2020 წლის 16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ონლაინ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. შეკრებილ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პანდემიის მიუხედავად უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. „ჩვენ გვაქვს არჩეული სწორი სტრატეგია. ქვეყნის განვითარება იწყება კადრების მომზადებით საუნივერსიტეტო სივრცეში. ამდენად, ბევრი სიახლე გვექნება ახალი სასწავლო წლიდან, მზადდება სპეციალური წამახალისებელი პროექტების, გრანტების სისტემა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდება იანვრის თვიდან და მიეძღვნება პროფესორების წახალისებას, პუბლიკაციებს, კვლევებს სამეცნიერო მიმართულებით", — განაცხადა რექტორმა.
ონლაინ პრეზენტაციის მოდერატორი იყო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ყოველწლიური სამეცნიერო საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდა ორი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. პირველი პროექტი — „თსუ-ის კონკურენტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითზე)“ განხორციელდა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით. ამ პროექტის ძირითადი დებულებები პრეზენტაციაზე წარმოადგინა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა.
პროექტის გუნდი შედგებოდა ცხრა წევრისაგან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროფესორებთან ერთად პროექტში მონაწილეობას იღებდა სამი სტუდენტი. მათ შორის ორი დოქტორანტი და ერთი მაგისტრანტი. გუნდის წევრები იყვნენ ასოცირებული პროფესორები: ეკა ჩოხელი, გიული ქეშელაშვილი, მანანა ხარხელი, ვასილ კიკუტაძე, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა, დოქტორანტები: ბექა თოფურია და ნინო ვარდიაშვილი, მაგისტრანტი დავით გავარდაშვილი.
პროექტის მიზანი იყო აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტის შერჩევის განმსაზღვრელი ფაქტორების განსაზღვრა. კვლევა ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 577 აბიტურიენტმა. კვლევა განხორციელდა ანონიმურად, კითხვარების საფუძველზე. კითხვარი შემუშავდა უმაღლესი სასწავლებლების კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომების, ანგარიშების და სხვა წყაროების ანალიზის საფუძველზე. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა ინდუქციის და დედუქციის, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. მიღებული მონაცემები დამუშავდა SPSS სტატისტიკური პროგრამის გამოყენებით. ჩატარდა ზოგადი სიხშირული ანალიზი და სიღრმისეული ანალიზი: ჯვარედინი (კროსტაბულაციური) ანალიზი, ცვლადებს შორის კავშირების დონე ხი-კვადრატ ტესტის (Chi-Square Tests), კრონბახის ალფას (Cronbach’s Alfa), პირსონის კორელაციური ტესტის, წრფივი რეგრესიის საფუძველზე. ბოლოს შეფასდა აღნიშნული მოდელის სანდოობა.
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ: აბიტურიენტების მხრიდან უნივერსიტეტების შერჩევისას პრიორიტეტი უკავია თსუ-ს; რეგიონების მიხედვით აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტებისთვის პრიორიტეტების მინიჭება მეტ-ნაკლებად განსხვავებულია (აჭარისა და გურიის რეგიონში თსუ არ წარმოადგენს პრიორიტეტს, დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით); უნივერსიტეტების შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა პროგრამების შინაარსი, ფასი და დასაქმების პერსპექტივა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტის შერჩევის განმსაზღვრელ ფაქტორებად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გამოიკვეთა სასწავლო პროგრამების შინაარსი, ფასი და რეიტინგი, ეკონომიკის მიმართულებით ფასი, სასწავლო პროგრამების შინაარსი და რეიტინგი, ხოლო ტურიზმის მიმართულებით ფასი, სასწავლო პროგრამების შინაარსი და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები. კვლევის შედეგად პროექტის მინაწილეთა მხრიდან პროექტში აისახა გარკვეული რეკომენდაციები.
საგრანტო პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეთა მხრიდან მომზადდა მოხსენება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, ასევე იგეგმება კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში.
