თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ირლანდიაში დუბლინის უნივერსიტეტის (UCD) პრეზიდენტსა და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც UCD-ს პრეზიდენტი ენდრიუ დიკსი, UCD-ს პროფესორები და საქართველოს ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ, გიორგი შარვაშიძემ თსუ-სა და დუბლინის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, არქეოლოგიაში საერთო საზაფხულო სკოლის ორგანიზებასა და მედიცინის მიმართულებით ერთობლივი სწავლების უზრუნველყოფაზე.
რექტორმა, ასევე, ისაუბრა თსუ-ში ახლად დაფუძნებული მოლეკულური, გენეტიკური და უჯრედული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის შესახებ და ირლანდიელ კოლეგებს ცენტრის ერთობლივ კვლევებში მონაწილეობა შესთავაზა.
ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მათი საქართველოში დაბრუნებისას არსებულ პერსპექტივებზე გააკეთა აქცენტი.
დუბლინში თსუ-ის რექტორის ვიზიტი ორი წლის წინ, დუბლინის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ენდრიუ დიკსის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ შედგა, რომლის დროსაც UCD-ს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან გამართა შეხვედრები.
თარიღი:
28/02/2020