ნინო კაკულია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ირმა რატიანმა, ვახტანგ ლიჩელმა, ქეთევან ხუციშვილმა, რევაზ შანიძემ და სხვებმა მთელი უნივერსიტეტის პროფესურის სახელით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე გვსურს ჩვენი, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა პოზიცია გაგაცნოთ:
ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს! სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება — როგორც სტუდენტების, ასევე, აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა: შევინარჩუნოთ სწავლების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის, პროფესორი, ჩვენი კოლეგა მეცნიერი.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.
მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!
აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული იქნა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკის და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშესაწყობად, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებდნენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რასაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
რას აცხადებენ სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები?
სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ავრცელებს განცხადებას 2022 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. მოძრაობის წევრები მედიას ბრალს დებენ მათი აზრით კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრების გავრცელების გამო, სადაც ახალგაზრდების ძალადობრივი ქმედებებია ასახული. „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ!“, — ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზატორები ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტად მიიჩნევენ გუშინდელი აქციის დროს პოლიციური დანაყოფის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შემოსვლას.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე პოლიციელი მას შემდეგ შემოვიდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, როდესაც რექტორის კაბინეტთან ვითარება დაიძაბა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებისას ჭყლეტვის შედეგად ერთ-ერთი სტუდენტი ცუდად გახდა, ვის დასახმარებლადაც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანაც კი გამოიძახეს.
მოძრაობის წევრები „პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის“ ბოდიშს იხდიან და აქციიდან თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რამაზ ხომერიკის მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზებს ხსნიან.
სტუდენტებმა, რომლებმაც 10 ივნისს რექტორის კაბინეტი დაიკავეს და აქამდე იქ არიან მობილიზებულნი, კვლავ ახმოვანებენ თავიანთ უცვლელ მოთხოვნებს. შემხვედრი ნაბიჯების მიუხედავად, მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წევრები სტუდენტების რექტორის კაბინეტში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით გულისწყრომას გამოხატავენ და მათი თქმით, ამ „კრიმინალური მოქმედებისთვის“ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ვითარების გამწვავებას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ახლად შეძენილი ფორმების გამო აქციის მონაწილეთა დაუსჯელობა ქვეყნის მასშტაბით ქმნის რადიკალური ქმედებებისადმი ლოიალობის გამოვლენის პრეცედენტს.