ქართველ მათემატიკოსთა საზოგადოებას გამოაკლდა მეცნიერებათა დოქტორი ბატონი თამაზ აბესაძე. იგი დაიბადა 1937 წელს ქალაქ ჭიათურაში მრავალშვილიან ოჯახში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. მისი, როგორც მკვლევრის, ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ცნონილ ქართველ მეცნიერს, პროფესორ ლეო მაღნარაძეს. ბატონი თამაზის სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა არაერთგვაროვანი იზოტროპული თერმოდრეკადი სხეულებისათვის სტატიკის ძირითადი ამოცანების ამოხსნას.
ბატონი თამაზი იყო თავისი სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტი, განათლებული, თავმდაბალი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი. მისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ ამხანაგების მიმართ იყო ერთგული, თბილი, თავდადებული, მან იცოდა უთქმელად უანგარო დახმარება და მტკიცედ გვერდში დგომა.
ბატონი თამაზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.
კოლეგები:
ილია თავხელიძე
ჯემალ როგავა
ჯემალ ფერაძე