გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
2020 რთული და ამავდროულად საინტერესო წელი იყო სავსე მოულოდნელობებით და გამოწვევებით. კორონავირუსის პანდემიამ სირთულეების წინაშე დააყენა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩვენ ეს გამოწვევები სტუდენტებთან, პროფესორებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მათი მხარდაჭერით დავძლიეთ. დიდი სირთულეების მიუხედავად, შევძელით განათლების და კვლევის ხარისხის შენარჩუნება, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სტუდენტური წარმატებების და სპორტული მიღწევების გაზიარება.
გამოწვევების მიუხედავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიურად გააგრძელა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელება და პროექტების ოდენობით, ჩვენ ჩემპიონები ვართ რეგიონში, დღეისათვის ერასმუს პლუსის მიმართულებით 90 პროექტია დამტკიცებული — ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაცვლით პროგრამებში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა იზრდება პანდემიის პირობებშიც. კონკურსები ჩატარდა და, დაახლოებით, 30-%-ით გაიზარდა მსურველთა რაოდენობა.
მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს საერთაშორისო რანჟირების მიმართულებით: თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის; ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც უკვე მეხუთე წელია, თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings) ხვდება; ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა. QS EECA University Rankings 2020 წლის რეგიონულ რანჟირებაში თსუ 86-ე ადგილს იკავებს. თსუ რეგიონში პირველია შემდეგი მაჩვენებლებითაც: Round University Ranking 2020 (N 612); Shanghai Academic Ranking of the World Universities (თსუ ფიზიკის მიმართულება 2020 წელს N151-200 პოზიციას იკავებს).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო საერთაშორისო ABET აკრედიტაცია საინჟინრო მიმართულებების პროგრამებზე — კომპიუტერული მეცნიერებები და ელექტრონული ინჟინერია. ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად დავიწყეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის განხორციელება, რომელიც ორმაგი ხარისხის დიპლომს და საუკეთესო განათლების მიღების საშუალებას იძლევა.
პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2021 წელს დასრულდება თსუ მეორე, ისტორიული კორპუსის რეაბილიტაცია. უზარმაზარი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა. მომავალ წელს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები სხვა სასწავლო კორპუსებშიც განხორციელდება, დაიწყება სტუდენტური ქალაქის მშენებლობა.
2020 წელი გამორჩეული იყო საუნივერსიტეტო სპორტული მიღწევებით. ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები, კალათბურთის გუნდი არის პირველ ადგილზე ეროვნულ სუპერლიგაში, რაც ასევე ძალიან საამაყო და კარგია. ონლაინ ფორმატში განხორციელდა ლიტერატურული პროექტები. 4000-მდე სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაში, რომელიც უნიკალური იყო თავისი ფორმატით და ტექნოლოგიებით.
ამ დიდი გამოწვევების მიუხედავად, შევძელით მნიშვნელოვანი შედეგების მიღება, სტუდენტური წარმატებების და სპორტული მიღწევების გაზიარება. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით.
2021 წელსაც ვხვდებით თქვენთან ერთად ახალი წარმატებების იმედით!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2021 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და, რაც მთავარია, საინტერესო ცხოვრებას!