თამარ დადიანი
გამომცემლობა პალიტრა L კონკურსში — „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, მონაწილეობას იღებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თიკა სურმანიძე.
თიკა სურმანიძე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსში — „დებიუტი" (2019 წლის გამოცემა) მიიღო მონაწილეობა. თიკა სკოლის პერიოდშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსის მონაწილეც იყო. საბოლოოდ კი შემოქმედებითმა მუშაობამ ისე გაიტაცა, რომ კონკურსში — „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ — საკუთარი რომანი „ზღვარი“ წარმოადგინა.
„ეს კონკურსი ჩემთვის შანსია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო და უკვე დაწერილი რომანი გამოვაქვეყნო... მოლოდინებს რაც შეეხება, იმედგაცრუება არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ მოლოდინებიც ყოველთვის ნაკლები შევიქმნა..“ — ამბობს თიკა, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ ამ კონკურსში წარმატებას მიაღწევს. „როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, ჩემი შემოქმედების თითოეული ნაწილი საკუთარი შვილივით მიყვარს. განსაკუთრებით კი „ზღვარი“. ეს არის ისტორია, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს, ეს არის ისტორია, რომელიც გვაიძულებს, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და, თუ ასე არ მოვიქცევით, გვაჩვენებს იმ სამყაროს, რომელშიც აღმოვჩნდებით... არჩევანი კი მხოლოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ...“ — აცხადებს თიკა, რომელიც კონკურსანტებს შორის მოწინავე რიგებს იკავებს. მას, ასევე, უზომოდ აბედნიერებს თითოეული ადამიანის მხარდაჭერა და ფიქრობს, რომ ეს კონკურსი მარტო ამის დასანახადაც ღირდა!
„შემოქმედებითი ადამიანები ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო მგრძნობიარენი ვართ, ოდნავ უფრო სხვანაირ ფერებში აღვიქვამთ სამყაროს, ოდნავ უფრო სხვანაირად გვიხარია, გვტკივა და განვიცდით... პირადად მე ემოციების გამოხატვა მიჭირს, წერა კი ის იშვიათი საშუალებაა, რითაც ამას ვაკეთებ... ყოველთვის ვამბობდი, ჩემი ჩანახატები ჩემი სულის სარკეა-მეთქი. ალბათ, რასაც არ შევეშვები, წერაა... ამ კუთხით ვაგროვებ „პატარ-პატარა ემოციებს“, რომ ისევ მოვუყარო ერთად თავი და ალბათ „ზღვარი“ მხოლოდ დასაწყისია...“ — აღნიშნავს თიკა სურმანიძე.
„ბავშვობის დროს შექმნილი წარმოდგენები ცხოვრების ბოლომდე მიგვყვება. განცდებიც, ვფიქრობ, ამ პერიოდშია ყველაზე წრფელი, სუფთა და ნამდვილი. არა მხოლოდ განცდები, არამედ თავადაც, ალბათ, ამ დროს ვართ ყველაზე წრფელები და ნამდვილები. ბავშვობიდანვე მივისწრაფოდი დამოუკიდებლობისკენ, ამასთანავე, ძალიან ჯიუტიც ვიყავი და ეს სიჯიუტე დღემდე თან მომყვება. ვერ ვიტყვი, მარტივი ბავშვი ვიყავი-მეთქი. ყოველივე ამაზე დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, მგონია, რომ ზუსტად ამ სიჯიუტემ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ გამაძლიერა და გამხადა ის, ვინც დღეს ვარ“, — ამბობს თიკა, რომელმაც ქართული ენის სიყვარული ადრეულ ასაკშივე შეატყო საკუთარ თავს. თოჯინებით თამაშს წიგნების კითხვა ერჩია, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისთვის წიგნი იყო. ქართული ენის გრამატიკა სკოლაშივე შეიყვარა და უზომოდ მოწონდა, როცა სწორად მეტყველებდა და წესებს ზედმიწევნით იცავდა. „ თანდათან უფრო და უფრო ღვივდებოდა ჩემს ცნობიერში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ სიყვარული. