თსუ-ის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის ბაზაზე თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი შეიქმნა. ცვლილებები განპირობებულია ახალი გამოწვევებით, როდესაც საზოგადოებას ინფორმაციაზე წვდომისთვის უკვე განსხვავებული მოთხოვნები აქვს და, შესაბამისად, იგი საინფორმაციო საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებისთვის მზაობას გვკარნახობს. ასეთი მოცემულობისას მხოლოდ გაზეთი ვეღარ აკმაყოფილებდა რედაქციის მიზანს, რაც უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ საზოგადოების კომპლექსურ და ყოვლისმომცველ ინფორმირებას. სწორედ ამიტომ, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციამ, თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის მხარდაჭერით, ახალი დებულების პროექტი შესთავაზა სენატს დასამტკიცებლად. თსუ-ის წარმომადგენლობითმა საბჭომ მხარი დაუჭირა დებულების ახალ პროექტს, რის საფუძველზეც ახალი 2021 წლიდან ამოქმედდება თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი.
ვინაიდან, გაზეთის რედაქციას გაცნობიერებული ჰქონდა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რედაქცია უკვე 7 წელია ახორციელებდა ტელე-პროექტებს. ასევე, საზოგადოების ინფორმირების მეთოდების დივერსიფიცირებას ემსახურებოდა უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა შესახებ კრებულების გამოცემა. ყველა ეს პროდუქცია ემსახურება საუნივერსიტეტო საზოგადოების პოპულარიზაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯის გაზრდასა და საზოგადოებაში მისი ძირითადი საქმიანობის თაობაზე ცნობადობის ამაღლებას. რედაქციის მიერ განხორციელებული პროექტების გაგრძელების მიზანშეწონილობას ასევე განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული ტელევიზიების ეთერებში განთავსებული ამ ტელე-პროექტების მაღალი რეიტინგი (ყურებადობის ხარისხი), რის თაობაზეც პერიოდულად ვრცელდება საქართველოში მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია კანტარ მედიას ექსკლუზიური ლიცენზიანტის — „ტრი მედია ინტელიჯენს“-ის მიერ მომზადებული ანგარიშები. სამომავლოდ, ზემოთ აღნიშნული საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით, აუცილებელი იქნება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საზოგადოების ინფორმირების სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც (ინტერნეტ-ტელევიზია და ა.შ.).
ახალი დებულების თანახმად, სწორედ თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი გააგრძელებს და განავრცობს მომავალში თსუ-ის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის საქმიანობას — კვლავაც გაგრძელდება გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ გამოცემა, ასევე დოკუმენტური ფილმების/ტელე-პროექტების/კრებულების წარმოება და გათვალისწინებულია ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შემდგომი გამოყენების პერსპექტივაც.
ვინ უხელმძღვანელებს ცენტრს?
თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია.
ნინო კაკულიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1994 წელს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში დაიწყო, სადაც იგი საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ კორესპონდენტად 1996 წლამდე მუშაობდა. 1998-2003 წლებში ნინო კაკულია ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, შემოქმედებით გაერთიანება „ალიონში“ და „ნაშუადღევში“, სადაც უძღვება სატელევიზიო პოლიტიკურ მიმოხილვებს („დღის თემა“), სატელევიზიო რუბრიკას — „პრესის მიმოხილვა“, პუბლიცისტურ მიმოხილვებს — „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“, როგორც ავტორი და ჟურნალისტი. 2004 წელს ნინო კაკულია მუშაობას აგრძელებს ტელეკომპანია „იმედში“ (შ/გ „იმედის დილა“), სადაც არის საავტორო რუბრიკის — „ვინ ვინ არის“ წამყვანი და ჟურნალისტი. 2005-2008 წლებში იგი საქართველოს რეგიონული მედია ინიციატივების ინსტიტუტის პროექტის — გაზეთ „24 საათის“ ჩანართის — „რეგიონის დროით“ ჟურნალისტია, რომელიც მუშაობდა თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე და ამზადებდა ანალიტიკურ სტატიებს. 2010-2011 წლებში ნინო კაკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გასული სატელევიზიო ანალიტიკური გადაცემების — „რეგიონის დროით“ პროდიუსერი და ჟურნალისტია. 2011-2015 წლებში იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2011 წლიდან გაწევრიანდა საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში, სადაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ 2019 წელს აირჩიეს. 2020 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა ოთხთვიანი კურსი — „რეჟისურა“.
