თამარ დადიანი
დასავლური ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველთა თაროს კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსის — პლატონის ტრილოგია — თეეტეტოსი სოფისტი პოლიტიკოსი (ძველბერძნულ-ქართული გამოცემა) შეემატა შესავლითა და კომენტარებით. აღსანიშნავია, რომ წიგნი პირველად გამოვიდა ქართულ ენაზე. წიგნი ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა და მოწვეულმა ლექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა მაია შუხოშვილმა.
პლატონი (ძვ. წ. 429/8 -347/6 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსია, რომელიც განუხორციელებელი იდეალების მქონე მოაზროვნე იყო. მისი შრომები დიალოგების ფორმით არის დაწერილი. ეს დიალოგები ძლიერია ფორმითაც და შინაარსითაც. პლატონს ფილოსოფია მიაჩნდა ძიებად და არა დასრულებულ, რეზულტატების მომცემ მეცნიერებად. პლატონი ერთდროულად მოაზროვნეც არის და შემოქმედიც. მისი ქმნილებები საინტერესოა, როგორც ფილოსოფიური, ასევე, მხატვრული თვალსაზრისით. ჩვენამდე პლატონის ოცდაათამდე დიალოგი და 13 წერილია შემორჩენილი, მათ შორისაა: „ფედონი“, „ნადიმი“, „სახელმწიფო“, „პარმენიდე“, „ადრეული დიალოგები“ და სხვა.
„თეეტეტოსი“ პლატონის შუა პერიოდის დიალოგებიდან ერთ-ერთი უკანასკნელია, „სოფისტი“ და „პოლიტიკოსი“ კი გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. თითოეული ეს დიალოგი მიზნად ისახავს განმარტოს — თუ რა არის ცოდნა, ვინ არის სოფისტი და ვინ არის პოლიტიკოსი. მეცნიერები ამ დიალოგებს ხშირად პლატონის ერთიან პროექტად მოაზრებენ, რომელიც უნდა დაგვირგვინებულიყო დიალოგით „ფილოსოფოსი“ — იმ დიალოგით, რომელიც პლატონს არასოდეს დაუწერია.
ეს სამი ნაწარმოები ერთმანეთთან თემატურ და დრამატულ კავშირშია და ერთიანობაში წარმოადგენს პლატონის მოწიფულობის ხანის მოსაზრებებს ეპისტემოლოგიის, მეტაფიზიკისა და პოლიტიკის მიმართულებით.
წიგნი გამოიცა ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდის მიერ, მწერალთა სახლის მხარდაჭერით.