ნინო კაკულია
2020 წლის 5 მარტს უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი 70 წლის იუბილეს უნივერსიტეტელების, მეცნიერებათა აკადემიის წევრებისა და მეგობრების დიდ წრეში აღნიშნავდა. თბილისში უკვე ბევრმა იცოდა, რომ საქართველოს საზღვრები რაღაც ვერაგმა ვირუსმა გადმოკვეთა და მაინდამაინც არ იყო რეკომენდირებული გადაკოცნით დაბადების დღის მილოცვა... თუმცა სითბოს და სიყვარულის გამოხატვის ჟესტიკულაციები წვეულებაზე ჯერაც ჩვეულ ადამიანურ ხასიათებს ემორჩილებოდა... უკრავდა სასიამოვნო მუსიკა და სტუმრები ერთ არჩვეულებრივ აკადემიურ საღამოს ატარებდნენ...
ახალი დღე განგაშით გათენდა — ამოუცნობი მტრის მოახლოება ტელევიზიებმა გვაცნობეს... „მჯერა“-“არ მჯერას“ რიგებში საქართველოში მთავარი სკამი კოვიდ-ცხრამეტმა დაიკავა.
* * *
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 12 მარტიდან უნივერსიტეტში დაწესდა დისტანციური მუშაობის რეჟიმი და შეღავათიანი სამუშაო გრაფიკი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე თანამშრომლებს მოუწოდებდა — ვინც ფლობს ავტომანქანას და უწევს სამსახურში გამოცხადება, გამოვავლინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩვენს მეზობლად მყოფ თანამშრომლებს შევთავაზოთ ტრანსპორტით მომსახურება. მიზანი იყო აღნიშნული წესის ზედმიწევნით დაცვა იმგვარად, რომ საფრთხე არ დამუქრებოდა უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მთავარი მოტივი — უნივერსიტეტელების ვირუსისგან დაცვა გახლდათ.
უნივერსიტეტში საქმიანი შეხვედრები შეფერხდა... თუკი ე.წ. ტრადიციონალისტები დღემდე მძიმედ ეგუებიან უნივერსიტეტთან შეხვედრის სხვა მანერას, რაც თეთრი ტაძრის წინაშე ქუდის მოხდას აღარ გულისხმობს, კოვიდ 19-მა ეს აქცენტიც შეცვალა და სანატრელი გახდა მისალმების ჩვეული სტილიც... დღეს გამარჯობა მუშტით დახვედრაა და ამას უნივერსიტეტშიც აუბეს მხარი... საყოველთაო ჩვევის დამკვიდრების ამბიცია ისევ ჩვენ გვაქვს — პირველ ქართულ უნივერსიტეტს...
16 მარტს უნივერსიტეტის რექტორი აკეთებს განცხადებას, რომ 23 მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შერეული ფორმატით დაიწყებოდა სასწავლო პროცესი. რექტორი გიორგი შარვაშიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ფაკულტეტების დეკანებს ხვდებიან და ამოწმებენ ონლაინ სწავლების წარმართვისთვის ფაკულტეტების მზაობას.
რექტორი უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის სტუდიას სტუმრობს — ცენტრს დაევალა ლექციების ვიდეო-გადაღება და ონლაინ გავრცელება. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი გრაფიკის შევსებას ვერ აუდის — ტექნიკური პერსონალის ჯიბრზე ლექციის ჩასაწერად გამზადებული ლექტორები გადაღებაზე არც იგვიანებენ და მონტაჟიც არ ეზარებათ... რიგი არ წყდება... ამ ქცევის მთავარი მოტივი ერთია — სტუდენტი არ დააღალატონ...
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით „საქართველოს ბანკმა“ უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა. მოლაპარაკებები ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სიხარული ვერ დამალა და დაწერა: თსუ ფლობს 1 წლიან სრულყოფილ 500 ლიცენზიას, რაც საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა! უნივერსიტეტმა 23 მარტიდან შეძლო და 21 000-ზე მეტ სტუდენტს შესთავაზა დისტანციური სწავლების რეჟიმი, რისი წარმოდგენაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო!
თეთრს ნაცრისფერი ცვლის... კორონავირუსის პირობებში უნივერსიტეტის კორპუსების დერეფნები ცარიელია... სტუდენტური ხმაური სანატრელი ხდება... და უფრო მეტად იძენს აქტუალობას თემა — სტუდენტისთვის მეტი გავაკეთოთ... რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ეკონომისტებში სტუდენტურ სივრცეს ხსნიან... ეს კორონაც გადაივლის... დღეს არა, მაგრამ ხვალ მოეწონებათ და მადლობლებიც იქნებიან... უნივერსიტეტი სტუდენტების ემოციური რეაქციების მოლოდინშია...
მეორე კორპუსის რესტავრაციაც და აღჭურვაც თითქმის დასრულდა... სამუშაოები არ შეჩერებულა — შავს ახლავს თეთრიც — ასეთია პანდემიური რეალობა უნივერსიტეტში, სადაც ახალ ჭირს არ ნებდებიან...
