- თქვენ ბრძანეთ, რომ ახალი კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების გამო მოსალოდნელია „ეკონომიკური პანდემია“. რა არის თქვენი, როგორც ეკონომისტის, რეკომენდაციები?
- პირველ რიგში, რომ ვისაუბროთ ამ კრიზისზე, აუცილებელია გავერკვეთ მის არსში, რადგან ეს კრიზისი თვისებრივად განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი წინა ეკონომიკური კრიზისი. მაგალითად, ცნობილი ეკონომიკური გლობალური კრიზისი, რომელიც 2008-2009 წლებში იყო, ჩაისახა ეკონომიკაში, ანუ საფუძველი თავად ეკონომიკა იყო, ამიტომ ეკონომისტებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი გახლდათ კრიზისის გამომწვევი მიზეზები და, შესაბამისად, მათ იცოდნენ — როგორ უნდა ემოქმედათ მის წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ ახალ კრიზისს, ამის საფუძველი ეკონომიკაში არ ძევს, ამის საფუძველია მედიცინა და სანამ მედიცინა კონკრეტულ იარაღს არ შექმნის ამ ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად, ეკონომისტების საქმიანობა მანამდე შეზღუდული იქნება. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება მედიცინას სამკურნალო პრეპარატის ან საპროფილაქტიკო ვაქცინის შესაქმნელად. მედიკოსებისგან მსმენია, რომ არ იციან კორონავირუსი როგორ განვითარდება, აღმავალი იქნება თუ დაღმავალი მისი ტრენდი — ეს არავინ იცის, ამიტომ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკომომიკა, ამ ეტაპზე, მედიცინის მძევალია. სწორედ ამ მოვლენის შესაფასებლად პროფესორმა შრილანკიდან აჯით დე ალვისმა შექმნა ასეთი ტერმინი — „კორონომიკა“, რაც არის ორი ტერმინის — კორონას და ეკონომიკის გაერთიანება. „კორონომიკა“ იმით არის საინტერესო, რომ ის განსაზღვრავს — როგორი უნდა იყოს ეკონომიკა ამ პანდემიის პირობებში და პანდემიის შემდეგ. დღეს ეკონომისტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ინსტრუმენტებით შეიძლება უშველონ ეკონომიკას. ეს ინსტრუმენტები, როგორც გითხარით, არის 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს გამოყენებული ინსტრუმენტები. იქვე, საკმაოდ სახელოვან ეკონომისტთა მეორე ჯგუფი აკეთებს ასეთ დასკვნას, რომ ძველი მეთოდები პრაქტიკულად არაფერში არ გამოდგება ან დიდად ვერ გამოდგება, რადგან ეს კრიზისი პრინციპულად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, დღეს მნიშვნელობა აქვს, გავმიჯნოთ — ერთი მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ პანდემიის პირობებში (მსოფლიომ, ცალკეულმა ქვეყანამ და, მათ შორის, საქართველომ) და, მეორე მხრივ, რა უნდა გაკეთდეს პოსტკრიზისულ პერიოდში. როცა სახლი იწვის, პირველ რიგში, უნდა იფიქრო იმაზე — როგორ ჩააქრო ხანძარი და გადაარჩინო რაც შეიძლება სახლის დიდი ნაწილი. ეს სულ სხვა ქმედებაა, ხოლო როცა სახლის ნაწილს გადაარჩენ, მერე უნდა გაიაზრო — როგორ უნდა აღადგინო და გააკეთო უკეთესი სახლი. დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვართ ჩვენ, ეკონომისტები. ზემოთ ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეკონომისტებს ახალი იარაღი, ახალი ინსტრუმენტები ამ პრობლემის დასაძლევად არ აქვთ. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, დღეს რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მას ორივე ხელით მივესალმები და მხარს ვუჭერ, რადგან ეს არის სწორედ იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას. ამის საფუძველია ყოველდღიური თავდადებული ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება შევზღუდოთ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი. თუ ეს მაქსიმალურად შეიზღუდება, ეკონომიკასაც ნაკლები ზიანი მიადგება. რა უნდა გაკეთდეს შემდგომ? როგორი საგადასახადო შეღავათები უნდა იქნას მიღებული? სად არის საჭირო სუბსიდირება სხვადასხვა სფეროების ფეხზე დასაყენებლად? — ეს არის ცალკე პოსტკრიზისული პროგრამა.
