაშვილის საზოგადოების (თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე) მცდელობით ი. გოგებაშვილის „დედაენა“ დაბრუნდა სკოლაში (სხვა 9 „დედაენასთან“ ერთად!), მაგრამ მხოლოდ ერთი წლით... ერთი წლის შემდეგ „სხვა ავტორებმა“ აჯობეს ი. გოგებაშვილს და ამოაგდეს მისი წიგნი ხმარებიდან... ანუ: იაკობისაგან გადაკეთებულ-გაუარესებულმა „დედაენებმა“ დაჩაგრა იაკობის „დედაენა“...
რა ხდებოდა? – იღებდნენ იაკობის „დედაენას“, ცვლიდნენ რაც სურდათ, როგორც სურდათ და ეწერებოდნენ ავტორებად... ფაქტობრივ, ისაკუთრებდნენ... წიგნში შეტანილი ცვლილებები უმეტესად თვითმიზნური იყო –“ავტორობა“ რომ გაემართლებინათ, ცვლილება ხომ უნდა შეეტანათ?! ეს „ავტორები“ არ ითვალისწინებდნენ ი. გოგებაშვილისეულ პრინციპებს... ძირითადად უცვლელად ტოვებდნენ პირველი-ორი გაკვეთილის თემას (ია, თითი...)... სრული განუკითხაობა იყო... ორიოდე მაგალითს მოვიყვან ნიმუშად რედაქტორ-გადამკეთებელთა „შემოქმედებიდან“:
– იაკობის აზრით, საანბანე სიტყვა უნდა იყოს ბავშვისათვის კარგად ნაცნობი; სურათს რომ ნახავს ბავშვი, უნდა მიხვდეს, რა წერია სურათის ქვეშ; ამ პრინციპით შემოიტანა მესამე გაკვეთილად „საათი“. ერთ-ერთ მოქმედ სახელმძღვანელოში „საათი“ ჩაანაცვლეს სიტყვით „თასი“. ნახატის მიხედვით ბავშვმა შეიძლება თქვას, ეს არისო ჯამი, ფიალა, აზარფეშა, თეფში და ა.შ. წახდა საქმე...
იაკობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს საანბანე ტექსტში სიტყვათა თანმიმდევრობას. მეორე გაკვეთილში იაკობის ვარიანტი – ა-თი. თი-თა. თა-თი. თი-თი – შეცვალეს თანმიმდევრობით: თი-თი. თა-თი. თი-თა. ა-თი. იაკობი კი განმარტავდა: „აქ ყოველი შემდეგი სიტყვა, გასაადვილებლად კითხვის პროცესისა, უნდა იწყებოდეს იმ მარცვლით, რომლითაც თავდება წინა სიტყვა“...
იაკობი ბრძანებს: „ენის სიცოცხლე იწყება ფრაზებიდან და რამდენადაც ადრე გადახვალთ ფრაზებზე, იმდენად უფრო უკეთესია. ამ საიდუმლოს – კითხვის მნიშვნელობას, მხოლოდ მაშინ იგებს და გრძნობს... ხალისსაც ძლიერ უმატებს გაკვეთილს ეს ფრაზა“... ამიტომაც 32 საანბანე გაკვეთილიდან 1-25 არის ერთსიტყვიანი (ია, თითი, საათი...), 26-27 – ორსიტყვიანი ფრაზა (მერცხალი მიფრინავს, ქოჩორა ტოროლა) და 28-32 – სამსიტყვინი ფრაზა (აბუზული წიწილა დგას და სხვა.)... „მიხედვით დედაენების“ უმეტესობაში ყველა საანბანე გაკვეთილი ერთსიტყვიანია... უხეშადაა დარღვეული საანბანე ტექსტის სტრუქტურა... და მრავალი სხვა...
ცხადია, ყოველგვარი ასეთი ცვლილება ერთ მიზანს ემსახურება: გაამართლონ თავიანთი „ავტორობა“ და... ისევ ვივიწყებთ გოგებაშვილს: „ისე დამღუპველი და დამამხობელი არსად არის, როგორც ხალხის განათლებაში, ძებნა პირადი ინტერესებისა, ნივთიერის სახსრის გაძლიერებისა, ფულის მოპოვებისა, მეტადრე იქ, სადაც დედაენას ზოგიერთნი ეპყრობიან ისე, როგორც ავი დედინაცვალი თავის მოძულებულ გერსა“...
