თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებს სასწავლო მასალების ასლების გადაღებას უფასოდ სთავაზობს. ახალი ინიციატივის განხორციელება დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლისთანავე დაიწყო. სტუდენტურმა თვითმმართველობამ ონლაინ ლექციების ჩასაწერად დახმარება აკადემიურ პერსონალსაც შესთავაზა.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჩვენი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა, ახლა სტუდენტები სოციალური ქსელის საშუალებით გვიკავშირდებიან და შესაბამის დახმარებას ვუწევთ. რამდენიმე პროფესორს უკვე დავეხმარეთ, რომ ახალ სასწავლო ფორმატს უკეთ მორგებოდნენ. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია მაქსიმალური კომუნიკაცია ფაკულტეტებთან და სტუდენტებთან იმისათვის, რომ აკადემიურმა პერსონალმა ონლაინ რეჟიმში თავისი საქმიანობა ეფექტიანად წარმართოს. სტუდენტებთან მუდმივ კავშირში ვართ, პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტს ვუკავშირდებით.
აქტიურად ვმონაწილეობთ ფაკულტეტების საბჭოების სამუშაო პროცესში. განვიხილეთ შეფასების ახალი კრიტერიუმები, რიგ ფაკულტეტებზე ფინალური გამოცდის შეფასების ქულამ აიწია და 40-ის ნაცვლად 50, 60 ან 70 შეადგინა. შესაბამისად, დაიკლო დასწრებისა და აქტივობის ქულებმა.
გვქონდა შემთხვევები, როდესაც სტუდენტები გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან. იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც უნივერსიტეტს აქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თსუ-ს ახლა იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სტუდენტები ტექნიკით უზრუნველყოს,“ — აცხადებს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შოთა კეჟერაშვილი.
ესაუბრა ნატო ობოლაძე