თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ლელა ჯანაშვილს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული დოქტორის წოდება მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სადოქტორო კომისიამ მიიღო, რომელმაც თსუ-ის პროფესორის კანდიდატურა ამავე უნივერსიტეტის აკადემიური კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ექსტრაორდინარული დოქტორის წოდების კანდიდატად წარდგენის მთავარი წინაპირობა ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის ფლობაა.
„ჩემთვის დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რომელიც მომანიჭეს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის „გლობალური საჯარო სამართლისა და ადამიანის უსაფრთხოების“ ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის A კატეგორიით შეფასებისათვის (summa cum laude). აღნიშნული ჯილდოს მიღება განსაკუთრებით სასიხარულოა იმ მხრივაც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში „გლობალური საჯარო სამართლისა და ადამიანის უსაფრთხოების“ სადოქტორო პროგრამიდან ნომინანტი პირველად წარადგინეს,“ — განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა სამართლის დოქტორის პირველი ხარისხი 2003 წელს მოიპოვა, როდესაც დისერტაცია კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით დაიცვა თემაზე: „ესპანური რეგიონალიზმის კონსტიტუციური საფუძვლები“. სამართლის დოქტორის მეორე ხარისხი კი ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მიიღო სადისერტაციო ნაშრომისათვის — „ადამიანებით ვაჭრობა და „ახალი მონობის“ ადამინისტრაციული პრევენცია“.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში პირველი სამართლის სკოლაა, რომელიც ლიდერია თავისი აკადემიური ტრადიციების გათვალისწინებით, განათლების ბაზარზე მოთხოვნის, სწავლების ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლებით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ ძლიერი აკადემიური გუნდით, რომელიც ჩვენს სტუდენტებს ხვდება ფაკულტეტზე და ყველა ჩვენი პროფესორის წარმატება, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ჩვენი აკადემიური შემადგენლობიდან ქალბატონი ლელა პირველია, რომელმაც ესპანეთში ესპანურ ენაზე დაიცვა და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი სადისერტაციო ნაშრომის — „ადამიანებით ვაჭრობა და „ახალი მონობის“ ადმინისტრაციული პრევენცია“ — შეფასება გახლდათ A (summa cum laude), რაც იშვიათობაა უცხოეთში დაცულ სადოქტორო ნაშრომებთან მიმართებით. ცალკე აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ჯილდო, რომელიც ბარსელონის ავტონომიურმა უნივერსიტეტმა მას გადასცა უკვე ხარისხის მინიჭების შემდეგ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი ლელა წარმატებით ხელმძღვანელობს ესპანური სამართლის ინსტიტუტს ჩვენს ფაკულტეტზე და ერთგვარი ხიდია ქართულ და ესპანურ სამეცნიერო წრეებს შორის. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით არაერთი საინტერესო სამეცნიერო დისკუსია ჩატარდა. გულითადად ვულოცავ ქალბატონ ლელას ამ წარმატებას და ინტერესით ველოდები მის ახალ, აქტუალურ და საინტერესო პუბლიკაციებსა და ინიციატივებს“, — აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
„ბარსელონის ავტონომური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, ასევე, ამავე უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლასთან (EPSI) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან (ICPS) ვაგრძელებ როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას. თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად გვაქვს მეტად საინტერესო გეგმები და იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა“, — განმარტა ლელა ჯანაშვილმა.
ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში ექსტრაორდინარული დოქტორის წოდების ჯილდოს გაცემის ტრადიცია 2013-2014 სასწავლო წელს დამკვიდრდა.
მოამზადა ნატო ობოლაძემ