თამარ დადიანი
„ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის და საკუთარი საქმის სიყვარულია. თუ სფერო არ გაინტერესებს, ვერანაირი თანხის, კომპენსაციის, მშობლის სურვილის გამო ვერ აირჩევ პროფესიას, ვერ შეიყვარებ", — ასეთი სერიოზული განაცხადით წარსდგა ჩვენს წინაშე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის წარმატებული სტუდენტი ბეჟან შერეშაშვილი, რომელიც ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში დაიბადა და ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მიიღო სწავლა-განათლება. „რაიმე განსაკუთრებულს ვერ გამოვყოფ ჩემი ბავშვობიდან, ჩემთვის ის უკვე წარსულია და მხოლოდ მოცემულობაა“, — გვიმხელს ბეჟანი, მაგრამ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ადამიანის ბუნება და თვისებები ადრეულ ასაკშივე ყალიბდება იმ გარემოს ზემოქმედებით, რომელშიც ცხოვრობ: ოჯახი, სკოლა, მეზობლები, ნათესავები... ჩემი პიროვნების და თვისებების ჩამოყალიბებაზე ამ ფაქტორებმა მოახდინა ყველაზე დიდი ზეგავლენა და ამ მხრივ, ჩემი ბავშვობა ჩემთვის ფასეულია“...
ბეჟანი დღეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული ანალიზის აღრიცხვის და აუდიტის მიმართულების მე-4 კურსის წარმატებული და გამორჩეული სტუდენტია. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. წარმატებული პროფესიონალის და სპეციალისტის მაგალითს დედა აძლევდა, რომელიც წლების განმავლობაში აუდიტორი და მთავარი ბუღალტერი იყო სხვადასხვა კომპანიებში. „დედის შემხედვარე დავინტერესდი ამ სფეროთი და მსურდა, რაც შეიძლება მეტი გამეგო ამ პროფესიების შესახებ. მან ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ამიხსნა პროფესიის ძირითადი საფუძვლები, რამაც ჩემი ინტერესი უფრო გააღრმავა. ვფიქრობ, რომ პროფესიის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ არა ის, თუ რამდენად პოპულარული, პრესტიჟული ან მაღალანაზღაურებადია ესა თუ ის პროფესია, არამედ ის, თუ რამდენად შევძლებთ ამ სფეროში საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, კომპეტენციის და, უბრალოდ, საკუთარი თავის რეალიზებას. აბიტურიენტობის პერიოდში უკვე კარგად ვიცნობდი ამ პროფესიის დანიშნულებას, თუ რა შესაძლებლობებს იძლეოდა ის და ამიტომაც მარტივად მივიღე გადაწყვეტილება — კარიერული განვითარება და წინსვლა ამ სფეროში უნდა მეცადა“, — თავდაჯერებულად განაცხადა ბეჟანმა. მართალია, მას პროფესიის არჩევა არ გაძნელებია, მაგრამ თვლის, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა სამომავლო პროფესიის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაცია მიიღონ. სასკოლო სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოზარდს ამა თუ იმ პროფესიის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და უნარ-ჩვევებსა თუ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბროს: „ვფიქრობ, თვითონ განათლების სისტემის პრეროგატივა უნდა იყოს მოსწავლეების გათვითცნობიერება ამ მიმართულებით. კარგი იქნება, თუ ბავშვები სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებსაც გაესაუბრებიან და მათთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამენ. ამგვარად, მოსწავლეები სწორ არჩევანს გააკეთებენ, სწორად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მონდომებას. მართალია, საუნივერსიტეტო ღია კარის დღეებზე ისინი რაღაც წარმოდგენას შეიქმნიან, მაგრამ ასეთი შეხვედრების მიზანი აბიტურიენტების მოზიდვა და მხოლოდ საუნივერსიტეტო სწავლების პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცნობაა პროფესიული განათლების დეტალიზაციის გარეშე“, — აღნიშნავს ბეჟანი და თვლის, რომ მშობლები არ უნდა ჩაერიონ შვილის არჩევანში, ისინი მხოლოდ „მრჩევლის“ როლით უნდა შემოიფარგლონ. მოზარდმა საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს! „ჩემს შემთხვევაში, როგორც ვახსენე, დედამ დამაინტერესა ჩემი პროფესიით და „ჩამითრია“ (კარგი გაგებით). თუმც გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე... ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის და საკუთარი საქმის სიყვარულია! ორი უმთავრესი კრიტერიუმი პროფესიის არჩევისას კონკრეტული საქმისადმი სიყვარული და მისი შესრულებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების არსებობაა!“
როგორც ბეჟანი ამბობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფაკულტეტზე ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე სტუდენტურ საუნივერსიტეტო კონფერენციაში თემით: „მოგებისა და მომგებიანობის ანალიზის ძირითადი ასპექტები ქართული ღვინის წარმოებაში სს ბადაგონის მაგალითზე“. ნაშრომი შევასრულე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის“ მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლევან საბაურის ხელმძღვანელობით.
უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს „ბლუმბერგის ლაბორატორია“, სადაც სტუდენტებს სპეციალური ტერმინალის გამოყენებით შესაძლებლობა გვაქვს საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი აქტივობების, ასევე შეგვიძლია ფინანსური ოპერაციების შესახებ მოვიპოვოთ ინფორმაცია. სპეციალური კურსების გავლის შემდეგ (რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს) გავეცანი მისი გამოყენების ინსტრუქციას და დღემდე დიდი ინტერესით ვსარგებლობ. აგრეთვე უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში შევისწავლე საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“, რომელიც უზრუნველყოფილია აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერ. ამჟამად ვმუშაობ აუდიტორული კომპანია PwC-ის (pricewaterhousecoopers) საქართველოს ოფისში აუდიტორული და მარწმუნებელი სერვისების დეპარტამენტში. აქ მუშაობა პროფესიული განვითარების კუთხით დიდ შესაძლებლობებს მაძლევს“, — აღნიშნავს ბეჟანი, რომელიც თვლის, რომ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მაღალი დონე და პროფესორ-მასწავლებელთა კომპეტენცია დასაქმების კარგ შესაძლებლობასა და მომავალში კარიერული წარმატების გარანტიას იძლევა.
დღეს რომ საკმაოდ რთულია ისეთი სტუდენტის პოვნა, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობასაც ახერხებს, ამაში ბეჟანიც გვეთანხმება. კითხვაზე: რა პრობლემებს აწყდებიან სტუდენტები, როდესაც ისინი დასაქმებას სწავლის პარალელურად ცდილობენ, ასე გვპასუხობს: „სტუდენტების მთავარი პრობლემა ამ მხრივ დროის დეფიციტია. ძნელია 40- საათიანი სამუშაო კვირა და 5-6 საგნის მომზადება ერთად მოახერხო... თუმცა, პანდემიის გამო ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე ეს შედარებით მარტივია. სამსახურში გამიმართლა და მაქვს შესაძლებლობა, რომ დისტანციურად ვიმუშავო. ლექტორებიც ხელს მიწყობენ, შესაძლებლობას მაძლევენ სემინარებს დავესწრო არა მხოლოდ ჩემს ჯგუფში, არამედ სხვა სასემინარო საათზე. სწორედ ამის გამო ვახერხებ ორივეს შეთავსებას. ვფიქრობ, დასაქმების მსურველ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კარგ შესაძლებლობას აძლევს — მაღალი GPA-ის სტუდენტებს გვთავაზობს სტაჟირების პროგრამებს. ბევრი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია დასაქმებული საკუთარი პროფესიით“.
რა შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, ბეჟანი აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ღონისძიებებში, მრავალი მეგობარი შეიძინა საუნივერსიტეტო სივრცეში და გული წყდება, რომ მათთან ურთიერთობა დღეს დისტანციურ რეჟიმში უწევს.
წარმატებული სტუდენტი სამომავლო გეგმებზეც გატაცებით საუბრობს, მაგისტრატურის დამთავრებას აპირებს, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილიც აქვს და ჯერა, რომ წინ წარმატებული მომავალია!