მოამზადა ნატო ობოლაძემ
12 ოქტომბერს ჩანიშნული თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შეჩერება დაავალა.
სტუდენტურმა თვითმმართველობამ არჩევნების ახალი თარიღი უკვე განსაზღვრა — კენჭისყრის პროცესი 6 ნოემბერს ჩაინიშნა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში საქმის განხილვა 6 ნოემბრამდე არ დასრულდება, კენჭისყრის თარიღი ისევ გადავადდება. საარჩევნო პროცესს 2 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება — „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია" და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება".
ალტერნატიული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
იურიდიულ ფაკულტეტზე საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, 10 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით უკვე ჩატარდა — არჩეულია 20 სტუდენტი, ანუ თითოეული კურსიდან 5-5 წარმომადგენელი. კენჭისყრა „Election Runner“-ის გამოყენებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყენებს და აღიარებს. ონლაინ პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით სტუდენტებმა კონსულტაციები საია-სთან გაიარეს. სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული არჩევნების ლეგიტიმურობას მხარი დაუჭირა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის თითქმის სრულმა შემადგენლობამ.
იურიდიულმა ფაკულტეტმა VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები საფაკულტეტო საბჭოს მუშაობას მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ჩამოაშორა. საფაკულტეტო საბჭომ ოფიციალურ მიზეზად VII მოწვევის თვითმმართველობის უფლებამოსილების 6 თვით მეორედ გახანგრძლივება დაასახელა. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა მიღებული გადაწყვეტილება და ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტის მხარდაჭერა 27 სექტემბერს გავრცელებულ წერილში დაასაბუთა. წერილში ნათქვამია: „2020-2021 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ვითარება, რაც ამ დრომდე დაწესებულებას არ გამოუცდია. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის უფლებამოსილების ძირითადი 2 წლიანი და დამატებითი 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის მაის-ივნისიდან მოყოლებული აღნიშნული წარმომადგენლობითი ორგანო, იურიდიული საფუძვლის არქონის მიუხედავად, კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნევს თავს. უფლებამოსილების ერთგვარი მითვისება ფაკულტეტების საბჭოების მუშაობისთვის, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებისა და მისი შემდგომი ლეგიტიმაციისათვის გარკვეულ სამართლებრივ რისკებს ქმნის. რაც ძალზე საყურადღებოა, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ემსახურებოდა, ერთი მხრივ, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და ადმინისტრაციის ნაბიჯები — გადადგმული 2021 წლის გაზაფხულიდან (ცენტრალური ადმინისტრაციის ზეპირი და წერილობითი ინფორმირება და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზების მოთხოვნა, ასევე, ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტი წევრების უფლებამოსილების საკითხის დასმა) და, მეორე მხრივ, სტუდენტთა ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით“. აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის უმრავლესობა.
სტუდენტური თვითმმართველობის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გამოხმაურება
სასამართლოს გადაწყვეტილებას 12 ოქტომბრის არჩევნების გადადების თაობაზე გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე გაბაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობა მართულია ფაკულტეტის დეკანატის მხრიდან, რაც სტუდენტთა თვითთმმართველობის საქმიანობაში ჩარევაზე მიუთითებს და ეწინააღმდეგება კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიულ ფაკულტეტზე ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი სტუდენტების შევიწროვება და დევნა. ყოველივე ამის საფუძველი გახდა უთანხმოება ამავე ფაკულტეტის დეკანატსა და ფაკულტეტის წევრ სტუდენტებს შორის. ფაკულტეტის ადმინისტრაციას სურდა მაგისტრანტების ადგილების შემცირება, რომელიც გააპროტესტეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ფაკულტეტის საბჭოში. განსხვავებული აზრების მიუღებლობა გახდა დეკანატის მხრიდან მტრული დამოკიდებულების მიზეზი ჩვენს მიმართ. „კოვიდ 19“-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო გადადებული არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანატმა და ჩვენი სტუდენტები საბჭოდან გამოაძევა. შემდეგ სტუდენტთა ჯგუფის/კომიტეტის მეშვეობით ალტერნატიული არჩევნების ორგანიზება დაიწყეს. ამ წუთამდე ყველა ის ნაბიჯი, რაც კომიტეტმა გადადგა, იყო ნაკარნახევი იურიდიული ფაკულტეტის დეკანატის მხრიდან და მათი უშუალო ჩარევით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დაპირისპირება აგვერიდებინა თავიდან, თუმცა, რაც მოხდა, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მყოფი კანონთან „უმაღლესი განათლების შესახებ“, სადაც გარკვევით წერია, რომ ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს სტუდენტური თითმმართველობის საქმიანობაში. სასამართლომ მიმართა თსუ-ის ადმინისტრაციას, რომ შეაჩეროს ჩვენი არჩევნები. ჩვენ ვითვალისწინებთ კანონს და უნივერსიტეტის ინტერესებს, ამიტომ ვაცხადებთ არჩევნებს გადადებულად, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და ჩვენც გავასაჩივრებთ და აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე, რომელიც ისეთი კლანების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, როგორიცაა ირაკლი ბურდულის კლანი იურიდიულ ფაკულტეტზე და ქალბატონ თამარ ზარანდიას მარიონეტობა. ამასთანავე სამარცხვინოდ მიგვაჩნია, როდესაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების არალეგიტიმურობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საუბრობს“, — განაცხადა მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე გაბაშვილმა.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის პასუხი
VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართელობის განცხადებებს იურიდული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია პასუხობს. დეკანი აცხადებს, რომ მე-7 მოწვევის თვითმმართველობა კანონიერი საფუძვლის გარეშე იგრძელებს უფლებამოსილებას და ამ მოქმედებებით საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას, შედეგად კი სტუდენტებს შორის დაპირისპირებას იწვევს.