მეორე პროექტის „მცირე ბიზნესის ფაქტორული მწარმოებლურობა და საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში“ ფარგლებში კვლევა განხორციელდა საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორის დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ძირითადი შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ძირითადი შემსრულებლები არიან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ასოცირებული პროფესორები: შოთა შაბურიშვილი, თეა მუნჯიშვილი, ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი, ასევე თსუ-ის დოქტორანტები: რუსუდან მაისურაძე და ხატია უდესიანი.
კვლევითი პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ფირმის ზომას, ინოვაციურობასა და მწარმოებლურობას შორის კავშირების შესწავლა და მცირე ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობაზე მისი გავლენის დადგენა. მიზნის მისაღწევად, პროექტის მონაწილეებმა დარგის ავტორიტეტული მეცნიერების ნაშრომების ანალიზის შედეგად გამოვლენილი უახლესი ემპირიული მოდელები გამოიყენეს, ხოლო საჭირო ცვლადებზე მონაცემები მიღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და მსოფლიო ბანკის მიკრო მონაცემთა ბაზებიდან, რაც კვლევის შედეგების მაღალ სანდოობას და ვალიდობას უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს, კვლევამ გამოავლინა არსებითი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ფირმების ზომის მიხედვით ინოვაციებსა და მწარმოებლურობას შორის. კერძოდ, კვლევა და განვითარება სტატისტიკურად მნიშვნელოვან უარყოფით დამოკიდებულებაში იმყოფება პროდუქტისა და პროცესის ინოვაციასთან. დადგინდა, რომ საქართველოში ინოვაციები არსებით გავლენას არ ახდენს მწარმოებლურობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებთან. მწარმოებლურობაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს ძირითადი კაპიტალის ზრდა და დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დასტურდება გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებში ასახული შედეგებით, რომლის მიხედვითაც საქართველო იმყოფება ეკონომიკური განვითარების „ეფექტიანობაზე ორიენტირებულ სტადიაზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს საინვესტიციოდან — მწარმოებლურობაზე ორიენტირებულ პროაქტიულ პოლიტიკაზე გადასვლა.
კვლევის შედეგები, ფაქტობრივად, მთლიანად სიახლის მატარებელი და პრაქტიკული მნიშვნელობისაა, რამდენადაც მსგავსი მასშტაბის ემპირიული კვლევა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დამახასიათებელი საექსპორტო შესაძლებლობების სპეციფიკის გამოვლენა ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ჯამური სოციალური ეფექტის ზრდას. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე და საშუალო საწარმოების მართვის პრაქტიკაში და სახელმწიფო დონეზე ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. კვლევის შედეგები, ასევე, შეიძლება მიმართული იყოს საგანმანათლებლო სფეროში.
საგრანტო პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია 2 სამეცნიერო ნაშრომი: „მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის ანალიზი ეკონომიკური საქმიანობის ზომისა და სექტორების მიხედვით საქართველოში“ (ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, #3, 2020); „ინოვაციების გავლენა მწარმოებლურობაზე ფირმების ზომის მიხედვით საქართველოში“ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის მე-V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ შრომების კრებულში. ასევე გამოსაცემად მომზადებულია მესამე ნაშრომი — „ინოვაციების გავლენა საექსპორტო შესაძლებლობებზე ფირმების ზომის მიხედვით“, რომელიც მაღალრეიტინგულ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდება ინგლისურ ენაზე.
ზემოთ აღნიშნული პროექტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ და კვლევითი ჯგუფების მუშაობას მაღალი შეფასება მისცეს თსუ-ის ვიცე რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა: ვლადიმერ პაპავამ, ელგუჯა მექვაბიშვილმა, ეთერ ხარაიშვილმა, მირიან ტუხაშვილმა, სიმონ გელაშვილმა და სხვებმა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი ხელშეწყობა ასევე დადებითად შეფასდა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, რადგან აღნიშნული აქტივობა ემსახურება როგორც სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას, ასევე სამეცნიერო სფეროში თსუ-ის, მათ შორის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პოპულარიზაციას.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,
ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი