თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება უკრაინას მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე პირველი ქართული უნივერსიტეტი მკაფიო პოზიციას აფიქსირებს და რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას გმობს. „რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა…“ „101 წლის შემდეგ — საქართველოს 20%-ის ოკუპაციასთან ერთად, ახლა უკვე უკრაინაში შეჭრით, რუსეთი კვლავ ცდილობს იმპერიის აღდგენას…“ — აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებებში.
„101 წლის წინ — 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ფრონტზე მოხალისედ მყოფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, მარო მაყაშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, პავლე ბეშქენაძე თბილისის დაცვისას დაიღუპნენ. საბჭოთა იმპერიამ საქართველოს განვითარება 70 წლით შეაფერხა. დღეს რუსეთი იმპერიის აღდგენას ისევ ცდილობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში. გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, აკადემიურ საზოგადოებას და სტუდენტებს! — აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინისტიკის კვლევა-სწავლების მრავალწიანი ტრადიცია აქვს. თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია უკრაინის შვიდი უმაღლესი სასწავლებელი: უკრაინის კარაზინის სახელობის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი, ოსტროგის აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი, კიევის ეროვნული სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი, საბაჟო საქმისა და ფინანსების უნივერსიტეტი, უკრაინის საინჟინრო-პედაგოგიური აკადემია.