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ოდესმე მაინც დავწერდი წიგნს და ეს იქნებოდა ის, რასაც დავტოვებდი, ცოტა სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ადრეულ ასაკშივე ვფიქრობდი ამას. სწორედ ამ „გულუბრყვილო“ ბავშვობის ოცნებამ და ქართული ენის სიყვარულმა გადამადგმევინა ჩემი დღევანდელი პროფესიისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები...“- გვიმხელს თიკა, რომელიც საკუთარ თავს პერფექციონისტს უწოდებს და ცდილობს ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთოს — „არასდროს ვყოფილვარ ბოლომდე კმაყოფილი, რადგან ცხოვრების დევიზად მაქვს ქცეული, რომ „უკეთესზე უკეთესი არ დაილევა“, ამიტომ ყოველი კარგად გაკეთებული საქმის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ უკეთესიც შეიძლებოდა.“
თიკა შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანიობასაც ეწევა. უნივერსიტეტში სწავლის დროს ბევრ აქტივობაში იყო ჩართული, უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაცია — „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას“ უკავშირდება. „სწორედ ამ პროექტის საშუალებით, სამი წლის განმავლობაში, აქტიური ურთიერთობა მქონდა პარლამენტთან, უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ელჩებთან... მივიღე მონაწილეობა უამრავ კონფერენციაში და დავხვეწე საჯარო გამოსვლების ხელოვნება. ასევე, პარალელურად, თავადაც ვიყავი ლექცია-სემინარების ორგანიზატორი სხვადასხვა თემაზე. დღემდე გრძელდება ჩემი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან, რაც ძალიან მეხმარება პროფესიული კუთხით დახვეწაში.
სტუდენტობის პერიოდში ჩემი მოღვაწეობა ცოტა ხნით ტელეკომპანია „იმედშიც“ გაგრძელდა. პარალელურად ჩართული ვიყავი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პროექტებში“, — ამბობს თიკა, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი ცდილობს არ მოდუნდეს, რადგან იცის — რომ ყოველივე მხოლოდ დასაწყისია!
თიკას უზომოდ უყვარს თავის პროფესია, შეუძლია ნებისმიერი ბგერის ფონეტიკურად დახასიათება, ერთ დასმულ მძიმეზე ან სიტყვის რომელიმე ფორმაზე საათობით ფიქრი და როცა სწორ პასუხს იპოვის, ეგ კიდევ ცალკე ბედნიერებაა! „რაც შეეხება ფილოლოგიას და, ზოგადად, ფილოლოგს, ძალიან მწყინს, როდესაც საზოგადოება არაინფორმირებულია ამ პროფესიის შესახებ, „სკოლაში მასწავლებლობას“ გვისჯიან ხოლმე „განაჩენად“. იმას კი არ ვამბობ, ცუდია-მეთქი, არა, პირიქით, ვფიქრობ, ერთ-ერთი პატივსაცემი პროფესიაა დღესდღეობით. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ფილოლოგია ბევრად მეტია, ბევრად დასაფასებელია. კარგი ფილოლოგი, მგონია, რომ შესანიშნავი რედაქტორი იქნება, კარგად მოირგებს ჟურნალისტის როლს და იდეალურად დაწერს სტატიებს, ამიტომაც მინდა აღვნიშნო, რომ ფილოლოგია ბევრად მეტია, ვიდრე სხვებს ჰგონიათ...“-აღნიშნავს თიკა, რომელიც ჟურნალისტიკით სტუდენტობის პერიოდშივე დაინტერესდა და გადაწყვიტა მეორად პროფესიად ჟურნალისტობა აირჩიოს.
„ყოველთვის თამამად და სიამაყით ვიტყვი, რომ მქონდა პატივი მესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მივიღე საკმაოდ დიდი ცოდნა, მქონდა ურთიერთობა ისეთ ლექტორებთან, რომლებიც თავიანთი პროფესიული და პიროვნული კუთხითაც მისაბაძნი გახდნენ ჩემთვის. შემოქმედებით მუშაობასთან ერთად მომავალ წელს ვაპირებ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ჟურნალისტიკის ან პოლიტიკის მეცნიერებების კუთხით...“ — აცხადებს თიკა, რომელიც ფიქრობს, რომ ყოველივე მხოლოდ დასაწყისია...