თამარ დადიანი
როგორ იყენებენ პრორუსული გამოცემები ილია ჭავჭავაძის სახელსა და ავტორიტეტს ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად — ამ თემაზე შექმნა საკონკურსო ნაშრომი თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა რატი კობახიძემ, რომელიც მედიის განვითარების ფონდის პროექტის — „მითების დეტექტორის“ მე-10 გამოშვების გამარჯვებული და რჩეული გახდა.
„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა უკვე დიდი ხანია ჩემი ერთგვარი ჰობია. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ მის მოღვაწეობაზე და ნააზრევზე ერთგვარი მონოპოლიის მოპოვებას, მის მისაკუთრებას. ეს განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ამას შავრაზმული, პრორუსული დაჯგუფებები აკეთებენ. ილია ჭავჭავაძე ქართულ ეროვნულ ნარატივში იმ იდეის ერთ-ერთი უპირობო შემომტანია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის შვილია. აქედან გამომდინარე, მისი ანტიდასავლელად გამოყვანა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მსგავსი პროპაგანდა, ერთი მხრივ, ილიას სახელს ჩრდილს აყენებს, მისი შეხედულებების სწორად წარმოჩენას უშლის ხელს; მეორე მხრივ კი, მისი დიდი ავტორიტეტის გამოყენება ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დავინახე საჭიროება და ერთგვარი მოვალეობაც კი, რომ დამეწერა სწორედ ამ თემის შესახებ და დამეცვა ილიას სახელი ამ პროპაგანდისგან“, — აცხადებს რატი კობახიძე, რომელმაც გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ 68 ნომერზე დაკვირვებით საინტერესო ფაქტები წარმოაჩინა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტი ამ გაზეთის ფურცლებზე ყველაზე ხშირად ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისთვის გამოიყენება.
„გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ფურცლებზე ილია ჭავჭავაძე ყოველგვარი დასავლურის მტრად, რუსულის მოტრფიალედ და თანამედროვის მოძულედ არის გამოყვანილი. სწორედ ამიტომ დავისახე მიზნად შემესწავლა — თუ როგორ იყენებენ ილიას ავტორიტეტს ანტიდასავლური მედია საშუალებები თავიანთი პროპაგანდისთვის, ასევე მინდოდა გამებათილებინა მათი არგუმენტები ილიას ანტიდასავლურობასა თუ პრორუსულობასთან დაკავშირებით“, — აცხადებს რატი კობახიძე, რომელსაც უპირველეს მოვალეობად სწორედ ასეთი გამოცემების, ავტორების მხილება მიაჩნია: „მათი მხილება ჩვენი მოვალეობაა, ჭეშმარიტების, სამშობლოსა და ილიას წინაშე აღებული მოვალეობა.“
პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა რატის თანამედროვეობის მნიშვნელოვან გამოწვევად მიაჩნია. „განსაკუთრებით საშიშია, თუკი პროპაგანდისტები მოახერხებენ ხელში ჩაიგდონ ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ნარატივები წარსულის შესახებ. ისინი ამ მიზნისგან ჯერ კიდევ შორს არიან, თუმცა ეს ბრძოლა „წარსულისთვის“, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აწმყოზე, მუდმივია და მასში აუცილებელია გაიმარჯვოს არა პროპაგანდამ, არამედ ჭეშმარიტებამ. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ საქართველომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ გააკეთა არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ. ამ არჩევანს კი საბოლოო ფორმა და ეროვნული ნარატივის სახე ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა მისცეს. ამ საკითხის წინ წამოწევა კიდევ ერთ რამეს უსვამს ხაზს — თუ რამდენად საჭიროა აკადემიურად გამართული კვლევების შექმნა მშობლიური ქვეყნის ისტორიაზე“, — აცხადებს რატი, რომელიც კვლევის შედეგების საფუძველზე ასკვნის მედიასაშუალებების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ილია ჭავჭავაძის ნააზრევის მიმართ. გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს ფურცლებზე ყველაზე ხშირად ვრცელდება ნარატივები იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პრორუსი და ანტიდასავლელი. ამ ნარატივების შესაქმნელად ისინი კონტექსტიდან იღებენ გარკვეულ ციტატებს და ხშირად ქმნიან სრულიად აბსურდულ კავშირებს. უმეტესწილად, უბრალოდ საკმარისია ხოლმე, რომ ვნახოთ მათ მიერ მოყვანილი ციტატის გაგრძელება და ნათელი გახდება — ილია არც პრორუსი ყოფილა და არც ანტიდასავლელი. მას არასდროს დაუყენებია ეჭვვეშ ევროპა — როგორც კულტურული არჩევანი!“
თუ რატომ არის მომგებიანი დღეს ილია ჭავჭავაძის სახელისა და ავტორიტეტის გამოყენება ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისთვის და რა მიზეზებით აიხსნება მედიასაშუალებების ამგვარი დამოკიდებულება? — ამ თემაზე რატი გულწრფელად გვპასუხობს: „კოლექტიური მეხსიერებით მანიპულაცია პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართულ საზოგადოებაში ერთეულებს თუ იპოვით, ვინც იტყოდა, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი ვერაფერი კაცი იყო, მის შესახებ თითქმის ყველას აქვს გაგონილი და მხოლოდ დადებით კონტექსტში. შესაბამისად, თუკი შენს სათქმელს ილიას „პირით“ იტყვი, მის ციტატას მოიხმობ ან რაიმენაირად დაუკავშირებ მას, მაშინ შენი ნათქვამის სანდოობა და ავტორიტეტი ერთი ათად იზრდება. სწორედ ამ განსაკუთრებული ავტორიტეტის, ცნობადობისა და სანდოობის გამო ცდილობდნენ მისი სახელის ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისთვის გამოყენებას. ბუნებრივია, სინამდვილეში ეს სრულიადაა აცდენილი რეალობას და ცარიელი პროპაგანდაა“, — აცხადებს რატი, რომელიც თვლის რომ მითების დეტექტორის ლაბორატორია ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოში, რომლის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედია წიგნიერებისა და მედია პროდუქციის წარმოების გზით უპასუხოს. „ის საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს დავაკვირდეთ მედია სივრცეს საქართველოში, გამოვავლინოთ ე.წ Fake News-ები და შევიტანოთ ჩვენი წვლილი პროპაგანდასთან ბრძოლაში. ამ ყველაფერთან ერთად აღნიშნული პროექტი გვასწავლის ინფორმაციის ვიზუალიზაციის ხერხებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საკუთარი სათქმელის ფართო აუდიტორიამდე მიტანა გსურს“, — ამბობს რატი და მადლობას უხდის მითლაბის ორგანიზატორებს, რომლებმაც საშუალება მისცეს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ემუშავა.