„ვარდისფერი ქუჩიდან მაქვს შენთვის მოკითხვა, მე შენ მჭირდები...“ — ნინი თურმანიძე ასე მოგვესალმა, როდესაც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით კითხვა გავუგზავნეთ თსუ-ის სტუდენტს — რით შეგვიძლია გაგამხნეოთ? აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა, „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ ემოციურად გადატვირთულ გარემოში, კიდევ უფრო მეტად ითხოვს თვითრეალიზებისთვის საშუალებების შეთავაზებას, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ყოფნისას გამოთავისუფლებული დიდი დროს ათვისება გჭირდება იმ შიშის დაძლევის პარალელურად, თუ როგორ დახარჯო შენი ენერგია? რაზე გადაერთო? რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ უარყოფით ემოციებს სძლიო და მაინც შექმნა რაღაც ამ რთული მოცემულობის მიუხედავად... ალბათ, ასე ფიქრობდა ნინი, როდესაც შევეხმიანეთ და დავტვირთეთ გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხების გაცემის დავალებით, რათა შემდეგ გაზეთში მის შესახებაც დაგვეწერა... სტუდენტმა სიხარულით მიიღო ჩვენი შეთავაზება — ბევრისთვის ამ დამზაფვრელ დროს ხომ დიდი მადლია ფიქრების, ემოციების გაზიარება და იმის გააზრება — რომ სოციალური ურთიერთობები კვლავაც გრძელდება...
ნინო თურმანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს. უკვე მეორე კურსზეა. თვლის, რომ უნივერსიტეტმა მისცა ძალიან დიდი შესაძლებლობა — დაენახა საკუთარ თავში ჩამოყალიბებული და გაზრდილი ადამიანი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს თავისი მიზნების და ოცნებების ასახდენად. „ძალიან დიდი შესაძლებლობაა ისიც, როცა უნივერსიტეტი მეორე პროფესიას გარჩევინებს — მაინორად კულტურის კვლევებზე ვსწავლობ. ეს ფაკულტეტიც საინტერესოა და ზოგადი ცოდნის ამაღლებაში მეხმარება, შემძინა ბევრი მეგობარი, რომლებიც ცდილობენ ჩემს წარმატებას შეუწყონ ხელი, ერთად ვმეცადინეობთ, ვათენებთ ღამეებს გამოცდებისთვის, ერთად ვარჩევთ საჭირო საკითხებს, ვცვლით ცოდნას. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, თუმცა ამ ფაკულტეტზე ეს არ იგრძნობა. თსუ ცოდნის ტაძარია — ბევრი სიახლით, სტუდენტებზე მორგებული გარემოთი და ახალი ურთიერთობებით სავსე. ესაა სახლი, რომელშიც მუდამ ვიღაც გელოდება“, — გვწერს ნინი.
ნინო თურმანიძეს ყველაზე უკეთ ჩანახატების წერა გამოსდის და ეს მისი უნარი კიდევ უფრო გვაკავშირებს მასთან. ყველაზე მიმზიდველი კი მისი ფილოსოფიური შეფასებებია — თუ რაში ეხმარება მას, როგორ პიროვნებას, წერა? „ემოციური ბავშვი ვიყავი, ხშირად ბუტიაც და ძალიან მომწონდა ჩემი გრძნობების ფურცლებზე გადატანა, ვწერდი დაუსრულებლად სამყაროზე და ადამიანებზე... თავისუფალ თემებს და ლექსებს მაწერინებდა ქართული ენის პედაგოგი ღონისძიებებისთვის. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მოთხრობა დამაწერინეს ობოლ გოგონაზე და მაშინ პირველი ხარისხის დიპლომი მივიღე. დღემდე ვწერ ჩემთვის, ყოველთვის მაშინებდა ხალხის აზრი (ეს პირველი შემთხვევაა, როცა გავბედე თქვენთან გამოხმაურება). როცა მიჭირს სულიერად, ვწერ ბევრს და ვცდილობ — ჩემს თავში დაკარგული ადამიანი წამოვაყენო, ავდგე, რადგან შეცდომებზე სწავლობს ადამიანი...