- როგორ შეხვდნენ დისტანციურ სწავლა/სწავლების ახალ პროცესს სტუდენტები და პროფესორები? ხომ არ გამოიკვეთა სირთულეები?
- რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეს, გარკვეულწილად, ბევრისთვის სიახლეს წარმოადგენდა და ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდათ. აღნიშნულის შესამსუბუქებლად უამრავი ტრენინგი ჩატარდა, გაკეთდა ვიდეო ტუტორიალები, რათა, როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს, გაადვილებოდათ ადაპტაცია. დისტანციური სწავლებისთვის უნივერსიტეტში ვიყენებთ (სინქრონული სწავლებისთვის) Zoom-ის აპლიკაციას, ასევე, Moodle-ს და LMS-ს.
- რას გვეტყვით თსუ-ის მხრიდან წამოწყებულ სხვადასხვა ინიციატივაზე? ვგულისხმობ ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევის ინიცირებას, რომელიც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით ხორციელდება; ასევე ცნობილია მედიცინის ფაკულტეტის არაქართულენოვანი სტუდენტების მოხალისეებად წასვლის ფაქტი მარნეულის რეგიონში; გარდა ამისა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტებს და პროფესურას დახმარება შესთავაზა დისტანციურის წავლის რეჟიმში გადასვლისას წარმოქმნილი პრობლემების პარალელურად... ამ ინიციატივების აღსრულებაზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ჩვენ უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდის მეშვეობით თქვენს კითხვაში დასმულ თემებზე განვაცხადეთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა ამ თემაზე ინფორმაციას ვფლობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში უნივერსიტეტმა თავისი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება. დამეთანხმებით, თსუ-ს უამრავი ამგვარი რესურსი გააჩნია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ამ მხარდაჭერისთვის!
- რომელი პლატფორმები გამოიყენება ელექტრონული სასწავლო პროცესის განხორციელებისას? რამდენად კარგად მუშაობს სისტემა?
- ამ კითხვაზე პასუხი პირველი კითხვისას გავეცი. რაც შეეხება სისტემის სრულყოფილად მუშაობას, როგორც უკვე აღვნიშნე, გარკვეული მიმართულებით ბევრისთვის ახალი იყო ელექტრონული სწავლების პლატფორმებთან მუშაობა, თუმცა შეთავაზებული სერვისების შემდგომ, ვფიქრობ, პროცესი სრულყოფილთან ახლოსაა და უახლოეს მომავალში უკვე სრულყოფილ სახეს მიიღებს.
- მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება, ზოგიერთ სტუდენტს მაინც აქვს კითხვა — შეიძლება თუ არა, რომ სწავლა გადაიდოს და წელი აკადემიურ წლად გამოცხადდეს? (რამდენადაც ვიცი, სტუდენტების პეტიციაც კი შეიქმნა შესაბამისი მოთხოვნებით)...
- აღნიშნული საკითხი არ განიხილება. მესმის და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ბევრისთვის ეს პროცესი ახალია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში პროცესი სრულყოფილ სახეს მიიღებს.
- როგორ წარიმართება საგამოცდო პროცესი? თუ არის გამოკვეთილი სტრატეგია...
- ამ ეტაპზე გვიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა დიდი ალბათობით შუალედური გამოცდები ამ სემესტრში გაუქმდება, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ახალი შეფასების სისტემის შეთავაზება მოხდება სტუდენტებისთვის.
- რაც შეეხება სპეციფიკურ საგნებს, რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, ლაბორატორიულ მუშაობას ან პრაქტიკულ სწავლებებს, როგორ რეგულირდება ეს საკითხი?
- ამ მიმართულებით ფაკულტეტები აქტიურად მუშაობენ. სასწავლო პროცესი ისეა დაგეგმილი, რომ ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტები სასწავლო პერიოდის ბოლოსკენ არის გადატანილი. იმედს ვიქონიებთ, საქართველოსა და მსოფლიოში ეს კრიზისული ვითარება მალე დასტაბილურდება და სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყების საშუალება მალე მოგვეცემა.
- როგორც სემესტრის დაწყებამდე განაცხადეთ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აპირებდა პროფესურისთვის და შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ხელფასების მომატებას. ამ ახალი კორონავირუსის პირობებში გაჩენილი მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეჩერდება თუ არა ამ მხრივ თქვენი ინიციატივების განხორციელება?
- აკადემიური პერსონალისთვის და დაბალი ანაზღაურების მქონე ტექნიკური პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდა უკვე განხორციელდა მარტის თვიდან. ამ მიმართულებით, ამ ეტაპზე, გეგმა უცვლელია და სექტემბრიდან ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსაც მოემატება ანაზღაურება.
- რამდენად ემუქრება უნივერსიტეტის პროფესორებსა და ადმინისტრაციას ხელფასების პირიქით შემცირება?
- აღნიშნული საფრთხე უნივერსიტეტის პერსონალს არ ემუქრება.
- ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხომ არ გადახედავთ სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკს? რა პრობლემებია მოსალოდნელი ამ მხრივ?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია, რაც სტუდენტებს აქვთ სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა. თუკი სტუდენტს აქვს გარკვეული სახის სოციალური პრობლემა, მას შეუძლია წერილობით მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ინდივიდუალურად შეათანხმოს სასწავლო სემესტრის დასრულებამდე საფასურის გადახდის გრაფიკი. ინდივიდუალური გრაფიკი სტუდენტის შესაძლებლობებზე იქნება მორგებული და შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს მას. განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულადაც.
- რას ეტყოდით თქვენს თანამშრომლებს დასამშვიდებლად? (თქვენც არანაკლებ შეგიძლიათ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა მათთვის, თუნდაც, ამ ინტერვიუს საშუალებით)...
- პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ამ კრიზისულ და არაორდინალურ ვითარებაში ყველა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში. ამასთან, მინდა, დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თუ ყველა რჩევას, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს შესაბამისი უწყებები გასცემენ, პირნათლად შევასრულებთ, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ყველა სტანდარტულ სამუშაო რეჟიმს დაუბუნდება (დისტანციურიდან საოფისე მდგომარეობაში). გასაკვირი სულაც არ არის, რომ უდიდეს უმრავლესობას ძალიან მოენატრა უნივერსიტეტის კედლები და სამსახურში სტაბილურად სიარული. სულ მალე უფრო ძლიერები დავბრუნდებით!
ესაუბრა ნატო ობოლაძე