„რაც შეეხება იმ განცხადებას, თითქოს იურიდიულმა ფაკულტეტმა შეამცირა საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არ შეესაბამება სინამდვილეს და ამის გადამოწმება ადვილად შესაძლებელია. ფაკულტეტის საბჭოს არასოდეს არ მიუღია გადაწყვეტილება მაგისტრატურაში სტუდენტთა რაოდენობის შემცირების შესახებ. როგორც დადგენილია პროცედურით, ანკეტა-კითხვარის დამტკიცება ხდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ და როდესაც თავდაპირველად განისაზღვრა მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა 150-ით, ამ გადაწყვეტილებას მაშინ მხარი დაუჭირეს მათ შორის მე-7 მოწვევის თვითმმართველობის წევრებმა. თუმცა უკვე იმ დროს, როდესაც მისაღები გამოცდები ტარდებოდა, იმ მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოითხოვეს მისაღები კონტიგენტის გაზრდა, რასაც ფაკულტეტის საბჭო არ დაეთანხმა. რაც შეეხება საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას, მას მერე, რაც თავად მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე, საბჭომ იმსჯელა ამაზე და გადაწყვიტა, რომ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოზე მათი მოწვევა არ მოხდებოდა, მათ არ შეწყვეტიათ უფლებამოსილება, რადგან საბჭო ვერ შეწყვეტდა იმას, რაც მათ არ ჰქონდათ. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება ამ პირებს, მე-7 მოწვევის თვითმმართველობის წევრებს სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ, რითაც ცხადია დაეთანხმნენ მას. ამ შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოსათვის ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის მე-7 მოწვევის დელეგატებს უფლებამოსილების ვადა ჰქონდათ ამოწურული და ეს სადავო არ იყო“, — აცხადებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია.
ოფიციალური განმარტება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ორჯერ 6 თვით გადავადდა. კენჭისყრის თარიღის გადატანის მიზეზი სტუდენტურმა თვითმმართველობამ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა:
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 2020 წლის 23 იანვრის „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების დამტკიცების შესახებ“ N 014 დადგენილების მე-2 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თვითმმართველობის დელეგატები და პრეზიდენტი აირჩევა 2 (ორი) წლის ვადით. ხოლო ამავე დებულების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს გადაავადებს არაუმეტეს ექვსი თვისა. ტერმინი — მიზანშეწონილობის საფუძველზე — არჩევნების გადადება შესაძლებელია გონივრული რაოდენობით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისად, არჩევნები აღნიშნული ნორმის საფუძველზე შეიძლება გადაიდოს ორჯერაც, თუ ამის საჭიროება არსებობს. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ამოიწურა 2020 წლის ნოემბერში, ხოლო ზემოთ აღნიშნული სამართლებივი ნორმის საფუძველზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება 2021 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მეორეჯერ უფლებამოსილების ვადა გაგრძელდა კიდევ 6 თვით.“
თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერია თუ არა აკადემიური პერსონალი?
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესში იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩარევის ფაქტების დასადასტურებლად VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იურიდიული ფაკულტეტის პროფესურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მოწოდებების სქრინებსა და, ასევე, სალექციო პერიოდში ზუმის პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებებს იმოწმებენ, სადაც პროფესურა სტუდენტებს 10 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტი კი მათ საქმიანობაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების განცხადებები იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარე ლეგიტიმური პროცესის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობაა.
„საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ყველა სტუდენტისთვის იყო შესაძლებელი, ამისათვის მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსება სჭირდებოდათ. პროცესის ღიაობა დემონსტრირებაა იმისა, რომ თავიდანვე საორგანიზაციო კომიტეტის მიზანს ფართო წარმომადგენლობის მიღწევა და მიმდინარე საკითხების სტუდენტების მიერ გადაწყვეტა წარმოადგენდა. საორგანიზაციო კომიტეტში ხმის უფლებით თითოეული სტუდენტი (და არავინ სხვა) თანაბრად სარგებლობდა და გადაწყვეტილებები წინასწარ დადგენილი წესით, შესაბამისი კვორუმის დაცვით მიიღებოდა — სხვადასხვა კურსის 42 სტუდენტი მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში თავად წყვეტდა ყველა წამოჭრილ საკითხს.
საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, ოქმები და გადაწყვეტილებები ჩვენი მიმართვითა და თხოვნით ქვეყნდებოდა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ბრალდებები ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არარელევანტურია, რადგან ფაკულტეტის ადმინისტრაციის ვალდებულებაა სტუდენტების მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯაროობა და ლეგიტიმური პროცესისადმი ხელშეწყობა.
იურიდიული ფაკულტეტის ერთსულოვნება როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის, გამომდინარეობს არა პროცესის ვინმეს მიერ მართულობიდან, არამედ იქიდან, რომ იურიდიული ფაკულტეტი და მისი პროფესურა, რომელიც გამორჩეული იურისტებითაა დაკომპლექტებული, ერთსულოვანია სამართლებრივი ნორმების იმგვარად განმარტებასთან დაკავშირებით, რომელიც 10 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია საორგანიზაციო კომიტეტისადმი, რომელიც მის მიმართ აკადემიური პერსონალის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას ეფუძნება, გამოხატავს არაპიროვნულ მიკერძოებას, არამედ წმინდად სამართლებრივ მიდგომას, რომელიც არ ტოვებს იმის არეალს, რომ 10 ოქტომბრის არჩევნები იურიდიული თვალსაზრისით პრობლემურად ჩაითვალოს“, — გვითხრა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ნინო დოლუაშვილმა.
სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შეჩერების შესახებ მიკერძოებულს უწოდებს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ელენე წოწონავა. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ასევე მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმე გონივრულ ვადაში განიხილოს, რათა არჩევნები დროულად ჩატარდეს. ალექსანდრე გაბაშვილი სპეციალური კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას და მისი მოადგილეების უფლებამოსილების გადაჭარბების საკითხს შეისწავლის.
„ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ეს არის ვიღაცის ნაკარნახევი და მიკერძოებული გადაწყვეტილება. ყველამ კარგად ვიცით — ვისთანაც გვაქვს საქმე, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ვსაუბრობთ. ამ ადამიანებს არ გაუჭირდებათ თავისიანების გამოძებნა სასამართლო სისტემაში. მოვუწოდებთ საუნივერსიტეტო საზოგადოებას — ჩაერთოს ამ პროცესში, ამჯერად ჩუმად ყოფნა და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ (მიუხედავად ინტერპრეტაციებისა) მოცემული სასამართლოს მცდარი გადაწყვეტილების შესახებ — ეს არის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც დროებით აჩერებს ამ არჩევნებს. ეს არ ნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის არალეგიტიმური ან არჩევნები გამოცხადებულია არაკანონიერად. კანონიერების ფარგლებში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს ვადებში ჩაატარებს არჩევნებს და კვლავინდებურად გააგრძელებს ამიერკავკასიის ნომერ პირველ უნივერსიტეტში სტუდენტური და ახალგაზრდული დღის წესრიგის შექმნასა და სტუდენტების ინტერესების გატარებას“, — განაცხადა მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის იურიდიული ფაკულტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე წოწონავამ.
* * *
თბილისის საქალაქო სასამართლოში თსუ-ის VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის მეორედ 6 თვით ვადით საქმიანობის გახანგრძლივების ლეგიტიმაციის საქმის განხილვის მიმდინარეობისას, თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოსა და საფაკულტეტო საბჭოებში წარმოდგენილი VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ. რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას 10 ოქტომბერს გამართულ ალეტერნატიულ არჩევნებში არჩეული დელეგატები ასრულებენ.