თამარ დადიანი
სამაგალითო ხელმძღვანელი და პედაგოგი გამოაკლდა სულ ცოტა ხნის წინ (2 მარტი, 2022) საუნივერსიტეტო საზოგადოებას — ბეგო ბეჟუაშვილი, დედამიწაზე სიკეთის და სიყვარულის განსახიერება, საოცარი მასწავლებელი და გზის გამკვალავი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, უბრალოდ პატიოსნების, ღირსების, თავმდაბლობის განსახიერება — ასე ახასიათებენ მას კოლეგები და მოწაფეები.
ბეგო ბეჟუაშვილი დაიბადა 1940 წლის 18 ნოემბერს ქ. სამტრედიაში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა წარჩინებით და 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის წამყვან სპეციალისტად. 1985-93 წლებში ის ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა, ხოლო 1993 წელს დეკანის თანამდებობაზე ინიშნება.
ბეგო ბეჟუაშვილმა თსუ-ში კულტურისა და ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია ჩამოაყალიბა, ფილოლოგიური ფაკულტეტის ტექნიკური ბაზა თანამედროვე ციფრული კომპიუტერული კინო-ტელე სამონტაჟო ტექნიკით შეავსო და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობები უცხოური წარმოების საქსოვ-საკერავი მანქანებით აღჭურვა. მისი უდიდესი ძალისხმევით, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი საუნივერსიტეტო განათლების ნიშნით გამორჩეულ ხელოვნების კერად გადაიქცა.
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, ბეგო ბეჟუაშვილი რამდენიმე წიგნის: „მსოფლიო ლიტერატურა, რჩეული მოთხრობები, 12 ტომეული“ და „დიმიტრი ყიფიანი, თხზულებანი 10 ტომად“ შემდგენელი და მთავარი რედაქტორია.
ბეგო ბეჟუაშვილი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამფუძნებელი (წევრი) ზვიად გამსახურდიას, მერამ კოსტავასა და ვიქტორ რცხილაძესთან ერთად. ბეგო ბეჟუაშვილი 1998 წლის 18 აგვისტოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
აი, ასე იხსენებენ მის ცხოვრებას და მოღვაწეობას თსუ-ის პროფესორები, კოლეგები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების სასწავლო პროგრამის ხელძღვანელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.
ინესა მერაბიშვილი, თსუ-ის პროფესორი:
ბეგო ბეჟუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დიდი კოლორიტი იყო. მე მასთან ორმოცწლიანი კოლეგიალური ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებდა. როდესაც ბეგო გავიცანი, ის თსუ ხელოვნებისა და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო, შემდეგ — დეკანი. ის გახლდათ გამორჩეული ერუდიციისა და გულისხმიერი ბუნების პიროვნება, რომელმაც ამ ფაკულტეტის გარშემო შემოიკრიბა საქართველოს თითქმის ყველა დიდი შემოქმედი.
როდესაც ხელოვნების ფაკულტეტზე (1990 წელს) თარგმანის განყოფილება დავაარსე, მასთან შეთანხმებით უნივერსიტეტის საუკეთესო პედაგოგები მოვიწვიე. ბეგოს ძალისხმევითა და კონტაქტებით, ამ გუნდს შეემატნენ: მერაბ მამარდაშვილი და აკაკი გაწერელია. ვის არ შეხვდებოდით ამ ფაკულტეტზე: ცნობილ ლიტერატორებს, დრამატურგებს, რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკისმცოდნეებს, მელომანებს, თავად მომღერლებსა და მსახიობებს... ბეგო ანდამატივით იზიდავდა ყველას და მათაც თავისი ღირებული წვლილი შეჰქონდათ ამ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მუშაობაში. დავასახელებ კიდევ რამდენიმე მათგანს: ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ტატა თვალჭრელიძე, ბუბა ხოტივარი, გოგი ნიჟარაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ვახტანგ როდონაია, გულავრი ჭარელიშვილი, გივი სიდამონიძე, კოტე ჯანდიერი, გოგი ხუციშვილი, მალხაზ კუხაშვილი, ლადო ასათიანი, რომელიც დღესაც ფერწერის მიმართულებას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში. ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი ამ გუნდის ძირძველი წევრია, რომელიც დღესაც აგრძელებს თსუ-ში კინოხელოვნების კათედრის ხელმძღვანელობას.
მახსოვს, ოპერა „ტოსკას“ პრემიერისა და ლადო ათანელის მიერ „სკარპიას“ უბადლო შესრულების შემდეგ რა სიხარული, აღფრთოვანება და ვნებათაღელვა სუფევდა ჩვენს ფაკულტეტზე. ბეგო უბედნიერესი იყო ქართველი მომღერლის ამ დიდი გამარჯვებით. დღეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ლადო ათანელი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, პირველად ბეგოსთან სტუმრად მოსული ვიხილე.
ერთხელ მე და ბეგო „ტრავიატას“ მეორე აქტში ქართული ციცინათელას მოტივის არსებობაზე შევკამათდით. ბეგოს ვთხოვე, შინ რომ მიხვალ, „ტრავიატას“ მოუსმინე და დარწმუნდებითქო. მან კი ბავშვური გულწრფელობით მიპასუხა: „ინესა, ღამე ისე ვერ დავიძინებ, თუ „ტრავიატას“ არ მოვუსმინეო“. მაშინ მივხვდი, უნივერსიტეტში, მის სამუშაო კაბინეტში, ბეგოს რატომ ჰქონდა მხოლოდ ერთი მუსიკოსის პორტრეტი კედელზე — ეს გახლდათ ვერდი.
