თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გუნდმა, რომელიც მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, მუშაობა დაასრულა. პოზიციები დატოვეს პრეზიდენტმა — შოთა კეჟერაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა — არჩილ ჯავახიშვილმა და ლუკა ონიანმა. 16 თებერვალს გამართულ სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებად თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე გაბაშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი საბა ლოლაძე აირჩიეს.
„სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გასული წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ვერ ჩატარდა. წესდების მიხედვით, ამ ეტაპზე, თვითმმართველობას პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ, დანარჩენი დელეგატები კი ჩვეულებრივად განაგრძობენ მუშაობას. არჩევნები საუნივერსიტეტო სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის შემდეგ დაინიშნება. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ ჩემს თანამოაზრესა და მეგობარს, რომლებიც გვერდში მედგნენ ამ წლების განმავლობაში და ზრუნავდნენ უნივერსიტეტსა და სტუდენტებზე, სთავაზობდნენ მათ მრავალფეროვან და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას.
ბევრი ემოციაა, სათქმელიც ბევრია, მაგრამ, უბრალოდ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ქვეყნის პირველ უნივერსიტეტს, ყველაზე დიდ ორგანიზაციას ქმნიდა და ღირსეულად უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას. განსაკუთრებული მადლობა თქვენ ორწლიანი მუხლჩაუხრელი შრომისთვის და თავდადებისთვის“, — განაცხადა შოთა კეჟერაშვილმა.
„სტუდენტურ თვითმმართველობაში ყოფნის პერიოდში განვახორციელეთ უამრავი პროექტი, მონაწილეობა მივიღეთ ძალიან ბევრ სამუშაო შეხვედრაში, დისკუსიაში, საუნივერსიტეტო პრობლემების განხილვაში და არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც ამ ორგანიზაციის თითოეული წევრი არ ვცდილობდით, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეგვეცვალა უნივერსიტეტში“, — აღნიშნა არჩილ ჯავახიშვილმა.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე გაბაშვილი მთავარ პრიორიტეტად განათლების მიმართულებას ასახელებს. მას სტუდენტურ თვითმმართველობაში მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს.
„დიდი შემართებითა და მოტივაციით ვიწყებ უფრო საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ჰქვია. სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის იდგა და იდგება სტუდენტების გვერდით. იქნება იქ, სადაც უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტელებს დასჭირდება. პირადად ვიქნები თითოეული სტუდენტის უფლებების დამცველი და მათი ინტერესების გამტარებელი.
პანდემია ჩვენთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა. თუ აღდება სააუდიტორო სწავლება, სტუდენტური თვითმმართველობაც აქტიურად დაუბრუნდება თავის საქმიანობას, მანამდე კი ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ-პლატფორმების რესურსები და ბევრი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი შევთავაზოთ სტუდენტებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ“, — განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე გაბაშვილმა.
მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობამ ორი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ორიენტირებული იყო საგანმანათლებლო და სტუდენტების უფლებათა დაცვის მიმართულებებზე. პანდემიის დაწყების შემდეგ ონლაინ სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად თანამშრომლობდნენ სტუდენტებთან, პროფესურასთან და ადმინისტრაციასთან.
მოამზადა ნატო ობოლაძემ