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა გამოკითხვა ჩაატარა. 3-10 აპრილის ონლაინ გამოკითხვაში შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოკითხულ პროფესორთა 61%-ის თანახმად, სტუდენტთა 75%-ზე მეტი ესწრება ლექციებს. პროფესორთა 94 % აღნიშნავს, რომ სასწავლო მასალის 70%-ზე მეტი ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. გამოკითხვის თანახმად, სტუდენტთა 53% -ს სრული წვდომა აქვს ინტერნეტსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე, 42% აფიქსირებს პასუხს — „მეტ-ნაკლებად“, ხოლო 5% აფიქსირებს — „არას“. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა პერსონალის კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების საჭიროებასაც ასახელებს. გამოიკვეთა სწავლის ელექტრონული სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფისა და დამატებითი ფუნქციებით აღჭურვის საჭიროებაც.
ონლაინ სწავლების გარდა უნივერსიტეტი ონლაინ კონფერენციების, სადისკუსიო პანელების და სემინარების ციკლსაც კარგად ართმევს თავს და ინტერნეტ-სივრცეც საგანმანათლებლო-სადისკუსიო ხასიათით მდიდრდება...
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე, რომლის თემა გახლდათ „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს: მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“. ანუ, როგორც უნივერსიტეტის რექტორი იტყოდა — საგანმანათლებლო სისტემისთვის მიღებული შოკი დაძლეულია.
11 ივნისს პირველად ფიქსირდება განცხადება უნივერსიტეტის თანამშრომლის covid-19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით. კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც ვირუსის გავრცელებისთანავე შეუერთდა კამპანიას — „დარჩი სახლში“, ყოველდღიურად სხვადასხვა თაობის ცნობილი თუ უცნობი მწერლების და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ წლების განმავლობაში შექმნილ მოთხრობებს უნივერსიტეტის მთავარ ფეისბუქ-გვერდზე ანთავსებს სლოგანით — დღის საკითხავი თსუ-სგან... სახლში დარჩენა პრაგმატულად მოფიქრალთათვის იმ გადააზრებით დასრულდა, რომ დრო მართლაც ფულია და რომ ტრანსპორტით გადაადგილებისას დროის უაზროდ ხარჯვას სახლიდან მუშაობა და განათლების მიღება სჯობს... თუმცა ამ მოსაზრებასაც ჰყავს კრიტიკოსები... მაგალითად სტუდენტური ჯგუფების ნაწილი ონლაინ სწავლებას აპროტესტებს და პრაქტიკული მეცადინეობები ენატრებათ.
პრაგმატულებს რომანტიკოსებმა აჯობეს... 31 ივლისს თბილისის ქუჩებში მოსიარულე ქარავანი გამოჩნდა და საზოგადოებას — „თსუ გამოშვება — 2020“-ის შესახებ ამცნო. ქარავანი ეზოდან საზეიმოდ გააცილეს დრამერებმა მუსიკის თანხლებით და სტუდენტებმა სკუტერებით... ღონისძიების ძირითადი ნაწილი ონლაინ ფორმატში გაიმართა. უნივერსიტეტის ღონისძიებების მთავარმა წამყვანმა ნატა ასათიანმა ონლაინ სივრცეში 3500 კურსდამთავრებულს ნიშანი მისცა, რომ უნივერსიტეტის ეზოდან თითოეულის სახელობითი ბუშტი გაფრინდებოდა... პანდემიის მიუხედავად უნივერსიტეტმა მაინც აჩუქა მის კურსდამთავრებულებს დასამახსოვრებელი დღე... ვირტუალურმა დიპლომებმა სოციალური ქსელები ააჭრელეს... ტექნოლოგიურმა ზეიმმა პანდემიის ნათელი მხარე გამოკვეთა... „ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი მიზნის მიღწევა, თუ არის სოლიდარობა და გუნდურობის შეგრძნება“ — თქვა რექტორმა და წერტილი დაუსვა დეპრესიულ ფიქრებს მომავალზე კორონას ჭრილში.
მართლაც, ბევრი რამ გადაფასდა, კულტურულოგები თავის სიტყვას მალე იტყვიან, მენტალობა და ჩვევა კორექტირდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა — სიცილი და ტირილი ისევ მეგობრობენ... უნივერსიტეტმა ღირსეული პროფესურა დაკარგა...
დაბოლოს,
ეპილოგი 2021 წელში იწერება. ვაქცინაციის კამპანიაში უნივერსიტეტი ერთვება და საზოგადოებისთვის კვლავ მაგალითებს ქმნის...
როცა ვირუსს დავამარცხებთ — ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი უკან აღარ მოიხედავს, მაგრამ მომავალ თაობას ეცოდინება წარსულის ახალი რეალობის ქრონიკა წიგნით — „ახალი კორონავირუსი და თსუ“...