„ჟურნალისტიკა არის ის პროფესია, რომელიც ბავშვობიდან მაინტერესებდა და რაზეც ვოცნებობდი. სარკის წინ დავდგებოდი და წარმოვიდგენდი, როგორ მიმყავდა ჩემი გადაცემა“, — ფანტაზიებში საკუთარი ცხოვრების გზის კონტურების დახატვას ასე ცდილობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის მიმართულების სტუდენტი თაკო ბეროძე, რომელმაც მიზნების მისაღწევად ამჯერად თსუ-ის პუბლიციტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. თაკო იმედგაცრუებულია იმ მედია გარემოზე, რასაც საქართველოში საკუთარი თვალით ხედავს და ყველაზე მეტად განიცდის ჟურნალისტების პროფესიული დეგრადაციის თვალსაჩინო რეალობას.
„რაც საშინლად მაღიზიანებს და მაშფოთებს, ეს პოლიტიკურად პოლარიზებული მედია გარემოა, რაც ტელევიზიის ყურების სურვილს მიკარგავს. რამდენჯერმე სპეციალურად ვეცადე რამდენიმე ტელე არხის საშუალებით მივმხვდარიყავი — რა იყო სინამდვილე, მაგრამ ეთერში გასული ახალი ამბები იმდენად აცდენილია ობიექტური გაშუქების პრინციპს, რომ საშინლად გავბრაზდი და ყოველი მცდელობა — ისევ მეყურებინა საინფორმაციო გადაცემისთვის, მუდამ კრახით სრულდებოდა“, — ასეთი აღქმა და წარმოდგენა აქვს თაკო ბეროძეს, რომელსაც სურს ბავშვობის ოცნების ახდენის პარალელურად საზოგადოების აზრის შეცვა ჟურნალისტების მიმართ. ამას კი ტელე-მედიასა თუ ბეჭდურ მედიაში დასაქმების გზით შეძლებს, თუკი მისი პასუხისმგებლიანობისა და შრომისმოყვარეობის კვალობაზე ცხოვრება საინტერესო შეთავაზებების არჩევის წინაშე დააყენებს. „დღეს სამსახურის შოვნა დიდი რბოლაა, რომელშიც ის გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე საუკეთესო იქნება. შენ თუ შენ საქმეს გულით არ აკეთებ, ის პერსპექტიულიც ვერ იქნება და ვერც დიდ ფულს მოგიტანს. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, მთელი გულით გიყვარს და მიყვები ბოლომდე — ეს უკვე წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებას სახელის მოხვეჭა მოჰყვება, რომელსაც თავისთავად მოაქვს ფული“, — სწორედ ასეთი შეგნებით იწყებს თაკო ბეროძე ცხოვრების ახალ ასპარეზზე გამოსვლას, რომელსაც ყველაზე დიდ მარცხად, ამ ეტაპზე, კოვიდ პანდემია მიაჩნია. „რომ არა პანდემია, თბილისში ვიქნებოდი და ბევრად ადრე შევძლებდი პროფესიული თვალსაზრისით განვითარებას. გავაკეთებდი საყვარელ საქმეს — პროექტების ორგანიზებას და სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ წელიწად ნახევარი ვიგემე, ბოლომდე შევირგებდი“, — ამბობს თაკო.
მისი ყოველი დღე რუტინულად იმაზე ფიქრით იწყება — წინასწარ ჩამოწეროს — რა უნდა იმეცადინოს და რა გააკეთოს დღის განმავლობაში. „იმდენად ბევრი სამეცადინო და სამუშაო გროვდება, რომ წინასწარ ჩამოწერითა და ჩანიშვნით, ვაკონტროლებ, რაიმე არ გამომრჩეს და დათქმულ დროს მზად მქონდეს. მეორე საფიქრალი პანდემია და ქუთაისში დაბრუნებაა, რის გამოც აქ სასურველი სამსახურის შოვნა არც ისე მარტივია“, — ეს დღის წესრიგი თაკოს იმედს აძლევს, რომ შრომა დაფასდება და ცხოვრებაც გაუმართლებს, რის შესახებაც ანალიზი მისი სულიერი სამყაროს ამსახველ ჩანაწერებში ხშირად ტოვებს ფანჯარას ღიას — გამოჩნდეს სხივი, რომელსაც ერთ დღესაც აუცილებლად გაჰყვება.