“, — ასე აზროვნებს ნინი, რომელსაც ცხოვრებისეული საკუთარი პრინციპებით ზოგჯერ დიდ ადამიანებზე მეტად შეუძლია, რომ გვასწავლოს — როგორ უნდა იპოვო ადამიანმა შენი ნიშა, რათა, დაცემულიც კი, ადგე და თავაწეულმა გაიარო იმ ფიქრით, რომ შენ შენს ქვეყანას რაღაცით მაინც არგე... „ისტორიას სახელი რომ დაუტოვო, სულ არაა საჭირო — ცნობილი იყო, უბრალოდ ადამიანებს თავი უნდა შეაყვარო, უნდა იყო წრფელი და არ უნდა გიწევდეს თამაში. თუ ადამიანებს შენს სიყვარულს ასწავლი, ჩემი აზრით, შენს მოსვლას ამ ქყვეყნად ფასი აქვს. ყოველი დღე გამოცდაა შენი... არ ვიცი, სახელი დარჩება თუ არა ისტორიას — ეს მეასე ხარისხოვანია, თუმცა სიყვარული და უანგარო ბედნიერება, რომელსაც ადამიანებისგან ვიღებ, აუცილებლად იტყვის ყველაფერს. მინდა, სწორი გზით და უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ ადამიანებმა, მეტი სიყვარული და ნაკლები შური იყოს ჩვენში, მეტი რწმენა და იმედი. იმედი იმის, რომ გადავრჩებით!“ — აქეთ გვამხნევებს ნინი და გვიხარია, რომ გაზეთით ის დიდ-პატარა ქალი უნდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომელიც, ასეთ დროს, ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევა ხოლმე... მისი ნააზრევი და ამჟამინდელი ქმედება (ის არ ჩერდება!) ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სწორედ ნინი თურმანიძის დამოკიდებულებები, აღქმები და სულიერი სამყარო გავუზიაროთ ყველას დამშვიდებისთვის და იმედიანობისთვის...
ისტორიას კი მართლაც შემოვუნახავთ მის ჩანახატს, რომელშიც ნინიმ ფანტაზია და რეალობა ერთმანეთს შეუზავა ახალი კორონავირუსით გამოწვეული მოცემულობისას.
იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემს „კორონა ქალაქში“ მზე ისევ სხვანაირად გაანათებს
(ნინი თურმანიძის ჩანახატი)
ალბათ დაგინახავთ პატარა, მეოცნებე გოგონა ვარდისფერი ქუჩიდან, სარკმლიდან გადმოკიდებული და ფიქრებით გატაცებული აგატას წიგნებით... ის არც გამომძიებელია ან რამე სხვა, რომელსაც მოსწონს ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ყურება, როგორც ქუჩებში მოზუზუნე მანქანების თვალიერება. აკვირდება ადამიანების ბედნიერ და მოწყენილ სახეებს, უყვარს წვიმაში სეირნობა, კლასიკური მუსიკა და ახალი გამოწვევები, პლედში გახვევა და აივანზე ჭიქა ღვინით გამოთრობა, დაუსრულებლად წერა ადამიანებსა და სამყაროზე... პატარა ბავშვივით გიჟდება ფერადი ბამბის ქულაზე, რომელსაც ბაბუ გზად ჩამოატარებს ხოლმე. მას საკუთარი ყვავილების მაღაზია ექნება, იმუშავებს პრესაში. იფიქრებ, ზედმეტად მეოცნებეაო. ჰო, მეოცნებეა, ყველამ იცის ამ ქუჩაზე...
დღეს მისი ვარდისფერი ქუჩა დაცარიელდა, მზისფერი ქუჩა „კაციჭამია“ სენმა შეიპყრო, ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა... ახსოვს ის დღე, ვირუსმა ყველაფერი რომ შეცვალა, ერთნაირად არია და გააფერმკრთალა უწინდელი დღეები. დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, გადაიდო სწავლაც... წამლისა და საკვების მოსაპოვებლად დაუსრულებელი რიგები, შეშინებული ლურჯ პირბადიანი ადამიანები... უწინდელ მზიან ქალაქს „კორონა ქალაქი“ შეარქვა, ფერადსა და ნათელ ქვეყანას ოცნება წაართვა, ხალხს — იმედი, ადამიანებს — მეგობრები... და, მეოცნებე გოგო სადაა? — ის არ კარგავს იმედს, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ხალხი აღარ იცინის, ქუჩებმაც მიიძინეს, მისი სახლიდან ფერადი ცისარტყელა არ მოჩანს და ვერც ბაბუას ამჩნევს, „ბამბის ნაყინს“ რომ გაიძახის ხოლმე, ვერ ხედავს ბავშებს, რომლებიც ამ ქუჩას სიხალასით აავსებდნენ ხოლმე. ეს გოგო გაიზარდა, მაგრამ მაინც ერთობა ბავშვური თამაშებით. ეჰ, რა კარგი ყოფილა დახუჭობანა... ენატრება მეგობრები, ბიბლიოთეკა და მისი საყვარელი ადგილი, ის შოკოლადის კრუასანი, რომელსაც, ხშირად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მიირთმევს ყავასთან ერთად, ცოცხალი ურთიერთობები და ადამიანების გაბედნიერება. გადაწითლებული ცხრილით პირველი კორპუსიდან მეხუთეში დაუღლელად მორბენალს ხედავენ ხოლმე... უყვარს სიცოცხლე, ის არ ჩერდება. ძნელია წერო იმაზე, თუ რას განიცდი. დიახ, მასაც შენსავით უნდა დარჩენა...
