თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ დოლბაია 2021 წლისთვის სამშვიდობოზე გასვლის ოცნებას ელოლიავება და პანდემიისგან ხსნის იმედი აქვს. ახალი წლის შეხვედრისას მისთვის ამჯერად მხოლოდ ერთი რამ იქნება განსხვავებული — „კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ ერთმანეთის საჭიროებას და ჩვენი ოჯახური სიმტკიცის მნიშვნელობას“, — ამბობს თამარ დოლბაია.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
დღეს მთელი სამყაროს გულისყური საერთო პრობლემისკენ არის მიპყრობილი. სანამ კაცობრიობა პანდემიისგან ხსნის გზებს ეძებს, დამერწმუნებით, სხვა სატკივარზე სასაუბროდ არავის სცალია. ჩემი იმედებიც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების საერთო მოლოდინს ეხმიანება და ამ ვითარებიდან სამშვიდობოზე გასვლის ოცნებას ელოლიავება. ამ ნატვრით ვხვდები ახალ 2021 წელს და ვიმედოვნებ, რომ შვებას მოგვიტანს, სიხარულს მოგვგვრის, დაგვიბრუნებს მომავლის რწმენას. ამ იმედთან ერთად მოვა სხვა სიკეთეებიც, რაც ჩვენს პირად თუ საზოგადო საქმეებს უკავშირდება. მჯერა, რომ სამყაროსეული ლოგიკა არც ახლა დაირღვევა — ბნელს ყოველთვის მოსდევს ნათელი, დაღმართს კი აღმართი მოჰყვება...
რა მოხდა დადებითი ამ წელს?
ამ წელს ფეხბედნიერს ვერ ვუწოდებთ. ყველა სფეროში შეგვიქმნა სირთულეები. გამონაკლისი, ცხადია, არც საუნივერსიტეტო სივრცე ყოფილა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული საზოგადო პრობლემებისა, მაინც მოვახერხეთ და დაუღალავი შრომით შევძელით არაერთი მიმართულებით წარმატებების მოპოვება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამ პირობებშიც ჩვეული რიტმით გრძელდება საქმიანობა. ახალ რეალობასთან ადაპტირების გზით განვახორციელეთ სხვადასხვა ღონისძიება. საინტერესოდ ჩავატარეთ ტრადიციული კონფერენციები, მათ შორის, ყოველწლიური საფაკულტეტო საერთაშორისო კონფერენცია — „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელიც არაერთი ქვეყნის მეცნიერთა ჩართულობით გამოირჩა. არსებულ რთულ პირობებში კრეატიული პროდუქციაც შეიქმნა. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ გადაღებულმა მინი-ფილმებმა პრესტიჟული კონკურსების პრიზები დაიმსახურა.
უნდა ითქვას, რომ ყოველივე ნეგატიურს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. გლობალურმა პანდემიამ ნათლად გვიჩვენა, თუ რაოდენ ძვირფასია ადამიანური ურთიერთობები, მოყვასთან გულწრფელი საუბარი და მასთან ფიქრების გაზიარება. თანაზიარობის აქტი ყველაზე ღირებულია ადამიანისთვის, ისევე, როგორც მარადიული ფასეულობები: სიკეთე, თანადგომა, გულმოწყალება, სიყვარული, სხვისი წარმატებით სიხარული... ეს გრძნობები ჩვენი ამქვეყნად არსებობის გამართლებაა. დღევანდელმა მკაცრმა რეალობამ უფრო მეტად გვასწავლა მათი დაფასება და მოფრთხილება; კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჭეშმარიტებაში, რომ წუთისოფელში მარადიული არაფერია...
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდები. ამ ჯადოსნურ ღამეს, ტრადიციულად, ოჯახურ გარემოში აღვნიშნავ. იმიტომ არა, რომ დღეს სხვაგან ზეიმის საშუალება არ გვაქვს. ყოველთვის ასე იყო. საგულდაგულოდ ვემზადებოდით ამ დღესასწაულისთვის, მერე ნუგბარით დაზვინულ სუფრას შემოვუსხდებოდით და ერთად ვეგებებოდით ახალი წლის მობრძანებას. არც ახლა დაირღვევა ეს ჩვეულება. მხოლოდ ერთი რამ იქნება განსხვავებული — კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ ერთმანეთის საჭიროებას და ჩვენი ოჯახური სიმტკიცის მნიშვნელობას. ამ გრძნობას სხვა ვერაფერი შეედრება, სილამაზე სწორედ ამ დიდ სიყვარულშია.
* * *
საუნივერსიტეტო საზოგადოება იმ ადამიანთა სიმბოლური ერთობაა, ვინც ქმნის ჩვენი ალმა მატერის სახეს, მის დღევანდელობას. მინდა, მათ მშვიდობიანი და გამორჩეულად საინტერესო წელი ვუსურვო, ძიებებითა და გამარჯვებებით აღსავსე. დაე, 2021 შემობრუნების წელი ყოფილიყოს — სირთულეების დაძლევის, სამზეოზე გასვლისა და სულიერი სიმშვიდის დავანების საწინდარი!