თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ რამაზ ხომერიკი უხელმძღვანელებს. დეკანის არჩევნებში, რომელიც 30 ივნისს გაიმართა, ფაკულტეტის საბჭოს 39 წევრიდან მან 34 წევრის ხმა მიიღო. როგორც ფაკულტეტზე ამბობენ, რამაზ ხომერიკი მხარდაჭერას სამართლიანად იმსახურებს, რადგან ფაკულტეტის პროფესურასა და განსაკუთრებით სტუდენტობას მუდამ მხარში უდგას. იგი იბრძვის ყოველი თანამშრომლის პირობების გასაუმჯობესებლად და სტუდენტთა წასახალისებლად, მათთვის სტიმულის მისაცემად. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამაზ ხომერიკი მისი დეკანობის პერიოდში ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულ სტუდენტსა თუ სტუდენტთა ჯგუფს (თითოეული დეპარტამენტიდან) საკუთარი ხელფასიდან 600 ლარით აჯილდოვებდა.
დეკანის არჩევნებში მონაწილეობდა 2 კანდიდატი – ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი და ასოცირებული პროფესორი მიხეილ ამაღლობელი. არჩევნებში ფაკულტეტის საბჭოს 39 წევრიდან 36-მა მიიღო მონაწილეობა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რამაზ ხომერიკი – 34 ხმა, მიხეილ ამაღლობელი – 2 ხმა.
თსუ-ის ასოცირებული პროფესორის რამაზ ხომერიკის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: თეორიული ფიზიკა, კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, არაწრფივი ფიზიკა, ფოტონიკა. იგი სამეცნიერო კვლევებს ატარებდა ფლორენციის უნივერსიტეტში (იტალია; მოწვეული მკვლევარი), მაქს პლანკის უნივერსიტეტში (დრეზდენი, გერმანია; მოწვეული მკვლევარი), მონპელიეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი; მოწვეული პროფესორი) და ოკლაჰომას უნივერსიტეტში (აშშ; მკვლევარი).