მაია ტორაძემ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულებას მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. 2019 წელს ამ ისტორიას კიდევ ერთი ღირებული ფურცელი შეემატა – მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრას 50 წელი შეუსრულდა.
მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა 1969 წლის 16 დეკემბერს ორგანული ქიმიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. კათედრის დამაარსებელი და პირველი გამგე (1969-1978) იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ახმედ ნოღაიდელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ამ მიმართულების დაარსებასა და განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი (რესპუბლიკურ და საერთაშორისო ჟურნალებში), მიღებულია არაერთი საავტორო მოწმობა და პატენტი. ახმედ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით დამყარდა სამეცნიერო კავშირები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. იგი, ს. ზონისთან ერთად, არის ავტორი სახელმძღვანელოსი – „ორგანული ქიმიის კურსი“ და „სავარჯიშო კრებული ორგანულ ქიმიაში“. ახმედ ნოღაიდელმა აღზარდა მრავალი თაობა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას როგორც უნივერსიტეტში, ასევე, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში. სწორედ ამ დამსახურებების გამო, მაკრომოლეკულების ქიმიის 156-ე ლაბორატორიას, თსუ–ს მეორე კორპუსში, პროფესორ ახმედ ნოღაიდელის სახელი მიენიჭა.
1978 წლიდან მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი (1978-2000 წწ) ლოტარ ხანანაშვილი. იგი წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს, მათ შორის, სპეციალიზირებული სადოქტორო და საკანდიდატო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოების წევრი. მისი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შერწყმა განსაკუთრებით ეფექტური გახდა უნივერსიტეტში კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებისა და შექმნის დროს.
ლოტარ ხანანაშვილის ძალისხმევით 1980 წელს თსუ-ის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრასთან გაიხსნა ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების და კომპოზიციური მასალების დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც 2000 წელს პრობლემურ ლაბორატორიად გადაკეთდა და 2006 წლამდე ფუნქციონირებდა. მისი მთავარი მიზანი იყო ბაზის შექმნა მეცნიერების, ასპირანტებისა დ სტუდენტების ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი მუშაობისათვის. 1984 წელს პროფესორი ლოტარ ხანანაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამყარდა კავშირები მოსკოვის წამყვან უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებთან. მათ შორის იყო საავიაციო მასალების საკავშირო ინსტიტუტი, რომელთანაც სახელშეკრულებო თემები 1993 წლამდე მუშავდებოდა. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მეცნიერები მივლინებულ იქნენ გერმანიის (დრეზდენი, იენა, როსტოკი, ნიუნხრიცის), რუსეთის (მოსკოვის და ლენინგრადის) წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე სტაჟირებას გადიოდნენ იენის და დრეზდენის ახალგაზრდა მკვლევრები.
პროფესორმა ლოტარ ხანანაშვილმა 1975 წელს პირველად, აკადემიკოს კუზმა ანდრიანოვთან ერთად და 1980 წელს მეორედ (გადამუშავებული ვარიანტი) გამოსცა წიგნი ელემენტორგანული მონომერებისა და პოლიმერების ტექნოლოგიის დარგში. 2006 წელს გამოვიდა აღნიშნული წიგნის გადამუშვებული ვარიანტი ინგლისურ ენაზე: L.M. Khananashvili, O.V. Mukbaniani and G.E. Zaikov. The book, New Concepts in Polymer Science, „Elementorganic Monomers: Technology, Properties, Applications“. Printed in Netherlands, ///VSP///, Utrecht, 2006, pp. 1-496. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ათამდე სადოქტორო და 30-მდე საკანდიდატო დისერტაცია.
ლოტარ ხანანაშვილს სილიციუმორგანული ნაერთების პირდაპირი სინთეზის და ორგანოარაორგანული პოლიმერების სინთეზის მიმართულებით აქვს რამდენიმე ათეული საავტორო გამოგონება და 600-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. 1983 წელს ლოტარ ხანანაშვილი, ავტორთა კოლექტივთან ერთად (ო. მუკბანიანი, ლ. ნაკაიძე და ვ. ცხოვრებაშვილი) დაჯილდოებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიით: „საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის“. სწორედ ამ დამსახურებებისთვის მაკრომოლეკულების ქიმიის 121-ე ლაბორატორიას მერვე კორპუსში პროფესორ ლოტარ ხანანაშვილის სახელი მიენიჭა.
2001 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობს პროფესორი ომარ მუკბანიანი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მისი ერთ-ერთი სამეცნიერო მიმართულება ეხება ორგანო-არაორგანული პოლიმერების სინთეზს, კვლევას და გამოყენების სფეროების ძიებას. კათედრის თანამშრომლებთან ერთად, გამოცემულია რამდენიმე მონოგრაფია საზღვარგარეთის გამოცემებში. ასევე თანამშრომლებთან ერთად ქართულ ენაზე გამოცემულია სახელმძღვანელო მაკრომოლეკულების ქიმიაში, ორტომეული პოლიმერულ მასალებში, ლაბორატორიული პრაქტიკუმი პოლიმერულ მასალებში და დამხმარე სახელმძღვანელოები, როგორც აბიტურიენტთათვის, ისე ბაკალავრიატის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა და მაკრომოლეკულების ქიმიაში მომუშავე მეცნიერთათვის.
2009 წელს შეიქმნა მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომლის მიზანია ამ დარგებში მომუშავე სამეცნიერო პოტენციალის კოორდინირება, სტუდენტური გრანტებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის ხელშეწყობა. ინსტიტუტში ტარდება კვლევები როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გადაწყვეტილებით, კათედრის მეცნიერთა ჯგუფი – ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი და ელიზა მარქარაშვილი დასახელდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფად და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, 2007 წლიდან ჩაეყარა საფუძველი კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმს პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში. აღნიშნული სიმპოზიუმი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.
2019 წლის 17-20 ივლისს ბათუმში ჩატარდა კავკასიის მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში, რომელიც მიეძღვნა მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის დამაარსებლის, პროფესორ ახმედ ნოღაიდელის ხსოვნას და კათედრის 50 წლის იუბილეს. სიმპოზიუმში მონაწილე და გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოებული იქნენ ახმედ ნოღაიდელის და ლოტარ ხანანაშვილის სახელობის სიგელებით და პრემიებით. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანმა მეცნიერებმა, კერძოდ, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
* * *
კათედრა დღესაც აქტიურდ მუშაობს სხვადასხვა კვლევით პროექტზე და, ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდის მიზნით, ხელს უწყობს მათ სამეცნიერო საქმიანობაში. კვლევით საქმიანობაში წარმატებით და აქტიურად არიან ჩართულნი მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები, კერძოდ ლევან სხირტლაძე იმყოფება ლიტვაში, სადაც ის ერთობლივ სადოქტორო დისერტაციას აკეთებს პროფესორ იუზას ვიდას გრაზავილიჩიუსთან. ასევე გერმანიაში წარმატებით მოიპოვეს ქიმიის დოქტორის ხარისხი ალექსანდრე დონდუამ და მიხეილ დოროშენკომ და ისინი კვლავ აგრძელებენ მოღვაწეობას გერმანიიის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში.
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ხელმეორედ გამოიცა ორტომეული სახელმძღვანელო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მაკრომოლეკულების ქიმიაში (ავტორები ო. მუკბანიანი და თ. თათრიშვილი).
2021 წელს კათედრის და არაორგანული და ელექტროქიმიის ერთობლივმა დოქტორანტმა ნათელა ძებისაშვილმა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამსემესტრიანი გრანტი.
2021 წელს მაკრომოლეკულების ქიმიის და უჯრედული ბიოლოგიის კათედრის ერთობლივი დოქტორანტის ქეთევან ჩუბინიძის მიერ (ხელმძღვანელები დ. ძიძიგური და ო. მუკბანიანი) წარმატებით იქნა დაცული დისერტაცია ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
მიუხედავად პანდემიისა და უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა მუშაობა მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრაზე.უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში მუშაობს ორი ლაბორატორია პოლიმერული მასალების კვლევის მიმართულებით, სადაც გრძელდება სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები. 2020 წლის მარტიდან მიმდინარეობს კვლევები სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „ახალი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიტები მცენარეული ნედლეულისა და ტრიეთოქსისილილირებული პოლისტიროლის ბაზაზე“ – განხორცილებისთვის. ამ გრანტის შესრულებაში მონაწილეობს და ერთ-ერთი ძირითადი შემსრულებელია მაკრომოლეკულების ქიმიის და უჯრედული ბიოლოგიის კათედრის დოქტორანტი ლევან ლონდარიძე.
კათედრის სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს და აგრძელებს ტრადიციებს ასევე ახალგაზრდა თაობა: დოქტორანტი შოთა ჩიხლაძე და უფროსი ლაბორანტი ნიკოლოზ კვინიკაძე, მაგისტრატურის სტუდენტები: თამარ აბუაშვილი, სოფო ცქიტიშვილი, ლიზა კაკალაშვილი და ანა ზედგინიძე. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტურ კონფერენციებში, რომელიც ტარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმზე პოლიმერებსა და პოლიმერულ მასალებში, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 27-30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წელს ნიკოლოზ კვინიკაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის ქიმიური საზოგადოების და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე. აგრეთვე მონაწილეობდა 2021 წლის 1-8 ივლისს გამართულ მეცხრე სტუდენტურ კონფერენციაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
ლიტვის უნივერსიტეტში ამჟამად ერთობლივი სადოქტორო პროგრამით იმყოფება და აქტიურად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე კათედრის ორი დოქტორანტი: ლევან სხირტლაძე და გიორგი ფარულავა. კათედრის სტუდენტებმა ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ერთად (ხელმძ. პროფ. დიანა ძიძიგური) მოიპოვეს და შეასრულეს ორი სტუდენტური გრანტი – ბიოდეგრადირებად პოლიმერულ მატრიცაზე იმობილიზირებულ მატრიცაზე სამკურნალო ნივთიერებების დატანა და გამოცდა ცოცხალ ორგანიზმებში, ვირთაგვებზე. კათედრის მაგისტრანტების – ნიკოლოზ კვინიკაძისა და სოფო ცქიტიშვილის განაცხადი გაგზავნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა საგრანტო კონკურსში.
მომავალში სამეცნიერო კვლევების სპექტრი კვლავ გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ახმედ ნოღაიდელის და ლოტარ ხანანაშვილის მიერ დაწყებული საქმე 50 წლის შემდეგაც ცოცხლობს და მეცნიერების რთულ ლაბირინთებში მიიკვლევს გზას.