მაია ტორაძე
უნივერსიტეტი იმ ადამიანებით ფასობს, ვისაც ერთი აგური მაინც გადაუადგილებია მის სასიკეთოდ და ამ კედლებისთვის საკუთარი ელფერი შეუძენია. ასეთები უჩუმრად, ერთგულად ემსახურებიან დიდი წინაპრების დატოვებულ საგანძურს და ხშირად ასევე უჩუმრად მიდიან ჩვენგან.
ცოტა ხნის წინ სწორედ ასეთი გამორჩეული ადამიანი წავიდა და დატოვა პროფესიონალურად ნაკეთები საქმის, სიკეთისა და ერთგულების კვალი, რომელიც ახლაც აჩნია უნივერსიტეტის სტამბის პატარა კოლექტივს.
გურამ ხოსიშვილი 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში ამკინძავი საამქროს ხელმძღვანელად მუშაობდა. მანამდე გამოიარა საუკეთესო სკოლა წიგნის ფაბრიკასა და მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში, რის შემდეგაც ხუთი ათეული წელი შეალია უნივერსიტეტს. სწორედ აქ ჩამოყალიბდა იგი ბრწყინვალე სპეციალისტად, რომლის ხელითაც არაერთი წიგნი რესტავრირდა და დაუბრუნდა სიცოცხლეს.
თანამშრომლები სიყვარულით იხსენებენ ამ დიდებულ ადამიანს, რომელმაც უამრავ ახალგაზრდას ასწავლა საქმე და გაუღვივა წიგნის, როგორც განძის, სიყვარული. „მოდით, ნახეთ, ეს როგორ კეთდება“, – დაუძახებდა თურმე ახალგაზრდებს და მუყაოს ყდაზე მუშაობის სირთულეს აზიარებდა. „ის ერთნაირად თავდადებული იყო შრომაშიც და მეგობრობაშიც. რასაც ხელს მოკიდებდა, მას უკვე ხარისხის ნიშანი ახლდა“, – იხსენებს სტამბის ხელმძღვანელი თენგიზ სირაძე და მოგვითხრობს, როგორ მეგობრობდა ბატონი გურამი ჩვენს დიდ მეცნიერებთან, როგორ ელოლიავებოდა და დაფოფინებდა თავზე წიგნს – ახალგამოცემულსაც და ძველსაც. ახლაც, თუკი ვინმესთან გურამ ხოსიშვილზე ჩამოაგდებთ სიტყვას, სინანულით გაიხსენებენ ამ საოცრად კეთილშობილ პიროვნებას. „ასეთი გულწრფელი წუხილი ადამიანის გარდაცვალების გამო იშვიათად გვინახავსო“, – ამბობენ სტამბის თანამშრომლები და იხსენებენ, როგორ ასწავლიდათ, პატრონობდათ, მხარში ედგათ.
...უნივერსიტეტი იმ ადამიანებით ფასობს, ვისაც ერთი აგური მაინც გადაუადგილებია მის სასიკეთოდ და ამ კედლებისთვის საკუთარი ელფერი შეუძენია. გურამ ხოსაშვილისნაირი ადამიანების წასვლა მართლა აფერმკრთალებს ადამიანთა ყოფას, თუმცა, თუკი „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, სიკვდილიც არაფერია – ადამიანების ხსოვნაც ხომ სიყვარულია, რომელიც დედამიწას „დაქცევისგან“ იფარავს.