თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, 4-5 მარტს პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ ფარგლებში, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის ონლაინ ვორქშოპი ჩატარდა.
პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური, კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება. ადგილობრივი სამეცნიერო ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კვლევების კომერციალიზაციის ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, გადაცემა, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
ვორქშოპზე დარეგისტრირდა ქართული ეკოსისტემის 60-ზე მეტი წარმომადგენელი: კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები; მკვლევარები; აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები; მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები; თსუ-ის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.
ორი დღის განმავლობაში, ვორქშოპზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
როგორც ვორქშოპის ერთერთმა ორგანიზატორმა თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტმა ირინა ცაგარეიშვილმა აღნიშნა: „ამ უნივერსიტეტებს საკმაოდ დიდი ბაზა აქვთ კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით წარმატებით განხორციელებული პროექტებისა. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს კომერციალიზაციისათვის საჭირო ეტაპები, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები მათ უნივერსიტეტებში, გააცნეს წარმატებული ისტორიები და სხვა. ამ ფორმით, მონაწილეები ეზიარნენ იმ ევროპულ მოდელებს, რომელიც ამ ეკოსისტემაშია დანერგილი და რომელთა იმპლემენტაციაც იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მიერ.
იქიდან გამომდინარე, რომ ვოქრშოპს ესწრებოდნენ როგორც კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ისე მცირე და საშუალო მეწარმეები, მოხდა მათი ინტერესებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. ამ ფორმატით უფრო გამარტივდა ამ მხარეთა ერთმანეთთან დაკავშირება. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უფრო ნათელი გახდა ის საკითხები, რაზეც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ და მიეცათ შანსი, რეალური შესაძლებლობები დაენახათ.
ვორქშოპის შედეგად, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს ცოდნა, თუ როგორ უნდა განახორციელონ და მართონ ცოდნისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის პროცესი ეფექტურად, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ ცოდნა, თუ რატომ და როგორ უნდა ითანამშრომლონ კვლევით და აკადემიურ ინსტიტუტებთან,“ – აღნიშნა ირინა ცაგარეიშვილმა.
რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა მხარეებთან მუშაობისას და რამდენად ეფექტური იყო ვორქშოპი? – ამ შეკითხვაზე ქალბატონმა ირინამ ასე გვიპასუხა: „საორგანიზაციო ჯგუფი, რა თქმა უნდა, დააკვირდა უკუკავშირს, ამიტომ, მათი კომენტარების შინაარსი ყველაზე კარგად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. მონაწილეების შეფასების მიხედვით, ვორქშოპზე განხილული საკითხები მათ გამოადგებათ სამომავლო კომერციალიზაციის პროცესში, ამასთან, სპიკერებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოცულობითი პრეზენტაციებიც, რაც ასევე დიდი ბენეფიტია, რადგან ამ თემაზე მასალები საკმაოდ მწირია. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდა ორი პრაქტიკული სამუშაოც, რაც მეცნიერებს შეფასებისა და ანალიზის პროცესში წაადგებათ. ვორქშოპზე საუბარი იყო ერთ-ერთ პრობლემურ საკითხეც — პატენტები და საავტორო უფლებების დაცვა, რაზეც პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და შეეხო გლობალურ პრობლემებს, რომელთაც, ბუნებრივია, საქართველოშიც ვხვდებით,“ – აღნიშნა მან.
და ბოლოს, პროექტი „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.
მოამზადა თამარ დადიანმა