გვესაუბრება თსუ-ის სტუდენტი გიორგი გაგუა
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაგუა, რომელიც, ამავე დროს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი და ევროპის ნევროლოგთა აკადემიის სტუდენტური წევრია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აზერბაიჯანის საზღვარზე სამუშაოდ წავიდა. მისი მოვალეობაა საზღვარზე გადმოსული ყველა პირის გასინჯვა და მათთვის შესაბამისი შემდგომი მოქმედების განსაზღვრა. გიორგი გაგუა თვლის, რომ ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს გვერდით უნდა დაუდგე და რითაც შეგიძლია, უნდა აღმოუჩინო დახმარება. გიორგი გაგუას ბევრ თანატოლთან აქვს მიმოწერა და თითოეულის შესახებ ფლობს ინფორმაციას — როგორ ართმევენ ახალგაზრდები თავს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ცხოვრების ახალ წესრიგს.
- რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ახალგაზრდები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, რა პრობლემები გამოეკვეთათ და როგორ ართმევენ თავს ამ პერიოდს?
- გამოწვევები არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ მთელ მსოფლიოს აქვს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მოცემულობაში და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც. მათ მოუწიათ დისტანციურ სწავლაზე გადასვლა, რამაც ზოგიერთ ახალგაზრდაში პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, შეიქმნა პეტიცია, სადაც ისინი მოითხოვენ, რომ მიმდინარე წელი აკადემიურ წლად გამოცხადდეს, ვინაიდან ზოგიერთი ეფექტურად ვერ ერთვება ამ საგანმანათლებლო პროცესში. ბევრი აღნიშნავს, რომ მათ ხარისხიანი განათლების მისაღებად სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. ჩემი გადმოსახედიდან, ვინც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტიდან ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ, ძველებურად წარიმართა ონლაინ კურსი ლექცია-სემინარების პრინციპით. დღეს ჩვეულებრივად დავწერეთ შუალედურიც, როგორც რეალურად ვწერდით და, საერთოდ, დიდ პრობლემად არ მიმაჩნია ეს ონლაინ სწავლება. გარდა ამისა, ზოგიერთმა სტუდენტმა, რომლებიც საკუთარი სამსახურიდან შემოსავლით იხდიდნენ სწავლის საფასურს და საცხოვრებლის თანხას, სამსახური დაკარგეს ან შეუჩერდათ შემოსავალი და ესეც დამატებითი გამოწვევაა ახალგაზრდებისთვის.
- რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანის საზღვართან მოხალისედ წახვედი. რა მოვალეობა გაკისრია?
- ჩვენ საზღვარზე ყველა შემოსულ ადამიანს რისკის გამოსავლენად ვიკვლევთ. ფეხით მოსიარულეებისთვის დადგენილი გრაფიკია და მხოლოდ დილის ცხრა საათიდან თორმეტ საათამდე შემოდიან (უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეს მიმოსვლაც შეწყდა). ყველა მაშინვე კარანტინში გადადის. ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს, მათ შორის, სატვირთო მანქანებიც. სატვირთო მანქანის ყველა მძღოლი ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას გადის. ვუზომავთ სიცხეს და თუ საეჭვო პაციენტია, ვაყოვნებთ. შემდეგ, თუ გამოვლინდება სიცხე ან სხვა სიმპტომი, რაც ახასიათებს ახალ კორონავირუსს, მაშინვე კარანტინის რეჟიმში ვათავსებთ ან ვაბრუნებთ უკან ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა (საქართველოს მოქალაქე ყველა მიდის კარანტინში, ვინც უცხოელია, ყველა ბრუნდება უკან). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს ნაკლები შემხებლობა აქვთ ადამიანებთან, ისინი უბრალოდ გაივლიან ჩვენს გზას და მიდიან სხვა ქვეყანაში, ნაკლებად სახიფათონი არიან, მაგრამ მაინც ხდება მათი შეფასება რისკის გასანეიტრალებლად. ძალიან რთულია, ასევე, უსიმპტომო პაციენტის გამოვლენა საზღვარზე. ამას სპეციალური მოწყობილობა სჭირდება. (დღესდღეობით, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი წარმოადგენს. ამ მეთოდის მგრძნობელობა ძალიან მაღალია, ხორციელდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. SARS-CoV-2-ზე პჯრ ტესტირება საქართველოში ხელმისაწვდომია. პჯრ მეთოდის გარდა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ასევე, შესაძლებელია იმუნოფერმენტული ანალიზის და/ან სწრაფი მარტივი მეთოდის გამოყენებით. ამ უკანასკნელი მეთოდების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM და IgG სისხლში ან SARS-CoV-2-ის ანტიგენი ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში.) ამ მეთოდისთვის გამოიყენება ზემოსასუნთქი გზებიდან (ნაზოფარინგეალური და ოროფარინგეალური), ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან (ამოღებული ნახველი, ენდოტრაქეული ლავაჟი) მიღებული მასალები.
ესაუბრა ნინო კაკულია