თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2020 წლის იანვარიდან დღემდე გამოსცა 92 ტექსტი, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით მიეწოდა მკითხველს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, როცა განსაკუთრებით მოიმატა ელექტრონულ და ინტერნეტ გამოცემებზე მოთხოვნამ, თსუ-ის გამომცემლობა მთლიანად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და დღესაც აგრძელებს ელექტრონული ფორმატით გამოცემების მომზადებას. თუმცა, იმავდროულად, არის გამოცემებიც, რომელთა ბეჭდვა განახლდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისთანავე.
თსუ-ის გამომცემლობის დირექტორის მოადგილის ნათია დვალის განცხადებით, თსუ-ის გამომცემლობის მთავარი საქმიანობა თანამედროვე გამოცემებზე ორიენტირებაა.
„გრძელდება მუშაობა იმ პროექტზე, რომელთაც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან თარგმნის. ასეთი 15 სახის სახელმძღვანელო მუშავდება ამჟამად, მათ შორისაა ოქსფორდის გამოცემები: „კლინიკური ფარმაკოლოგია“, „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“, „ეკონომიკური განვითარება“, „საგარეო პოლიტიკა“, „ხარისხობრივი კვლევა“...
აღსანიშნავია ახალი ელექტრონული გამოცემები, მათ შორის, მარინა შამილიშვილისა და მარი წერეთლის ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელო „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი“, კახა ქეცბაიას „რელიგიის სოციოლოგია“, მ. გოჩიტაშვილის „გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა“, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სხვადასხვა ავტორთა მიერ მომზადებული „საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია“, სალომე დუნდუას „პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორია“, მზია შელიას „მოსახლეობის ეკონომიკა“ და სხვ. ამასთანავე, თსუ-ის განახლებულ ვებგვერდზე (https://tsu.ge/ka/publishing-house/list?search=&category=1082) იხილავთ სალექციო კურსების ელექტრონულ ბიბლიოთეკას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და არა მხოლოდ მათთვის და კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულ სხვა ელექტრონულ გამოცემებს.
გამომცემლობა აგრძელებს მუშაობს სტუდენტურ პროექტებზე. სულ ახლახან გამოიცა გიორგი გაბელიას მიერ თარგმნილი რობერტ სტამის „კინოს თეორია“, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტი“. გამომცემლობა მუშაობს პერიოდულ გამოცემებზე, სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებზე, ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს თსუ-ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისევ გაიზარდა მოთხოვნა კომერციულ ბეჭდვაზე. ავტორთა თვითდაფინანსების გზით გამოიცა კუკური წიქარიშვილის, ზაზა ლეჟავას, ლაშა ასანიძის „კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი“, ლევან საბაურის „ფინანსური აღრიცხვა 2“, მარინა ვეკუას „ადამიანი — გაკვეთილი, ილია ვეკუა“, ჯემალ ხარიტონაშვილის „ეკონომიკური აზრის ისტორია“, თამარ შარაბიძის „ბარათაშვილის 12 ბიოგრაფია“ და „ვაჟა ფშაველას მოზაიკური სინთეზი“, აგრეთვე, ნინო მაქაძის „იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“, ზაალ გოგენიას „ესპანეთის სამოქალაქო ომის საერთაშორისო ასპექტები“, ნატალია ბერძენიშვილის „ჰანს გეორგ გადამერის ესთეტიკური კონცეფცია“, მერაბ აბესაძის „სახელი“ და სხვა. არსებული პანდემიის ფონზე თსუ-ის გამომცემლობა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას სამეცნიერო ტექსტებსა და სახელმძღვანელოებზე და საგანმანათებლო პროცესს რაიმე ტიპის შეფერხება, ამ მხრივ, არ ემუქრება. რაც შეეხება დასტამბული წიგნების რეალიზაციას, დაინტერესებულ პირებს ჩვენს მიერ გამოცემული წიგნები, თსუ-ის წიგნის მაღაზიების გარდა, შეუძლიათ დაუბრკოლებლად შეიძინონ თსუ-ის გამომცემლობაში (თსუ-ის მე-4 კორპუსში, მეოთხე სართულზე, წიგნის სარეალიზაციო ოთახში)“, — აღნიშნა ნათია დვალმა.
* * *
გთავაზობთ 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე გამოცემული წიგნების მოკლე მიმოხილვას.
მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“
ეს გამოცემა ეძღვნება მარჯორი უორდროპის დაბადების 150 წლისთავს. მისი ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირველად 1998 წელს გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებში. ეს მასალები ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში აღმოაჩინა პროფესორმა მარიკა ოძელმა, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს. 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე და მარიკა ოძელი, სამინისტროს მხარდაჭერით, მივლინებით იმყოფებოდნენ ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში სამუშაოდ. მათ საქართველოში ჩამოიტანეს მ. უორდროპის ლექსიკონის ფოტოასლები და ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად დაიწყეს მუშაობა მათ გაციფრებასა და შესწავლაზე. სწორედ ამ გაციფრებულ ლექსიკონს ვთავაზობთ მკითხველს პირველად სათანადო კომენტარებით.
ანელიზა დოდსი, „ შედარებითი საჯარო პოლიტიკა“
მთარგმნელები: სალომე დუნდუა და ზვიად აბაშიძე;
სამეცნიერო რედაქტორი — ნანა მაჭარაშვილი
მოცემული წიგნის მიზანია, მკითხველს შესთავაზოს შედარებითი საჯარო პოლიტიკის შესავალი. ნაშრომში თავმოყრილია ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის საჯარო პოლიტიკის შესახებ და ახსნილია ის თეორიული ჩარჩოები, რომლებიც გამოიყენება მოცემული სხვადასხვა ტიპის საჯარო პოლიტიკის გასაანალიზებლად. წიგნში, პოლიტიკის ძირითადი სექტორების განხილვის მაგალითზე, შემოთავაზებულია სახელმწიფოთა შორისი პოლიტიკის ბუნებისა და განსხვავებების დეტალური მიმოხილვა. მოცემული ვარიაციები გაანალიზებულია მთავრობის მიერ ფინანსური რესურსების გამოყენების, სხვადასხვა ორგანიზაციის ძალაუფლების, ინფორმაციის ფლობისა და ხელისუფლების შტოების ერთმანეთისგან განცალკევების ჭრილში..
ლილი გოქსაძე, ნანა მამაცაშვილი, მანანა გიგინეიშვილი —
თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსი, ტომი I
ესაა ნანა მამაცაშვილის მიერ გადამუშავებული სახელმძღვანელო, ის შედგენილია ლინგვისტიკისა და გრამატიკის თეორიის უახლესი მიღწევების საფუძველზე და წარმოადგენს გრამატიკის ისეთ კურსს, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტთა ტიპურ შეცდომებს, ისე ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს.
რობერტ სტამი, „კინოს თეორია“
მთარგმნელი — გიორგი გაბელია, რედაქტორია დავით ანდრიაძე
მთარგმნელისგან წამძღვარებულ წინასიტყვაობაში წაიკითხავთ: „რობერტ სტამის წიგნის — „კინოს თეორია“ — თარგმნა, თავდაპირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების სოციოლოგიის კურსის შემსწავლელთათვის განვიზრახე. მსურდა, ლიტერატურას ქართულ ენაზე გაცნობოდნენ სტუდენტები, რომლებიც კინოს ისტორიით, ზოგადად, კინემატოგრაფით არიან დაინტერესებულნი. მუშაობის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ წიგნი საინტერესო იქნებოდა ხელოვნებათმცოდნეების, კულტურის მკვლევრების, ფილოსოფოსების, ფილოლოგების, სოციოლოგების, მედიამკვლევრების, იმ დისციპლინათა წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ვიზუალურ ფენომენს, მის რეპრეზენტაციასა და რეცეფციას, ზოგადად, გამოსახულებასა და ამ უკანასკნელის სოციალურ, პოლიტიკურ თუ გენდერულ ასპექტებს სწავლობენ...“ წიგნი დიდ სიამოვნებას მოუტანს არა მხოლოდ პროფესიონალებს, არამედ ყველას, ვისაც უყვარს კინოხელოვნება.
ნატა ყაზახაშვილი,
სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მართვა და გაუმჯობესება, ნაწილი I.
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება საუკეთესო შედეგების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ საკითხის მრავალმხრივ და კომპლექსური განხილვას ეთმობა აღნიშნული სახელმძღვანელო.
* * *
სხვა გამოცემებისა და დასაბეჭდად გამზადებული წიგნების თაობაზე მომავალ სტატიაში ვისაუბრებთ.
მოამზადა თამარ დადიანმა