შურთხია ბეროშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა ანთროპოლოგიის დოქტორანტი ბორის კომახიძე ამჟამად საველე ეთნოგრაფულ კვლევებს ატარებს ლატვიაში. კვლევა მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილია და მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში. ეს ორი ინსტიტუტი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ქართულ-ნორვეგიული პარტნიორობის პროგრამა ანთროპოლოგიაში — კვლევაზე დაფუძნებული განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის“. პროექტს ხელმძღვანელობენ პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და პროფესორი თუნე ბრინგა. ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის პროგრამის ფარგლებში 2019 წლიდან ასევე ტარდება საზაფხულო სკოლა, რომელშიც ქარველი და ნორვეგიელი სტუდენტები ისმენენ ლექციებს ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ და ატარებენ მცირე მასშტაბის კვლევებს.
დოქტორანტ ბორის კომახიძის კვლევა ურბანული ანთროპოლოგიის სფეროს განეკუთვნება და ქართულ-ლატვიური მაგალითების შედარებით ანალიზს გულისხმობს. საველე მასალის შეკრების შემდგომ ბ. კომახიძეს საშუალება მიეცემა სამი თვე გაატაროს ბერგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო პუბლიკაციაზე სამუშაოდ.
2022 წელს ქართულ-ნორვეგიული პროგრამის ფარგლებში ბერგენის უნივერსიტეტში სტაჟირებას გაივლის თსუ სადოქტორო პროგრამა ანთროპოლოგიის კიდევ სამი დოქტორანტი: ალისა დათუნაშვილი, მარიამ რაზმაძე და ზვიად მირცხულავა.