გითხარით, რომ მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად ვაფასებ, მაგრამ, იმავე დროს, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები, რომელიც თავიდანვე მოლოდინის რეჟიმზე იყო გადასული. მან მხოლოდ ბოლო დღეებში გამოიჩინა აქტიურობა (როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“), მაგრამ ვთვლი, რომ ეს ერთობ დაგვიანებულია. მათ არ აქვთ სწორი ხედვა. ის რომ ხმა ამოიღეს, გამოჩდნენ ტელეეთერებში, კომენტარებს აკეთებენ და თქვეს, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვას დავიწყებთო — ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ დაგვიანებულია. ბევრად ნაკლები ზიანი მიადგებოდა ჩვენს სავალუტო ბაზარს და მთლიანად საქართველოს ეკონომიკას, ისინი რომ დროზე ამოქმედებულიყვნენ. არ ვიცი, რის გამოა ასე? იმის გამო, რომ არ ყოფნით პროფესიონალიზმი, თუ არ ყოფნით გამბედაობა, ან არც ერთი და არც მეორე — არ ვიცი. მათმა დაგვიანებამ ჩვენს სავალუტო ბაზარზე გამოიწვია არნახული მოვლენები. წარმოიდგინეთ ის ქვეყნები, სადაც ბევრად უფრო უარესი მდგომარეობაა კორონავირუსის ეპიდემიური სიტუაციის გამო, მათი ეროვნული ვალუტები ისე არ გაუფასურებულა, როგორც საქართველოსი, სადაც პანდემია არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც, თუნდაც, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაშ რა ხდება? იმ ქვეყნებში ხალხს შიში არ აქვს? იმათი ვალუტა ისე ძლიერ არ უფასურდება, ჩვენთან კი რა ხდება? შეიძლება ერთ დღეს ლარი უფასურდებოდეს 21 თეთრით, ხოლო ორი დღის მერე უცებ მყარდებოდეს 19 თეთრით?! ეს არ არის ლარის მერყეობა, ეს სერიოზული ნახტომებია, რომელიც აზიანებს როგორც სავალუტო ბაზარს, ისე აზიანებს მთელ ეკონომიკას. თანაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა მავანმა და მავანმა ხელიც კი მოითბო ხალხის გაჭირვებაზე, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოკვლევის საგანი უნდა გახდეს.
იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც არიან ჩვენი მედიკოსები, ბატონები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე და მთელი სამედიცინო საზოგადოება (თბილისში იქნება თუ რეგიონებში), რომლებიც ინფორმაციას პრაქტიკულად უწყვეტად აწვდიან მოსახლეობას, ასეთ რეჟიმში უნდა ჩამდგარიყო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც. მისასალმებელია მთავრობის მეთაურის და მთავრობის წევრების (მთავრობის ეკონომიკური გუნდის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრების და მათი მოადგილეების) საჯარო აქტიურობაც. გავიმეორებ, ასეთ რეჟიმში უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკიც, მაგრამ მან ხელები დაიბანა, ამჯობინა დუმილი და ამ დუმილით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ლარს. აუცილებელია, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ჰქონოდა კომუნიკაცია ბიზნესთან და საზოგადოებასთან.
უნდა ვიცოდეთ, დღეს ლარის გაუფასურება არის გარდაუვალი პროცესი. ლარი აუცილებლად უნდა გაუფასურდეს, სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ ცუდია, როდესაც ადგილი აქვს დიდ ნახტომებს. ეს დიდი ნახტომები ანგრევს ჩვენს სავალუტო ბაზარს და ქმნის დამატებით სირთულეებს. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის ქმედება ძალიან ემსგავსება საბოტაჟს. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში არის შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ მინისტრს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის მიმართ გატარებულ იქნას შესაბამისი ზომები. ეს არის დღეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლი. ამას არ სჭირდება არანაირი პროგრამა, საჭიროა სავალუტო ბაზარზე ცეცხლის ჩაქრობა და არა უაზროდ რეზერვების ხარჯვა, არამედ გონივრული ხარჯვა. ის, ვისაც ამის უნარი არ აქვს, ყველა ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას.
რაც შეეხება თავად ანტიკრიზისულ პროგრამას, ვფიქრობ, გამოყენებული უნდა იქნას ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება კრიზისების დროს, მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებთ დღეს. დღეს საჭიროა მინიმალური დანახარჯები, მინიმალური ზარალი ეკონომიკისთვის, ეპიდემიის დასრულება, ხოლო შემდეგ უკვე, ამ ზარალიდან გამომდინარე, უწინარეს ყოვლისა, იმ სექტორების სტიმულირება, რომელიც განავითარებენ ქვეყნის ეკონომიკას. დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ძირითადად, ჩამოკიდებულია ტურიზმზე, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს მოდელი არის მცდარი. აუცილებელია ქვეყანაში შემუშავდეს და განხორციელდეს ინდუსტრიული პოლიტიკა. აუცილებელია ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ აიღოს გეზი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესაქმნელად, მაგრამ ეს თემები უკვე პოსტკრიზისული თემებია. ეს თემები დღეს ვერ განხორციელდება, რადგან ჩვენ ვიმყოფებით „კორონომიკური“ კრიზისის პერიოდში.