გვესაუბრება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე
ახალი კორონავირუსი მოხუცებს „გამიზნულად“ არ ერჩის. ამას, მედიის საშუალებით, ასაკოვანი ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების შესახებ არაერთხელ გაჟღერებული ინფორმაციაც ადასტურებს. ძლიერი იმუნიტეტი და ნაკლები ქრონიკული დაავადება მაღალ ბრძოლისუნარიან ორგანიზმს უდრის, რაც, ჯერჯერობით, კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ „ვაქცინად“ ითვლება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის კოორდინატორი, ჩაფიძის გულის ცენტრის პულომონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე კორონავირუსის პანდემიისას რისკ-ჯგუფების მახასიათებლებს განმარტავს.
- ბავშვებს იმუნიტეტის მაღალი ზღურბლი აქვთ, შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირების იმდენად დაბალი სტატისტიკაა, რომ შეიძლება ითქვას — პრაქტიკულად არ ემართებათ. მოხუცებს ქრონიკული დაავადებები აქვთ, მაგალითად, 80 წლის ასაკში, დაახლოებით, 7 ან 8 თანმხლები დაავადება. ამ ფონზე იმუნიტეტი დაძაბუნებულია. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მათი მდგომარეობა უფრო მძიმდება და რთულად მიმდინარეობს. „COVID-19“-ით ინფიცირდებიან ახალგაზრდებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატომღაც, ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტია, რაც, ვფიქრობ, განპირობებულია სხეულის მასის მაღალი ინდექსით გამოწვეული დაავადებებით — ჰიპოვენტილაციის სინდრომი, რესპირატორული პრობლემები... 30-35 წლის ახალგაზრდებსაც შეიძლება ჰქონდეს თანმხლები დაავადებები – გულის იშემიური სინდრომი, ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების შევიწროება... ახალი კორონავირუსი გულსაც ერჩის, აავადებს გულის კუნთს და იწვევს ანთებას; რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება ფილტვის ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ბრონქიალური ასთმა, რა დროსაც პაციენტმა უნდა განაგრძოს დანიშნული მკურნალობა. რისკ-ფაქტორია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, მწეველობა, რადგან იმუნიტეტი უფრო დაქვეითებულია, ჰაერგამტარი გზები შევიწროვებულია, ასევე სისხლძარღვებიც, ჰაერის ნაკადის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, ასეთ პაციენტებზე ვირუსი უფრო მეტად მოქმედებს. ზოგადი სტატისტიკით, ვირუსი 80-83%-ში მსუბუქად მიმდინარეობს, 15%-ში — მძიმედ, 5%-ში — ძალიან მძიმედ. სწორედ ამ 5%-ში აღინიშნება სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, დაბალი იმუნიტეტი.
რჩევები ასეთია: ადამიანები პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, რადგან ნათქვამია — „დაავადების 50% პანიკაა, ჯანმრთელობის 50% სიმშვიდეა, თმენა — გამოჯანმრთელების დასაწყისი“. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ექსპერტების მიერ მოწოდებული რჩევები, დავიცვათ იზოლაცია, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, რადგან ეს ვირუსი შეხებით გადადის. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები მოერიდონ გარეთ გასვლას. მწეველებს ვურჩევდი — თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. აქტიურად მიმდინარეობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, ადამიანები იმუშავებენ იმუნიტეტსაც. შესაბამისად, პანდემია დაძლევადია.
ესაუბრა ნატო ობოლაძე