თებერვლის თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგ-კურსი „თანამედროვე მენეჯერის უნარები“. კურსი განკუთვნილი იყო საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ მენეჯერული უნარების განვითარება, საკუთარი მოტივაციის და მიზანსწრაფულობის გაზრდით გუნდის მოტივაციისა და ჩართულობის ამაღლება და ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე პროდუქტიულობის გაზრდა.
კურსს უძღვებოდა რუსუდან კვაჭანტირაძე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტია. მის რეგალიებს შორისაა: ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) მიერ აკრედიტებული PCC ქოუჩი, სერტიფიცირებული საერთაშორისო მენტორი, ბრიტანული ორგანიზაციის Thrive Partners-ის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი; Erickson Coaching International-ის აზიისა და კავკასიის წარმომადგენლობის მენტორ-ქოუჩი.
კურსი დისტანციურად წარიმართა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დაინტერესებული ადამიანებისთვის – გაეუმჯობესებინათ მენეჯერის უნარები, შეესწავლათ მართვის სხვადასხვა ასპექტი და კრიტიკულად შეეხედათ საკუთარი თავისთვის – შეუძლიათ თუ არა თანამშრომლები უფრო მოტივირებულნი და პროდუქტიულები გახადონ.
„ტრენინგ-კურსით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ვისწავლეთ და გავაანალიზეთ მართვის პრინციპები, მოტივაციის და დემოტივაციის ასპექტები, გვქონდა დისკუსია და უამრავი მაგალითის და შემთხვევის ანალიზი. კურსის შემდეგ დავიწყე ჩემი ქცევის კრიტიკულად განსჯა. მგონია, რომ, პრაქტიკასთან ერთად, მენეჯერის კომპეტენციების და უნარ-ჩვევების თეორიული გააზრება მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრიბა. გვყავდა ძალიან კარგი ტრენერი, რომელიც ჯგუფის არაჩვეულებრივად მართვას ახერხებდა“, – გვითხრა თსუ-ის რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსმა მზექალა აჭაიძემ.
ტრენინგ-კურსის პრაქტიკულ სეგმენტზე გაამახვილა ყურადღება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა. მისი თქმით, კურსები იყო სწორად ორგანიზებული და დატვირთული შინაარსიანი, საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებით. „კურსი აგებული იყო პირადი გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მეთოდზე. გვყავდა გულისხმიერი და თითოეული მონაწილის მოთხოვნებსა თუ საჭიროებებზე ორიენტირებული ქოუჩ ტრენერი, რომელთანაც ურთიერთობა ფრიად სასიამოვნო იყო. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ტრენინგის მონაწილეებს შორის უაღრესად ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო წარმატებული გახადა ეს კურსები“, – გვითხრა მან.
როგორ აიგო ტრენინგ-კურსი უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესო საკითხებზე და რა შეისწავლეს მონაწილეებმა? — ამ საკითხებზე მენტორი და ტრენერი რუსუდან კვაჭანტირაძე გვესაუბრება:
– ქალბატონო რუსუდან, რაზე გამახვილდა ყურადღება კონკრეტულად ამ ტრენინგ-კურსის მომზადების პროცესში, როგორ ჩამოყალიბდა საკითხები, რომელიც უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესო გახდა?
– ყველა ორგანიზაციას თავისი მოთხოვნები, სურვილები და საჭიროებები აქვს და, სწორედ მათი გათვალისწინებით, თითოეული გუნდისთვის ინდივიდუალური პროგრამა მუშავდება; ვითვალისწინებთ — თუ რისი გაუმჯობესება სურთ მენეჯერებს; რომელია მათთვის „მტკივნეული“ საკითხები. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხშირად კეთდება აქცენტი მართვის უნარების გაუმჯობესებაზე.