2008 წელს ი. გოგებაშვილის საზოგადოებამ ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „იაკობის „დედაენა“ და თანამედროვე ქართული სკოლა“... ამ კონფერენციაზე კარგად წარმოჩნდა, ერთი მხრივ, რით არის უნიკალური იაკობის „დედაენა“ და, მეორე მხრივ, „სხვა ავტორთა“ „დედაენებში“ რა პრობლემები იჩენდა თავს... სხვათაშორის, ამ კონფერენციის შემდეგ რამდენიმე ასეთმა „დედაენამ“ შეწყვიტა არსებობა (სულ იმჟამად ათზე მეტი იყო...)! მაგრამ იაკობის ძარცვა გრძელდებოდა; მითვისება-მისაკუთრებას ბოლო არ უჩანდა...
იმისათვის, რომ დაგვეცვა იაკობის ინტელექტუალური საკუთრება ხელყოფისაგან, 2008 წელს მივმართეთ კულტურის სამინისტროს, რომ „დედაენისთვის“ (საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის ი. გოგებაშვილისეული მეთოდისათვის) მიენიჭებინათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამწუხაროდ, იმჟამად ხელისუფლება ვერ დავაინტერესეთ „დედაენის“ თემით; საბედნიეროდ, მოგვიანებით მიზანს მივაღწიეთ (ვსაუბრობ გოგებაშვილის საზოგადოების სახელით). მივაქციოთ ყურადღება მოვლენათა განვითარებას:
* * *
2013 წელს ი. გოგებაშვილის „დედაენას“ (საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის ი. გოგებაშვილისეულ მეთოდს) მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი (განსაკუთრებული მადლობა კულტურის იმჟამინდელ მინისტრს ბ-ნ გ. ოდიშარიას);
2014 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ძეგლს განესაზღვრა ეროვნული სტატუსი (გავხაზავთ: ეროვნული კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სულ ხუთიოდე გვაქვს!...);
2015 წელს ქართულ ანბანს განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი („დედაენა“ არის ამ ნომინაციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი);
2016 წელს იუნესკომ ქართულ ანბანს მიანიჭა საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი („დედაენითურთ“) და შეიტანა საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში! (ამ ნუსხაში სულ სამიოდე ძეგლია ქართული!)...
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მოამზადა და 2019 წელს შეიტანა დამატება განათლების კანონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ (შემოკლებით „დედაენის“ კანონს ვუწოდებთ).
ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად –2019 წელს განათლების სამინისტროსთან შეიქმნა სახელმწიფო კომისია (კომისიის თავმჯდომარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; კომისიის წევრები — პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, თვალსაჩინო ქართველი მეცნიერები და მოღვაწეები, პრაქტიკოსი პედაგოგები), რომელთაც დაევალათ ი. გოგებაშვილის „დედაენის“ გადამუშავება და მომზადება სასკოლო სახელმძღვანელოდ.
2019 წლის სექტემბერში საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და კერძო სკოლათა ნაწილს (ვინც მოითხოვა) საჩუქრად გადაეცა სახელმწიფო კომისიის მიერ გადამუშავებული ი. გოგებაშვილის „დედაენა“. ასევე მოხდა 2020-2021 სასწავლო წელსაც! სახელმწიფო კომისია მუშაობას აგრძელებს და განიხილავს მიღებულ შენიშვნებსა და წინადადებებს...
აი, ამას ჰქვია სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნება!
განვმარტავთ: სახელმწიფო კომისიამ საფუძვლად აიღო ი. გოგებაშვილის „დედაენის“ 1912 წლის გამოცემა (იაკობის სიცოცხლეში ბოლო გამოცემა). ვიხელმძღვანელეთ იაკობისეული მთავარი პრინციპით – „საანბანე წიგნი არის ენობრივი სახელმძღვანელო; მან ბავშვს უნდა ასწავლოს კარგი ქართული და შეაყვაროს დედაენა“! ვითვალისწინებდით იაკობის შეგონებას: „თუ გაუკეთესებას მოაკლდება „დედაენა“, იგი მოკვდება... ყოველგვარი ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ¾-ის თანხმობით“... და კომისიამ იზრუნა იმისათვის, რომ „დედაენა“ შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან... ყველა ცვლილება შეტანილი იქნა იაკობისეული პრინციპების ზედმიწევნით დაცვით...
ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე – შენიშვნებსა და სურვილებს მადლობით მივიღებთო...
დიახ, საიუბილეოდ შეძლებისდაგვარად შევძელით იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღსრულება!
გიორგი გოგოლაშვილი
ი. გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე,
„დედაენის“ სახელმწიფო კომისიის წევრი