თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა, პირველი ადგილი მოიპოვა. შეჯიბრში სამი უმაღლესი სასწავლებლიდან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) 8 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდის წევრები თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ჭიკაძე, მარიამ კახიძე, ნინო დანელიშვილი და მერაბ დობორჯგინიძე არიან. სტუდენტების წარმატება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ შეაფასა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში პირველი სამართლის სკოლაა, რომელიც ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს და დღესაც უპირობო ლიდერია იურიდიული განათლების ბაზარზე ძლიერი აკადემიური გუნდით, საერთაშორისო ცნობადობითა და საუკეთესო სტუდენტებით. სწორედ მეორე აკადემიური კორპუსის კედლებში ყალიბდებიან იურისტები, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე წარმატებულნი არიან პროფესიაში და მუდმივად გვანებივრებენ საკუთარი წარმატებებით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამჯერად ჩვენი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში მოიპოვა გამარჯვება, რომელიც ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს ჩატარდა. საუკეთესო მომხსენებლის სტატუსიც სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრმა — ნინო დოლუაშვილმა მოიპოვა და მას, ასევე, ვულოცავ ამ წარმატებას. აღსანიშნავია გუნდის მწვრთნელის, ჩვენი მოწვეული ლექტორის ალექსანდრე იაშვილის წვლილიც. იურიდიული ფაკულტეტი მადლობას უხდის მას ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერისათვის“, — განაცხადა თამარ ზარანდიამ.
კონკურსში მონაწილე სტუდენტების შეფასებით, იმიტირებული სასამართლო პოცესების თემატიკა მათთვის საინტერესო, აქტუალურ და, ამავე დროს, პრობლემატურ საკითხებს ეხებოდა. შეჯიბრი საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმატში მიმდინარეობდა.
„პროცესის მიმდინარეობისას ძირითადი განხილვის საგანი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესი იყო. მოგვეთხოვებოდა არა მხოლოდ მოსამართლეთა განწესების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების, არამედ მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ზედმიწევნით ცოდნაც. ჩვენი გუნდის მენტორი ბატონი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შეჯიბრის თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა როგორც კარგი თეორიული ცოდნით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. შესაბამისად, თითოეული გუნდი საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მთლიანად იმიტირებულ პროცესს“, — აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მერაბ დობორჯგინიძემ.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს არსებული პროცედურის შეფასება როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიციიდან მოგვიწია. ამ მიზნით გავეცანით ეროვნულ სამართლებრივ ნორმებს, საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
დიდი მადლობა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისათვის, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, განსაკუთრებით იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ ზარანდიას და ჩემი გუნდის წევრებს, რომელთაც ამ პროექტში მონაწილეობისას ძალები არ დაიშურეს“, — აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ჭიკაძემ.
გამარჯვებულმა სტუდენტებმა პროფესიული განვითარების პროცესში იმიტირებული სასამართლო პროცესების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს. გუნდის ხელმძღვანელმა მერაბ დობორჯგინიძემ აღნიშნა, რომ „ამ სახის შეჯიბრი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს იძლევა“. კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებად შეაფასა მარიამ კახიძემაც.
„იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა გულისხმობს პრობლემურ საკითხებზე მუშაობას, არგუმენტირებული სამართლებრივი პოზიციის მომზადებას და სპეციალისტების წინაშე ამ პოზიციების საჯაროდ წარდგენას. შესაბამისად, იმიტირებული პროცესი მოიცავს პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი იურისტის კარიერული განვითარებისთვის. ცოდნის გაღრმავებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, პროცესმა წარმატებული ახალგაზრდების გაცნობის შესაძლებლობაც მოგვცა. ამ შეჯიბრში მონაწილეობა რეკომენდირებულია ყველა იმ სტუდენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა სამართლით.
მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო პროცესში მონაწილე მსაჯებზე, რადგან ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ასეთი მაღალკვალიფიციური და ობიექტური სპეციალისტების წინაშე წარდგენა“, — განაცხადა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ კახიძემ.
იმიტირებული სასამართლო პროცესების თითოეულ შეხვედრას ორი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია აფასებდა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის — „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLOG) — ხელშეწყობით განხორციელდა.
მოამზადა ნატო ობოლაძემ