რაც შეეხება ამ კურსს, რომელიც თსუ უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად გავაკეთეთ, მასშიც გათვალისწინებული იყო თავად უნივერსიტეტის, როგორც ორგანიზაციის და მათი მენეჯერების ინტერესები. ტრენინგის საჭიროებების გამოკვლევის პროცესში მონაწილეობას უწყვეტი განათლების ცენტრის მხიდან იღებდა ქეთი ცინცაძე. უნდა აღინიშნოს, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი გუნდი შეიქმნა. თითოეულის ინდივიდუალურობამ კი უფრო მეტი ხიბლი შესძინა ტრენინგს.
– რა შეისწავლეს ტრენინგის მონაწილებმა? რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას?
– როგორ მოახერხებს თანამშრომლების მართვას და მოტივირებას მენეჯერი, ამაში დიდი როლი უჭირავს მის პიროვნულ თვისებებს და უნარებს. ამიტომ კურსის პირველი ნაწილი დეტალურად და ღრმად განიხილავს საკუთარი პიროვნების შეცნობის საკითხს – „როგორი ვარ მე ადამიანებთან ურთიერთობაში?“ „რა არის ჩემი, როგორც მენეჯერის, ძლიერი ან განსავითარებელი ზონები?“ და სხვ. ასეთი ტიპის ტრენინგში ხშირად ვრთავ გუნდური ქოუჩინგის ელემენტებსაც, როცა მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ არა მხოლოდ ტრენერისგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია, არამედ ასევე თვითშემეცნების და მოსაზრებების ურთიერთგაზიარებითაც. უმეტესად სწორედ ასე იბადება საუკეთესო გამოსავალი.
ტრენინგის მთავარი ფოკუსი მაინც იმაზე კეთდება, რომ მენეჯერმა ჯერ ყველაფერი მოირგოს საკუთარ თავზე და შემდეგ ეს უნარები მოარგოს ინდივიდუალურად თითოეულ თანამშრომელს. ამ დროს მთავარია, მონაწილეებს შეუქმნა ისეთი ველი, რომ მაქსიმალურად დაფიქრდნენ და მოახერხონ გულწრფელი ურთიერთობა და აზრთა გაზიარება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელიც არ არის მზად გულწრფელობისთვის, ხელი შეეშლება ტრენინგიდან სარგებლის მიღებაში. პირიქით, თუკი მათთვის სხვა ფორმატია უფრო მეტად მისაღები, ამაშიც ვეხმარები მონაწილეებს, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ეკოლოგიური გარემო და თითოეულმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.
– თქვენ უცხოურ ორგანიზაციებთანაც მუშაობთ. რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ მართვითი რგოლების პრობლემებში?
– შვიდ წელზე მეტია, რაც სხვადასხვა ორგანიზაციაში მსგავსი ტიპის ტრენინგებს ვატარებ, აქტიურად ვმუშაობ უცხოურ ორგანიზაციებთანაც და ეს მაძლევს შესაძლებლობას დავინახო — რეალურად რა განგვასხვავებს. უმეტესად ჩვენ გვგონია, რომ იქ ყველაფერი სხვაგვარადაა და პოლარული განსხვავებაა ქართულ რეალობასთან, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში მენეჯერებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკაში ძალიან ბევრი მსგავსი პრობლემა აქვთ. იქაც აქტუალურია ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა გუნდის მართვა, როგორ მივცეთ დავალება თანამშრომლებს, როგორ განვახორციელოთ დელეგირება, როგორ მივცეთ და მივიღოთ უკუკავშირი, როგორ გავხსნათ მაქსიმალურად თანამშრომლების პოტენციალი და ავუმაღლოთ მოტივაცია, როგორ გამოვიყენოთ საკუთარი დრო უფრო ეფექტურად და სხვ. ეს თემატიკა აქტუალურია უცხოეთშიც და საქართველოშიც, ამიტომ ყველგან ერთნაირად მნიშვნელოვანია მენეჯერული უნარების განვითარებაზე მუშაობა.
მაია ტორაძე