ნატო ობოლაძე
სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მაკა ნუცუბიძე ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოში ღვინის სამართლის დარგის სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს. ვაზისა და ღვინის სამართალი სრულიად ახალი, განსხვავებული და ნოვატორულია არა მხოლოდ საქართველოში და ქართული სამართლის კონტექსტში, არამედ მთლიანად პოსტ საბჭოთა სივრცეში. საქმე ეხება ისეთ სრულიად ახალ, ნოვატორულ, იმავდროულად, საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ვაზისა და ღვინის სამართლის დარგის სტრატეგიის შემუშავება, სამეცნიერო კვლევა, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ვაზისა და ღვინის სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, რომელიც სამომავლოდ ქართველი სტუდენტებისათვის ერთობლივ ფრანგულ-ქართული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ბაზად უნდა ჩამოყალიბდეს.
„ვფიქრობ, ბევრი დასაბუთება არ არის საჭირო — თუ რას ნიშნავს საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისათვის ვაზი და ღვინო, არც იმას სჭირდება ბევრი დასაბუთება, რომ განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა შესაბამისი სრულყოფილი სამართლებივი რეგულაციები და თანამედროვე ევროპული, ამ შემთხვევაში, ფრანგული ტრადიციებისა და გამოცდილების შესაბამისად მომზადებული კადრებია. ვაზისა და ღვინის სამართლებრივი რეგულაციების გამართულობა, მათი საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ქვაკუთხედია — ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში“, — აცხადებს მაკა ნუცუბიძე.
ფრანგული სამართალი ვაზისა და ღვინის სამართლის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამართულ მარეგულირებელ ბაზად მიიჩნევა. ევროკავშირის ღვინის კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი სწორედ ფრანგული სამართლის ტრადიციებსა და გამოცდილებას ეფუძნება. შესაბამისად, საფრანგეთში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც თითქმის ორი საუკუნეა ღვინის სამართლის კვლევა, სწავლება, ღვინის სამართლის დარგის სპეციალისტების (მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) მომზადება ხორციელდება. მაკა ნუცუბიძეს მჭიდრო კონტაქტები აქვს საფრანგეთის სამ ძირითად უნივერსიტეტთან და ღვინის სამართლის ცენტრთან — ბორდოს უნივერსიტეტთან, ექს ან პროვანსის უნივერსიტეტთან და რეიმსის შამპან არდენის უნივერსიტეტთან. მან, 2004 წელს, საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტში ევროპის ქვეყნების შედარებითი საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო, 2014 წელს კი ნანტერ ლა დეფანსის უნივერსიტეტში უმაღლესი შეფასებით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და საჯარო სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
„ჩემი ფრანგული განათლება (საფრანგეთში მიღებული სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები), იქაურ აკადემიურ საზოგადოებასთან ჩემი კავშირები, საფრანგეთში გატარებული არაერთი წელი, ბუნებრივია, მაძლევს საშუალებას — მქონდეს კარგი კონტაქტები ფრანგული უნივერსიტეტების სამართლის პროფესორებსა და მკვლევრებთან. მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით არაერთი კვლევითი პროექტი განგვიხორციელებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ევროპული ფონდების, ასევე, ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოსა“ და რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით).
პირველ ეტაპზე, საფრანგეთისა და ევროკავშირის სამართლის შესწავლა, მათი გამოცდილების გაზიარება გახლდათ ჩემი გამოწვევა. კვლევითი პროექტი — „ვაზისა და ღვინის სამართალში ქართული კანონმდებლობის ანალიზი, მისი შესაბამისობის კვლევა ევროკავშირის ხელშეკრულებებთან“ მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბერში განხორციელდა რუსთაველის ფონდისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფრანგული ინსტიტუტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით. მოცემული კვლევა განხორციელდა საფრანგეთის ბორდოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ვაზისა და ღვინის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ბაზაზე. ვაზისა და ღვინის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რონან რაფრაი გახლავთ ჩემი მენტორი და ხელმძღვანელი. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდა სტატია, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გამოიცემა ბორდოს უნივერსიტეტის ღვინის სამართლის ინსტიტუტის ჟურნალში“, — აღნიშნავს მაკა ნუცუბიძე.
ბორდოს უნივერსიტეტში ქართველი მკვლევრის ვიზიტის შედეგად ახალ ინიციატივასაც ჩაეყარა საფუძველი — 2022 წლის 15 მარტს, ღვინის სამართლის აქტუალური გამოწვევების შესახებ ფრანგულ-ქართული სამეცნიერო სემინარი იგეგმება, რომელშიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და ბორდოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას.