„ეს წელიწადი იყო სწავლების, კვლევისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის ორგანიზაციისადმი სრულიად ახალი მიდგომების წელიწადი და, ასევე, განსაკუთრებული სოლიდარობისა და თანამშრომლობის წელიწადი“, — მიაჩნია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ზარანდიას, რომელიც უკეთესი ცვლილებების იმედით ხვდება 2021 წელს.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს?
ახალ წელს ყველა ადამიანი ახალი იმედებითა და უკეთესის მოლოდინით ხვდება. მინდა, ჩვენს მკითხველს, სტუდენტებს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი დღესასწაულები და ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. იმედი მაქვს, ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ სააუდიტორიო მეცადინეობებს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ისევე, როგორც ცოცხალ ურთიერთობას ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ კომუნიკაცია, ვერანაირი ონლაინ პლატფორმაც, რაც არ უნდა კარგი იყოს იგი, მთელი სისავსით ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საუნივერსიტეტო სივრცეში.
რა მოხდა დადებითი 2020 წელს?
გლობალური პანდემიისა და შემდგომი შეზღუდვების გამო, 2020 წელი რთული გამოდგა საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის და ჩვენ მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელიწადი იყო სწავლების, კვლევისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის ორგანიზაციისადმი სრულიად ახალი მიდგომების წელიწადი და, ასევე, განსაკუთრებული სოლიდარობისა და თანამშრომლობის წელიწადი. დღეს, როდესაც უკან ვიხედებით და ვიაზრებთ ამ მართლაც ძალიან უცნაურ წელიწადს, გვახარებს, რომ ჩვენმა ფაკულტეტმა, რომლის აკადემიური პოლიტიკის ნაწილი არასოდეს ყოფილა დისტანციური სწავლება, მიუხედავად კრიზისისა და რთული ვითარებისა, წარმატებით მოახერხა სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნება, ფაკულტეტის აკადემიური ცხოვრების ადაპტირება და ახალი საკომუნიკაციო არხების შექმნა. ყველაფრის მიუხედავად, წელს ჩვენ შევძელით სწავლების, კვლევისა და მართვის ხარისხის დადასტურება აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენმა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებმა მოიპოვეს სრულიად უპირობო აკრედიტაცია. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური გუნდის ერთობლივი შრომის შედეგია, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პროფესურას და ფაკულტეტს. საერთოდ კი, პანდემიამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგვაღებინა, რაც შეიძლება შემდგომ პერიოდში წარმატებით გამოვიყენოთ, თუმცა გამოწვევები ისევ ბევრია: სწავლების ხარისხი, სასწავლო და საგამოცდო პროცესი. პასუხი ამ გამოწვევებზე შეიძლება იყოს მხოლოდ თითოეული ჩვენგანის, პროფესორისა თუ სტუდენტის მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და უნივერსიტეტის წინაშე. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ მას მერე, რაც ამ კრიზისს გადავლახავთ, ამ მდგომარეობიდან გაძლიერებულები გამოვალთ.
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
სამწუხაროდ, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და ყველას დაგვჭირდება მოთმინება და წესების დაცვა. ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები და ვისურვებდი, რომ 2021 წელი იყოს ყველასათვის სასიკეთო ცვლილებების მომტანი.