თამარ დადიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს 100 წელი უსრულდება. დაარსებიდან დღემდე ფაკულტეტზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. ფაკულტეტის სტრატეგია მაღალპროფესიული კადრებისა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე გადის. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეკონომიკის პროფილით საქართველოში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ის უძლიერესი ეკონომიკური სკოლაა, რომელიც ასოცირდება ხარისხიან განათლებასთან და მაღალკვალიფიციურ კადრებთან. ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია ეყრდნობა სწორედ ამ კონკურენტული უპირატესობის რეალიზაციის აუცილებლობას. ფაკულტეტის უდავო ლიდერობას ასევე ადასტურებს მისი, როგორც წამყვანი კვლევითი ცენტრის აღიარება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ფაკულტეტი რეგიონის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი გახდება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აუცილებელია თვალი გადავავლოთ უნივერსიტეტის მდიდარ წარსულს და ერთხელ კიდევ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვის სახელთანაც დაკავშირებულია ეკონომიკური მეცნიერების განვითარება.
1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაეყარა. აღნიშნულ ფაკულტეტთან დაარსებულ ეკონომიკურ განყოფილებას სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1922 წელს დამოუკიდებლად შეიქმნა სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომლის დეკანი იყო პროფესორი შალვა ნუცუბიძე.
1931 წელს სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელიც გახდა ეკონომიკური პროფილის სასწავლო–აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ერთადერთი ცენტრი საქართველოში.
უნივერსიტეტის დაარსებისა და აღორძინების ისტორიული ამოცანის შესრულებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქართული ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა:
ფილიპე გოგიჩაიშვილი — ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
ირაკლი მიქელაძე — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
პაატა გუგუშვილი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მან 1944 წელს, ფილიპე გოგიჩაიშვილის თანადგომით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოაყალიბა ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1991 წელს ეკონომიკის ინსტიტუტს მისივე სახელი მიენიჭა.
ვასილ ჩანტლაძე — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ვალერიან მელქაძე — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და სხვა ცნობილი პროფესორები.
დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოღვაწეობენ ეკონომიკის დარგში აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა და ავთანდილ სილაგაძე.
უნივერსიტეტში ეკონომიკური პროფილის სხვადასხვა ფაკულტეტი არსებობდა, რომელთა დეკანები იყვნენ პროფესორები: ბიკენტი გაბიძაშვილი, ალექსანდრე კუჭუხიძე, ნუგზარ პაიჭაძე, როინ ქუტიძე, ილია ბაქრაძე, ნათელა მესხი, ივსიხი მუჯირი, შუშანა გველესიანი, გრიზელდი ბერკაცაშვილი, იზოლდა ადეიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და სხვა.
2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ფართოვდებოდა ეკონომიკური განათლების სფერო, შეიქმნა ახალი სპეციალობები და, შესაბამისად, ჩამოყალიბდა ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტები: სააღრიცხვო–ეკონომიკური, საინჟინრო–ეკონომიკური, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის.
გასული საუკუნის 90-იან წლებიდან 2005 წლამდე უნივერსიტეტში ეკონომისტთა კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურებოდა ოთხი ფაკულტეტი: ეკონომიკა, მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი, კომერცია და მარკეტინგი, საერთაშორისო ბიზნესი.
სხვადასხვა წლებში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანები იყვნენ პროფესორები: სერგო ბერაძე, კასიანე მეგრელიძე, ნიკოლოზ ქოიავა, იოსებ ბაჯაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, ირაკლი მიქელაძე, ვალერიან მელქაძე, პავლე გარუჩავა, გივი ჭანუყვაძე, ვლადიმერ ლებანიძე, გრიგოლ თოდუა, თენგიზ დემეტრაშვილი, ავთანდილ სილაგაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, თეიმურაზ ბერიძე.
ეკონომიკის ფაკულტეტზე სხვადასხვა წლებში კათედრებს ხელმძღვანელობდნენ: აკადემიკოსები: ვასილ ჩანტლაძე, ირაკლი მიქელაძე, არჩილ გოკიელი, ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, პროფესორები: სერგო ბერაძე, არჩილ ფანცხავა, ვალერიან ადვაძე, გიორგი ადეიშვილი, გიორგი მშვილდაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, გრიგოლ თოდუა, კლიმენტი აჩელაშვილი, ნოდარ ბაგრატიონი, გივი გამსახურდია, ბიკენტი გაბიძაშვილი, თენგიზ ჭიაბრიშვილი, ნოდარ ხადური, მედეა გოცირიძე, ოთარ საღარეიშვილი, მირიან ტუხაშვილი, ეთერ ხარაიშვილი, ფრიდონ ბურდული, ომარ ჩადუნელი, ელენე ხარაბაძე.
მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სხვადასხვა წლებში კათედრებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ნუგზარ პაიჭაძე, დავით ძნელაძე, ნოდარ ბიჭიაშვილი, ალექსანდრე ტატიშვილი, მურთაზ მაღრაძე, ავთანდილ გიორგობიანი.
კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სხვადასხვა წლებში კათედრებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: მამია ღაღანიძე, გივი მიქელაძე, გაიოზ ნადირაშვილი, ესტატე ბოლოკაძე.
2004 წელს აკადემიკოსებმა ვლადიმერ პაპავამ და ავთანდილ სილაგაძემ, პროფესორებთან იური ანანიაშვილთან, კლიმენტი აჩელაშვილთან, გიორგი წერეთელთან და იაკობ მესხიასთან ერთად მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემია მიიღეს.
2005 წელს ეკონომიკური პროფილის მქონე ოთხი ფაკულტეტი გაერთიანდა და შეიქმნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ორი მიმართულებაა: ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირება და ფუნქციონირებს 15 კათედრა. სტუდენტთა რაოდენობა 6000-ს აჭარბებს.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს აქვს ორი დამხმარე სტრუქტურული ერთეული: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ტურიზმის სკოლა.
ფაკულტეტი ახორციელებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის ლიონ 2 (საფრანგეთი) უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამას ტურიზმში ორმაგი ხარისხით (აკრედიტებული), პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი პროექტების დამუშავებასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას აქვს ინგლისურენოვანი სამაგისტრო Master’s Program in Economics at International School of Economics at Tbilisi State University (ISET) და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა Bachelor’s Degree Program in Economics at International School of Economics at Tbilisi State University (ISET).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს პარტნიორობას უწევენ ბერლინის (გერმანია), პოტსდამის (გერმანია), ბრანდერბურგის (გერმანია), იენის (გერმანია), პირეუსის (საბერძნეთი), მიუნხენის (გერმანია), ლილის (საფრანგეთი), ლიონის (საფრანგეთი) უნივერსიტეტები.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს: „ბლუმბერგის“ („Bloomberg“) საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია და ინოვაციური სამრეწველო, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია „ფაბ ლაბი“ ( „Fab Lab“).
ეკონომიკის მიმართულება აერთიანებს შვიდ კათედრას:
- თეორიული ეკონომიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი)
- ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი)
- მიკროეკონომიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი)
- მაკროეკონომიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი მირიან ტუხაშვილი)
- ეკონომეტრიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი იური ანანიაშვილი)
- ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი სიმონ გელაშვილი)
- საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება 8 კათედრას აერთიანებს:
- ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე)
- ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან საბაური)
- საერთაშორისო ბიზნესის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი თემურ შენგელია)
- მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია)
- გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ღაღანიძე)
- მარკეტინგის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა)
- ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი)
- ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა (კათედრის ხელმძღვანელი: პროფესორი დემურ სიჭინავა)
ფაკულტეტზე საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად მუშავდება ათამდე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აქტიურად საქმიანობს სტუდენტთა სწავლების თანამედროვე მეთოდების დასანერგად, სამეცნიერო კვლევების დონის ასამაღლებლად და სწავლების პროცესში პრაქტიკული მიმართულების გასაძლიერებლად.