ნატო ობოლაძე
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დავით გოცირიძე მკვლევართა ჯგუფთან ერთად ტრანსლატოლოგიური კორპუსის შექმნაზე მუშაობს. საკვლევი პარალელური კორპუსის წყვილებია: ფრანგულ-ქართული, გერმანულ-ქართული, ინგლისურ-ქართული და რუსულ-ქართული ტექსტები. არეალი XIX საუკუნის ევროპული მხატვრული პროზის ქართული თარგმანებით შემოიფარგლება, რადგან, როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს არის საქართველოს ევროპის კულტურულ არეალში დაბრუნების პერიოდი. ეს პერიოდი გამოირჩევა განსაკუთრებული პროდუქტიულობით თარგმანის სფეროში და ევროპული ენებიდან თარგმანების გამრავალფეროვნებით. მხატვრული ლიტერატურა (პროზა/დრამატურგია) ამ პერიოდში წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მამოძრავებელ სტიმულს და ასახავს დროის აქსიოლოგიურ პრიორიტეტებსა და ლინგვომენტალურ სამყაროს. აღნიშნული საკითხით დაინტერესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
- გლობალიზაციის პროცესებმა თანამედროვე სამყარო სრულიად შეცვალა, რამაც კითხვის ქვეშ დააყენა ფუნდამენტური საკითხები (ეთნოკულტურული იდენტობა, ღირებულებათა ტრადიციული სისტემებისა და ახალი რეალობის ურთიერთმიმართება, გლობალურ კულტურულ-საინფორმაციო სივრცეში ქვეყნების ურთიერთობის ფორმატი).
- გლობალურ კულტურულ–საინფორმაციო სივრცეში საქართველოს დამოუკიდებელი სტატუსით შესვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის კონტაქტური ველი და კულტურათშორისი კომუნიკაციის ახლებური მოდელი მოითხოვა.
- დღეს, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მისწრაფებას – ორგანულად ჩაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემაში და ნიადაგი შექმნას საკუთარი კულტურის ახლებური პრეზენტაციისთვის – მწვავედ დგება საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხი, რასაც მნიშვნელოვნად აფერხებს ენობრივი და კულტურული ბარიერების არსებობა. მთარგმნელობითი, ე. წ. „მანქანური პროგრამების“, ხარვეზები მათი ავტორების ცალმხრივ (ტექნიკურ ან მარტო ჰუმანიტარულ) კვალიფიკაციაზე მეტყველებს და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
„ტრანსლატოლოგიურ ქვეკორპუსს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება აქვს: ერთი მხრივ, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისთვის ის წარმოადგენს უნიკალურ მასალას, რომელსაც შეუძლია გლობალური სამყაროს ახალ აქტორთან (საქართველოსთან) დაკავშირებული სრულიად ახალი ფაქტობრივი მასალით გაამდიდროს შემეცნების არეალი და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ქვეყანასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ სუბიექტივიზმში, მეორე მხრივ, დაინტერესებული მხარეები შეძლებენ, თვალი გაადევნონ მათი კულტურული პროდუქტის ადაპტაციის პროცესს განსხვავებულ ლინგვოკულტურულ სივრცეში. ენისა და კულტურის მჭიდრო კავშირი საშუალებას იძლევა ენობრივ ფაქტებში ერის მენტალობის გამოვლინება დავინახოთ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ახლებური პრეზენტაციისთვის გლობალურ კულტურულ–საინფორმაციო სივრცეში“, — განმარტავს დავით გოცირიძე.
მკვლევრები ტრანსლატოლოგიური კორპუსის შექმნაზე პროექტ „ციფრულ ანთროპოლოგიის“ ფარგლებში მუშაობენ. პროექტის ორგანიზატორები არიან გრანადის უნივერსიტეტის პროფესორი რაფაელ გუსმან ტირადო, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი არკადი ბერკუტი და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ნ. ბოგდანოვა. ქართველი მკვლევრები კოლეგებთან: პროფესორ დარეჯან თვალთვაძესთან, თინათინ მარგალიტაძესთან და მარიამ თანდაშვილთანაც ითანამშრომლებენ. პროფესორი დავით გოცირიძე პროექტის აქტუალურობას აფასებს და ამბობს, რომ თანამედროვე მეცნიერების განვითარების ვექტორს „ანთროპოცენტრისტული პარადიგმა“ განსაზღვრავს, რომლის შედეგადაც ადამიანის ფაქტორი რელევანტური ხდება როგორც ჰუმანიტარული, ასევე არაჰუმანიტარული დარგებისთვის.
„ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სიმბიოზის წარმატებულ მცდელობად შეიძლება დავასახელოთ მათემატიკური ლინგვისტიკა, რომელმაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ თავისი პოტენციალი გარკვეულად ამოწურა. აღნიშნული პროექტის მიზანია მეცნიერების განვითარების განმსაზღვრელი ტენდენციების შესწავლა, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა იდეების დარგთაშორისი მიგრაციის გარდაუვალი და შეუქცევადი ხასიათი. „ყველა უდიდესი აღმოჩენა, რაც კი მეოცე საუკუნის მეცნიერებაში მოხდა, განხორციელდა მეცნიერებათა გადაკვეთაზე“ (ნორბერტ ვინერი). ამ თვალსაზრისით უაღრესად პერსპექტიულია ჰუმანიტარული და ტექნიკური დარგების სინთეზი, რომელიც სამყაროს შემეცნების განსხვავებული (გრძნობადი, ანუ ემპირიული და რაციონალური) ფორმების პოტენციალის გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა“, — აცხადებს პროფესორი დავით გოცირიძე.
ტრანსლატოლოგიური კორპუსის შექმნის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები რელევანტური იქნება ისეთი სამეცნიერო დისციპლინებისთვის, როგორებიცაა, თარგმანის სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეთნოლინგვისტიკა, უცხო ენების სწავლების მეთოდიკა, კულტურათშორისი კომუნიკაცია, კონფლიქტოლოგია, ენათმეცნიერება, კულტუროლოგია, ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, ინფორმატიკა და სხვ. ყოველ მათგანს საკუთარი მიმართება ექნება საკვლევ კორპუსთან, რომლიდანაც დაინტერესებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
„პროგრამის განხორციელების შედეგად შექმნილი პროდუქტი სრულიად ახალ ინფორმაციას მისცემს ინგლისელ, რუს, ფრანგ და გერმანელ მეცნიერებს მათი XIX საუკუნის მხატვრული პროზაული მემკვიდრეობის ქართულ ნიადაგზე იმპლემენტაციის იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლის მიხედვითაც შეირჩა ამა თუ იმ მწერლის ესა თუ ის ნაწარმოები. ტრანსლატოლოგიური კორპუსი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო საზოგადოებას იმ კავშირების შესახებ, რომლებიც ქართულ კულტურას ჰქონდა სხვა ევროპულ ქვეყნებთან, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა განაპირობებდა ამგვარ ინტერესს. თარგმანის სფეროს სპეციალისტებისთვის, ისევე, როგორც ეთნოლოგებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება კულტურის სპეციფიკური მოვლენების (პრეცედენტული სახელების, ადგილების, რეალიების, იდიომების) ასახვის მექანიზმები თარგმანებში.
აღნიშნული პარალელური კორპუსი საინტერესო საექსპერიმენტო მასალას მიაწვდის მთარგმნელობითი განყოფილების სტუდენტებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ — კომპლექსურად შეაფასონ თარგმანები, მიაქციონ ყურადღება კომუნიკაციური სტრატეგიების, ეთნოსპეციფიკური რეალიების, კომუნიკაციური ეთნოსტილების გადმოცემის მექანიზმებს, განახორციელონ საკუთარი თარგმანები და შეუდარონ კორპუსში ასახულ თარგმანის ტექსტებს.
პროგრამის დამუშავების პროცესში მიღებული ცოდნა დახვეწს მკვლევართა გუნდის წევრების კორპუსული კვლევის უნარებს და შესაძლებლობას მისცემს — გააგრძელონ მუშაობა შემდგომი პერიოდის პარალელურ ტექსტებზე, გაიაზრონ ეპოქის კონტექსტი და მისი გავლენა მთარგმნელობით სტრატეგიებზე. პროფესიული დაოსტატების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საკვლევი პერიოდის პოეტური ტექსტების კორპუსის შედგენა, რომელსაც მარკირების სპეციალური აპარატის შექმნა სჭირდება, ვინაიდან, განსხვავებით პროზაული ტექსტებისგან, პოეზია სპეციფიკური კოდირების სისტემას იყენებს, რომელიც ნაკლებად ემორჩილება ფორმალიზაციას“, — აღნიშნავს მკვლევარი.
პროფესორი დავით გოცირიძე წლების განმავლობაში მუშაობს პროექტთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, გამოქვეყნებული აქვს შრომები, რომლებსაც იცნობს ფართო სამეცნიერო საზოგადოება და რამაც გარკვეული ავტორიტეტი შეუქმნა კოლეგებს შორის, რაც დასტურდება მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო საზოგადოებების (FIPLV, ISAPL, MAPRYAL) საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არჩევით. მისი შრომები ეხება როგორც კორპუსულ ტრანსლატოლოგიას, თარგმანის ისტორიასა და თეორიას, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირებას გლობალიზირებულ სამყაროში, ასევე, პროექტთან დაკავშირებულ კერძო პრობლემებს, როგორიცაა — კულტურათა თავსებადობისა და კომუნიკაციური კონფლიქტის საკითხი, მთარგმნელისეული იდიოსტილი...
დავით გოცირიძესთან ერთად ტრანსლატოლოგიური კორპუსის შექმნაზე თარგმანმცოდნე ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე, მთარგმნელი დავით ბარბაქაძე, ახალგაზრდა მკვლევრები: თეა თათეშვილი, ანა კოპალიანი, თემურ გოგნაძე, პროფესორი მურთაზ მაღრაძე და პროფესორი გიორგი ხუხუნი მუშაობენ.