ჰეი, სალამი! ჰო, ჰო, შენ გეუბნები! მე ნინი ვარ ვარდისფერი ქუჩიდან. მჯერა, ყველაფერი გაივლის, მინდა, ისევ იცინო და ამ ვითარებას ცოტათი პოზიტიურად შეხედო... ჩემი ცხოვრებაც აირია, ვერც საყვარელ ადგილებში მივდივარ, ვერც მონატრებულ ადამიანებს ვნახულობ, რომლებიც დაუსრულებლად მენატრებიან. ვირუსმა პანიკური შიში გამოიწვია ჩემში-თქო, ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ასეთ დღეებშიც შეიძლება გამოსავლის პოვნა. ბავშვობიდან თავისუფლად და ლაღად ვურთიერთობ ადამიანებთან, ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების სითბო და ჩახუტება დამაკლდა. კორონამ დედამიწა შემოაბრუნა, საათმაც წაღმა დაიწყო ტრიალი, მოვხვდი ბუფერულ ზონაში, სადაც მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ, ვერც უნივერსიტეტში დავდივარ. დარწმუნებული ვარ, შენც ჩემსავით მოგბეზრდა ოთხკედელში გამოკეტვა. მშობლებმა ჩემი სოფელში გაშვება გადაწყვიტეს, აქ შედარებით უსაფრთხოდ ვარ, ვუვლი ჩემს საყვარელ პაპას, ვანებივრებ გემრიელი კერძებით, ვიცი, რომ ბედნიერია. „დიდი სახლის პატარა დიასახლისობაც“ შევითავსე, ვიცლი სწავლისთვისაც, აქტიურად ჩავერთე ონლაინ სწავლებაში და ვმეცადინეობ ყოველდღე. სიმართლე გითხრა, სისტემა ნამდვილად სწრაფად და გამართულად მუშაობს, თუმცა, სავსე და ახმაურებულ უნივერსიტეტს არაფერი შეედრება. ჰო, კიდევ ერთი ჩვევა უნდა გაგანდო, არ მიყვარს უსწავლელად დაძინება, კონსპექტების რიგი, მაღლივის საგამოცდო ციებ-ცხელება და ამოღამებული თვალებით სიარული. არ მიყვარს ტელევიზორის ყურება, ვთვლი — წიგნების კითხვა უფრო პროდუქტიულია, ზედმეტ პანიკაში გვაგდებენ საინფორმაციოები. ვირუსმა ჩამიშალა გერმანიაში წასვლის გეგმებიც... იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემს „კორონა ქალაქში“ მზე ისევ სხვანაირად გაანათებს, ნაცრისფერი დღეები ფერადი და კაშკაშა დღეებით ჩანაცვლდება, ისევ დავსველდები წვიმიან ქუჩებში, ისევ დავინახავ სიყვარულით შეპყრობილ მოსეირნე წყვილებს, თავისუფლად გავშლი ხელებს, დავიჭერ ხალხის კეთილ მზერას, რომელიც თვალებში ვარსკვლავებს ამითამაშებენ. ჰო, ამ ვირუსმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, ცოტაც დამასევდიანა...
თუ ამას კითხულობ, მინდა იცოდე, რომ მეც შენსავით მარტოსულად ვგრძნობ თავს, ნეტა ჩემი დასნეულებული ქალაქი მალე განიკურნება? ხომ იცი, სასწაულები ხდება, მთავარია შენც ჩემსავით დაიჯერო. მე ხშირად ვუყურებ ვარსკვლავებს და ბევრს ვფიქრობ ყველაზე, ამიტომ მჭირდება შენი ღიმილიც, ეს ჯაჭვი რომ არ დაირღვეს. დარჩი სახლში ცოტახნით, ესეც მალე გაივლის... „რწმენა ნუგეშად რომ არ გვქონდეს, ცხოვრება მეტად მწუხარე იქნებოდა“, მალე ქუჩები კვლავინდებურად ახმაურდება, მალე ერთმანეთს ჩავეხუტებით.
სტატიის ავტორი: ნინო კაკულია