ნატო ობოლაძე
ხარისხიანი სწავლა, სამეცნიერო კვლევა, საერთაშორისო კავშირების გაფართოება, დარგის პოპულარიზაცია — თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ახალი დირექტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი ინსტიტუტის განვითარების ძირითად ვექტორებს ასახელებს. საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების განსამტკიცებლად პროფესორი ევროპასა და ამერიკაში 8 წლიანი მოღვაწეობისას დამყარებული კონტაქტების ამოქმედებას გეგმავს.
„კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორად არჩევა ჩემთვის არის წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით როცა ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ იყვნენ ამ ინსტიტუტის, ადრე კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დამაარსებლები, ხელმძღვანელები და დირექტორები. გვიანი შუასაუკუნელი ავტორები იტყოდნენ — „ჩვენ ჯუჯები ვართ გიგანტების მხრებზეო“, ჰოდა მეც დაახლოებით ასე ვგრძობ თავს. ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოსტზე ყოფნისას, ცხადია, იქნება ის, რომ არ შევცალო ის განუმეორებელი და მიმზიდველი სამეცნიერო და ადამიანური ატმოსფერო, რაც ამ ინსტიტუტს უკვე ათწლეულებია მოჰყვება და რამაც თვითონ მე გადამაწყვეტინა ჩამებარებინა კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. გამოთქმა κτῆμα εἰς ἀεί — ანუ, „განძი მარადისობისკენ", თუ რომელიმე აკადემიური ინსტიტუციის ინტერესის საგნებს შეეფერება საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს ინსტიტუტია. ვეცდები, ისევე, როგორც აქამდე იყო, გავაგრძელო ინსტიტუტის თანამშრომლების და კოლეგების მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა პერიოდული შეხვედრებით და ერთმანეთისათვის საკუთარი კვლევის არსებული მდგომარეობისა და შედეგების გაცნობით.
ამავე დროს, შევეცდები ევროპაში და ამერიკაში ჩემი 8-წლიანი სწავლისა და კვლევის პერიოდში დამყარებული კონტაქტებისა და სამეცნიერო ურთიერთობების ამოქმედებას, უცხოურ შესაფერის აკადემიურ ინსტიტუციებთან კავშირების დამყარებას, რაც ითვალისწინებს საერთო კვლევით პროექტებს, გაცვლით სალექციო კურსებს და გამოცდილებების გაზიარებას. ვეცდები პოპულარიზაცია გავუწიო ჩვენს ინსტიტუტს და მისი კვლევის სფეროს როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში და მოვიზიდო სტუდენტები, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს კაცობრიობის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი და მაფორმირებელი ფენომენები — კლასიკური ელინური და რომაული, შემდეგ, ბიზანტიური ქრისტიანული იმპერიის კულტურა და, ასევე, კლასიკური ბერძნული და ბიზანტიური კულტურების ენობრივი და არა მარტო ენობრივი მემკვიდრის — თანამედროვე საბერძნეთის კულტურა. ჩემთვის, პირადად, მარტო იმის ფიქრი იყო უკვე მოტივაციის მომცემი — ჩამებარებინა კლასიკურ ფილოლოგიაზე, რომ ჰომეროსს წაგვაკითხებდნენ ორიგინალში. დარწმუნებული ვარ, სათანადო საუბრებისა და სამოტივაციო შეხვედრების შედეგად ჩვენს ინსტიტუტში სწავლის ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება. როგორც ფრიდრიხ ნიცშე (თვითონაც კლასიკოსი ფილოლოგი) წერს „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“: „მე მიყვარს ის, ვინც ოქროს სიტყვებს წინასწარ აპნევს და შემდეგ იმაზე მეტს აკეთებს, რისი პირობაც დადო“, ვეცდები მეტი თუ არა, ის მაინც გავაკეთო, რაც უკვე ზემოთ დავაპნიე“, — აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.
ლევან გიგინეიშვილი თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორად ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოსა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით აირჩიეს. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კი კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია იქნება.
ირინე დარჩია 2022 წელს განსახორციელებელი გეგმების შესახებ საუბრობს და რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციას აანონსებს.
„მას შემდეგ, რაც ბატონი რისმაგი ემერიტუსი გახდა, კლასიკური ფილოლოგიის საბაკალავრო და ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელობა მე ვიტვირთე იმ გამოცდილების გამო, რაც ბოლო წლებში კურიკულუმის განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დამიგროვდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოთხი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებსაც გავუწიე კოორდინირება. ამდენად, ინსტიტუტში ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობა აქამდეც მიწევდა, თუმცა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეობა დამატებითი პასუხისმგებლობაა ძალიან დიდ პატივთან ერთად.
ლევან გიგინეიშვილთან ერთად მაქსიმალურად შევეცდები, რომ გაგრძელდეს ის კურსი, რაც არჩეული ჰქონდა ბატონ რისმაგს და რაც მართლაც დიდი წარმატებით გააგრძელა ქალბატონმა თინა დოლიძემ. ეს გახლავთ ხარისხიანი სწავლება, კვლევა და ინტენსიური საერთაშორისო თანამშრომლობა, ბერძნულ-რომაული სამყაროს პოპულარიზაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი ინსტიტუტის სახელით ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თინას ინსტიტუტის ღირსეულად გაძღოლისთვის, რაც ჩემთვის და ლევანისთვის სამაგალითო იქნება.
მხოლოდ რამდენიმე, უკვე კონკრეტულ გეგმას გაგიზიარებთ. 2022 წელს ჰუმანიტარული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების დიდ უმრავლესობას აკრედიტაციის ვადა გასდის. ჩვენი ინსტიტუტის პროგრამებსაც ვამზადებთ რეაკრედიტაციისთვის და იმ შემთხვევაში, თუ შევძელით შესაბამისი დაფინანსების მოძიება, ვეცდებით მოვიპოვოთ ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოს აკრედიტაციაც.
გვექნება სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის. წელს პირველად ჩვენი ტრადიციული სტუდენტური კონფერენცია — „ანტიკურობის თანამედროვეობა“ — საერთაშორისო ფორმატს შეიძენს და ივნისში ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ბევრი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან.
2023 წლის სექტემბერში კი ვგეგმავთ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას: „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია ჩატარდება იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და იქნება გაგრძელება იენა-თბილისის ტრადიციული ერთობლივი კონფერენციებისა.
დაბოლოს, ვფიქრობ, ბატონი რისმაგის ერთ-ერთი დიდი დამსახურება ის არის, რომ მან შეძლო და შექმნა ძლიერი სკოლა და ინსტიტუტის მართვის ეფექტიანი სისტემა. მის მიერ დაწყებული საქმე გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, უკვე მისი მოსწავლეების მიერ“, — ამბობს ირინე დარჩია.
თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს 2017-2021 წლებში პროფესორი თინა დოლიძე ხელმძღვანელობდა.