თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მორიგი საინტერესო წიგნი გამოსცა. ეს გახლავთ ოთხენოვანი ორტომეულის – „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ პირველი ტომი, რომელიც ევროპელი დელეგატების საქართველოში მოგზაურობას ეხება. მასში აქცენტირებულია ადგილობრივი პერიოდული პრესით გაშუქებული ინფორმაცია. გამოცემას ერთვის დიმიტრი შველიძის, სტივენ ჯონსის და ტიერი ბერიშვილის სტატიები, ასევე ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა. წიგნის პირველი ტომი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით გამოიცა.
წიგნი მომზადდა და გამოიცა ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
გამოცემის ერთ-ერთი შემდგენლის, სალომე ჭანტურიძის აზრით, ამ წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი „კიდევ მეტ ადამიანს მიაწვდის ხმას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიან მონაკვეთზე, მის პოლიტიკურ კულტურასა და ევროპულ ღირებულებებზე, დასავლეთთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე“.
ორტომეულის თაობაზე გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს ესაუბრა:
– ბატონო ზურაბ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის 10-დღიანი ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელსაც ეს გამოცემა მიეძღვნა?
– გამოცემა დელეგაციის ვიზიტის 100 წლისთავს მიეძღვნა. ეს მოვლენა უახლესი საქართველოს ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ევროპის პოლიტიკურ წრეებში. 1920 წლის ზაფხულში ჟენევაში გამართულ მეორე ინტერნაციონალის კონფერენციაზე გაჩნდა იდეა, რომ ევროპელი სოციალისტები არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული ვითარების გასაცნობად სწვეოდნენ საქართველოს და გადაეწყვიტათ, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი — ზეგავლენა მოეხდინათ ევროპის დიდი სახელმწიფოების მთავრობებზე ახლად შექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე აღიარების თვალსაზრისით.
საქართველოს ხელისუფლება სტუმრების მისაღებად საგანგებოდ მოემზადა. 1920 წლის 14 სექტემბერს დელეგაციის წევრთა ბათუმიდან დაწყებული მოგზაურობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხშირად სადღესასწაულო ელფერით იყო გამორჩეული. ევროპელი სოციალისტების ვიზიტს მიეძღვნა დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომაც. მართალია, ავადმყოფობის გამო დელეგაციაში არ იყო სახელგანთქმული პარტიული მოღვაწე — სოციალისტი კარლ კაუცკი, მაგრამ იგი მოგვიანებით ეწვია საქართველოს და საგანგებოდ დაწერა წიგნი – „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“, რომლის ქართული თარგმანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ 2018 წელს გამოსცა.
– მოგზაურობის რა ნაწილს მიეძღვნა ორტომეულის პირველი ტომი?
– ოთხენოვანი გამოცემის — „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ — პირველ ტომში გამოქვეყნებულია იმდროინდელ ქართულ მედიაში გაშუქებული მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ქრონიკა და პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი შთაბეჭდილებები. მასში გამოყენებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანდერველდეს ინსტიტუტისა და ტიერი ბერიშვილის პირად კოლექციებში დაცული ფოტოდოკუმენტები.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მთელ მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, მკაცრი რეგულაციების პირობებშიც უწყვეტად აგრძელებს მუშაობას, მათ შორის, ბიბლიოგრაფიულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემების მომზადებასა და გამოქვეყნებას. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის რექტორისა და ებერტის ფონდის მხარდაჭერით, რომლის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ და რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა ეს გამოცემა.
– რაც შეეხება მეორე ტომს, რა მასალები შევა ამ ტომში, რა ისტორიას შემოუნახავს იგი ქართველ საზოგადოებას?
– უნდა ვთქვა, რომ თავდაპირველად გამიზნული იყო მხოლოდ ერთი ნაწილის გამოცემა, რომელიც დაიბეჭდა და რომელშიც ძირითადად მოთხრობილია ქართული მედიაქრონიკის მიხედვით აღდგენილი ევროპელი სოციალიტების მოგზაურობა საქართველოში. თუმცა, მერე იმდენად საინტერესო მასალა მოგვაწოდეს ბელგიიდან – ემილ ვანდერველდეს ინსტიტუტიდან, რომ მეორე ნაწილის მომზადებაც გადაწყდა. მოგეხსენებათ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამ ვიზიტს საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მიზნით. ეს იმედი არცთუ უსაფუძვლო იყო, რადგან საქართველოდან დაბრუნებულმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ მოხსენებებსა თუ სტატიებში საკმაოდ დადებითი შეფასება მისცეს საქართველოში არსებულ ვითარებას. სწორედ ეს მოხსენებები და სტატიები გამოგვიგზავნეს ჩვენმა კოლეგებმა ბრიუსელიდან — ეს მასალა მეორე ტომში დაიბეჭდება, რომელიც, სავარაუდოდ, იანვარში იხილავს დღის სინათლეს.
აქვე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კრებულის შემდგენლებს: სალომე ჭანტურიძესა და ქეთევან ქუსიკაშვილს, მთარგმნელებს: მარინე ჭყონიას (ინგლისური), თამარ კახეთელიძეს, თამარ ნაცვლიშვილს (გერმანული), ქეთევან ქუსიკაშვილს, ვისი სადრაძეს, ელისაბედ ცაავას (ფრანგული), რედაქტორებს: ქართული ტექსტის — ნათია დვალს, ინგლისური ტექსტის — ნანა კაჭაბავასა და ალექსანდრა ბრაისონს, გერმანული ტექსტის — ქეთევან შეყილაძესა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს, ფრანგული ტექსტის – თამარ ხეტაშვილს, ასევე დიზაინერ მარიამ ებრალიძეს და ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც გამოცემაზე მუშაობდნენ: მარიამ ვიბლიანს, სოფიკო მოდებაძეს, ნინო წერეთელს, გიორგი ჯავახიშვილს.
გამოცემა გამიზნულია მკითხველთა ფართო წრისთვის. იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს და პოლიტიკური პარტიების ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.
მოამზადა მაია ტორაძემ