ნინო კაკულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორად 2006 წლიდან მუშაობს. 2011 წლიდან დღემდე მისი ავტორობითა და რეჟისორობით 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მომზადდა („მიხეილ ქურდიანი“, „თამაზ გამყრელიძე“, „ერეკლე ტატიშვილი“, „არიანე ჭანტურია“, „მარიან ლორთქიფანიძე“, „მერაბ კოკოჩაშვილი“, „უნივერსიტეტის გაზეთი — უნივერსიტეტის ისტორია“, „თბილისის ზღვაზე დაღუპული ბიჭების ტრაგედია“, „რისმაგ გორდეზიანი“, „ინესა მერაბიშვილი“ და სხვ.) 2013 წლიდან დღემდე ავტორია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემისა — „უნი-ვერსია“, რომელიც საქართველოს რეგიონული ტელევიზიების ეთერში გადის. არის 10-ზე მეტი „პუბლიცისტური ნარკვევების“ („ივანე ჯავახიშვილი“, „დიმიტრი უზნაძე“, „აკაკი შანიძე“, „ივანე ბერიტაშვილი“, „შალვა ნუცუბიძე“, „მარიამ ლორთქიფანიძე“, „მერაბ კოკოჩაშვილი“, „თსუ და ახალი კორონავირუსი“ და სხვ.) ავტორი და რედაქტორი.
ცენტრის რედკოლეგიის წევრები
თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის პოლიტიკასა და სტრატეგიას განსაზღვრავს ცენტრის სარედაქციო კოლეგია, რომლის ღირსეული წევრები არიან: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან — პროფესორები: ირმა რატიანი და გიორგი ოთხმეზური; მედიცინის ფაკულტეტიდან — პროფესორები: ვლადიმერ მარგველაშვილი და გია ლობჟანიძე; იურიდიული ფაკულტეტიდან — პროფესორები: მაია ივანიძე და ლელა ჯანაშვილი; ეკონომიკის ფაკულტეტიდან — პროფესორები: ვლადიმერ პაპავა და ეთერ ხარაიშვილი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან — პროფესორები: მანანა შამილიშვილი და იაგო კაჭკაჭიშვილი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან — პროფესორები: მზია წერეთელი და ნინო ჩახუნაშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან — პროფესორები: ნინო გაჩეჩილაძე და ომარ მუკბანიანი; ასევე, რექტორის წარმომადგენელი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში — ნატა ასათიანი და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი მარინა სალუქვაძე.
ცენტრის ძირითადი ამოცანები
თსუ-ის საინფორმაციო-შემოქმედებითი უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს უნივერსიტეტის საიმიჯო მახასიათებლების პოპულარიზაციას პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ და საგანმანათლებლო-შემეცნებით ჭრილში;
თსუ-ის, მასში შემავალი ფაკულტეტების/ინსტიტუტების/ცენტრების და ა.შ. მრავალმხრივი საქმიანობის (სიახლეების, მოვლენების, პროცესების, პრობლემების) გაშუქება/ანალიზი;
მეცნიერების (ყველა დარგის) და მეცნიერ-მკვლევართა (დოქტორანტების, პოსტდოქტორანტების, პროფესორ-მასწავლებლების), ასევე უნივერსიტეტის დამაარსებელთა, სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა, ღვაწლმოსილ მეცნიერთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პოპულარიზაცია;
სტუდენტური ცხოვრების მრავალმხრივი ასპექტით გაშუქება/ანალიზი; წარმატებულ სტუდენტთა პოპულარიზაცია;
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
საუნივერსიტეტო საექსპერტო პოზიციების (სფეროების მიხედვით) სტიმულირება და წარმოჩენა;
საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე სიახლეების გაშუქება/ანალიზი;
განათლებისა და მეცნიერების სფეროში საჯარო ლექციების, დისკუსიებისა და დებატების სტიმულირება/გაშუქება;
საზოგადოების კონსულტირება/პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში;
უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულთა პოპულარიზაცია;
ახალგაზრდა კადრების დაოსტატება ჟურნალისტიკის სფეროში;
საუნივერსიტეტო ტელე-ფოტო არქივის („ოქროს ფონდი“) განვითარება/გაფართოება;