მისი უშურველი რჩევები და ფართო მსოფლმხედველობითი ხედვა ყველასათვის ჰაერივით იყო საჭირო. ჰქონდა არაჩვეულებრივი ლიტერატურული გემოვნება და ალღო.
მახსოვს, როგორ დამიდგა გვერდში, როდესაც 1988 წელს საქართველოში, საკუთრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლორდ ბაირონის საზოგადოება დავაარსეთ. ეს თარიღი სამეცნიერო კონფერენციით, ბაირონის გამოცემებისა და მათში არსებული ილუსტრაციების ფართო გამოფენით აღვნიშნეთ. ისიც შესანიშნავად მახსოვს, როგორ გაიხარა ჩემი პირველი გამგზავრებითა და მოხსენებით ბაირონის საერთაშორისო კონფერენციაზე ლონდონში.
თსუ-ის ხელოვნების ფაკულტეტს უნივერსიტეტში ბეგოს ფაკულტეტად მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო რეფორმამ მთლიანად დაშალა ეს კერა, ხოლო ბეგოს ადგილი უნივერსიტეტში აღარ მოიძებნა. თქვენ თავად განსაჯეთ, რა დაკარგა ამით დედაუნივერსიტეტმა და რა ტკივილი შესძინა ამან თავად ბეგო ბეჟუაშვილს.
ამის შემდეგ მე და ბეგო, ძირითადად, სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლებოდით, რათა ერთმანეთისთვის მხარი დაგვეჭირა და საკუთარი აზრი გაგვეზიარებინა. გულწრფელად უხაროდა, რომ ბრძოლის ფასად არ დავთმე ჩემი საქმე და ჩემივე შექმნილი კათედრა უნივერსიტეტს გადავურჩინე.
ბეგო ბაგებში ცხოვრობდა და იქიდან, როგორც ვიცი, ყოველ დილით ფეხით მოდიოდა უნივერსიტეტში. დილიდან საღამომდე უნივერსიტეტში იყო და შინ გვიან ბრუნდებოდა თავისი უცვლელი ტყავის პორთველით ხელში, რომელიც ყოველთვის საინტერესო მასალით იყო სავსე: სხვისთვის გადასაცემი წიგნები თუ ახალი გამოცემები, რომელსაც თვითონაც ხარბად ეწაფებოდა. ქალაქის საუკეთესო ბუკინბისტებიც, რასაკვირველია, ბეგოს ირგვლივ ტრიალებდნენ.
ბეგო არაჩვეულებრივი მეოჯახე, მოსიყვარულე მეუღლე, შვილებზე მზრუნველი მამა და უსაყვარლესი ბაბუა იყო.
დიდი საქმის მკეთებელმა და ბუნებით მოფუსფუსე კაცმა მაინც უჩუმრად იღვაწა და იცხოვრა. სიმბოლურია, რომ ის ასევე უჩუმრად განერიდა წუთისოფელს და, დარწმუნებული ვარ, თან გაიყოლა ჯერ კიდევ დაუმშვიდებელი და ბოლომდე დაულაგებელი სამშობლოს დარდი.
მერაბ კოკოჩაშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, კინორეჟისორი:
ბეგო ბეჟუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოს მიმართულების დამაარსებელია. თავიდან ის მეორადი სასწავლო მიმართულება იყო, რომელიც შემდგომ ძირითად მიმართულებად გადაიქცა, სადაც კინოშემოქმედების ძირითადი სპეციალობები ისწავლებოდა: კინო-ტელე დრამატურგიის ძირითადი პრინციპები, რეჟისურისა და ოპერატორის ხელოვნების საფუძვლები; სრულ და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ, დოკუმენტურ, სატელევიზიო და სხვადასხვა ჟანრის ფილმზე მუშაობის სპეციფიკა; რეჟისურა, სასცენარო ხელოვნება, ოპერატორის ხელოვნება და სხვა. ამ მიმართულებაზე გაერთიანებულმა მეცნიერთა ჯგუფმა კინოს, ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია შექმნა, სადაც ჩვენი კინომცოდნეები მოღვაწეობდნენ. ლაბორატორიაში მათ მიერ მომზადდა ქართული და მსოფლიო კინოს ენციკლოპედია, რომლის პროექტზე მუშაობისას ბატონი ბეგო განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
ბატონი ბეგოს კაბინეტი სავსე იყო კინოფირებით, დისკებითა და ჩანაწერებით. იგი უდიდესი მოყვარული იყო ხელოვნების, საოპერო მუსიკის. ის ასევე შემდგენელ-რედაქტორი და ავტორია შესანიშნავი კრებულებისა, საინტერესო სამეცნიერო კვლევითი ნამუშევრებისა. ბეგო ბეჟუაშვილი სტუდენტების განვითარების მიზნით დაინტერესებული იყო ფაკულტეტზე გამოჩენილი მეცნიერების, მოღვაწეების მოწვევით.
მან თავისი მოღვაწეობით ღრმა კვალი დატოვა ვიზუალური ხელოვნების, სახელოვნებო სასწავლო პროცესის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერაქტიული კავშირის განვითარების საქმეში. ის გამორჩეული ადამიანი იყო არა მარტო საქმიანობით, პიროვნულადაც, რომელიც ღირსეულად, ჩუმად აკეთებდა დიდ საქმეებს და მთელი სულით და გულით იღწვოდა ახალგაზრდა თაობის ნათელი მომავლისა და ქართული კულტურის განვითარებისთვის.