სტატია მოამზადა ნატო ობოლაძემ
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ახალ პროექტს — „ზღაპრის ტრანსფორმაცია“ თითქმის მთელი საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოეხმაურნენ. პროექტი ორი კვირის წინ თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან და თბილისის 133-ე საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის, უკვე ორი ქართული და ორი უცხოური ზღაპრის არაერთი თანამედროვე ინტერპრეტაცია არსებობს, ავტორები კი I, II, III და IV კლასის მოსწავლეები არიან. ინტერპრეტაციები წერილობითი, ჩანახატების, კომიქსებისა თუ ვიდეოების სახით თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფაცებოოკ-გვერდზე პერმანენტულად იტვირთება.
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სამიზნე აუდიტორია უმეტესად უფროსი კლასის მოსწავლეები არიან. თუმცა, ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოვიწვიეთ, რადგან მათ პანდემიის გამო, ფიზიკური იზოლაციის პირობებში, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის ნაკლები საშუალება აქვთ. ბავშვებს ოთხი ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციის გამოგონება შევთავაზეთ, ესენია: „სამი გოჭი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“. მათ უნდა მოეთხროთ, როგორები იქნებოდნენ ამ ზღაპრის გმირები XXI საუკუნეში. თავდაპირველად თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგთან თეონა მამუჩიშვილთან, თბილისის 133-ე საჯარო სკოლის პედაგოგთან ხათუნა ლოლომაძესთან და ფოთის 1-ელ და მე-12 საჯარო სკოლებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ამ დროისთვის უკვე ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე გამოგვეხმაურა და ძალიან საინტერესო მასალები მივიღეთ. მაგალითად, გვაქვს ვიდეოები, სადაც ბავშვები თავად თამაშობენ ზღაპრის გმირების როლებს ან გვიყვებიან ზღაპრის ინტერპრეტირებულ ვერსიას; გვაქვს კომიქსები, ჩანახატები; ზოგან სამი გოჭი სამი რობოტია, მგელი კი ჰაკერი და რობოტებისთვის კოდების წართმევას ცდილობს; წითელქუდა ექიმია და მგელს „COVID-19“-ისგან კურნავს; კომბლე გამომძიებლად მოგვევლინა, რომელიც დაკარგულ მეგობრებს ეძებს; ნაცარქექია ინტერნეტქექიაა და ა.შ. სიკეთე ბოლოს ყველგან იმარჯვებს, შესაბამისად, ზღაპრის მთავარი მორალი დაცულია. ჩვენს ფაცებოოკ-გვერდზე არ აგვიტვირთავს ის ვიდეოები, სადაც უფროსებიც ჩანან, რადგან მთავარი მოთხოვნა გახლდათ, რომ ასახული ყოფილიყო ბავშვების დამოუკიდებელი აქტივობები.
საბავშვი უნივერსიტეტის დირექციასთან, ქალბატონ მარინე ლომოურთან და დემეტრე მოდებაძესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 1 ივნისს საუკეთესო ათეულს გამოვავლენთ, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცემათ“, — განაცხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მიმართულების კოორდინატორმა ნინო პოპიაშვილმა.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მომდევნო ეტაპზე ახალ პროექტს — „შექმენი შენი იგავ-არაკი“ V-VIII კლასების მოსწავლეებისთვის დაიწყებს. კონკურსის დაწყების თარიღი მოსწავლეებს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის facebook- გვერდის საშუალებით ეცნობებათ.