ნინო კაკულია
მთავრობამ 2022 წლიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება დააანონსა. ეს ინიციატივა შეეხება თუ არა უნივერსიტეტსაც?
„შარშან, გარკვეულწილად, შეიძლება დიდი ოდენობით არა, მაგრამ ადმინისტრაციულ პერსონალს ანაზღაურება მოვუმატეთ. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას, ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ მოვიაზრებით. ჩვენი უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა დაფინანსებას სახელმწიფოსგან პირდაპირი წესით არ ვიღებთ. დაფინანსების წყარო, მოგეხსენებათ, სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური და მათ მიერ მოტანილი გრანტია. თუმცა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით და წლის ბოლომდე რაღაც შედეგები უნდა დაიდოს. ვიმედოვნებთ, რომ უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებებს გაეზრდებათ შესაბამისი დაფინანსება“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ მომავალი წლისთვის იმ ფაკულტეტების პროფესორებს, რომელთაც 2021 წელს ანაზღაურება ვერ გაეზარდათ, ხელფასს შეძლებისდაგვარად მოუმატებენ. „ძალიან გვინდა და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათი სამუშაო პირობები და გავზარდოთ ის ანაზღაურება, რაც ყველას წაადგება ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების დროს“, — აღნიშნა ლაშა საღინაძემ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული პერსონალის მისამართით დაგეგმილ ინიციატივებს, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამშრომელთა გადამზადებას აანონსებს. „ჩვენ გაზაფხულის ბოლოს ჩავატარეთ გამოკითხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში. მივიღეთ პასუხები, რომელთა დამუშავებაც მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი ტრენინგები თუ გადამზადების კურსები იმ მიმართულებით, რომელშიც მათ სურდათ კვალიფიკაციის ამაღლება“, — აღნიშნავს ლაშა საღინაძე.