„არცთუ ცოტა ხელნაწერი თუ საარქივო დოკუმენტი მინახავს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოუხდენია ისეთი დამთრგუნველი, გულის შემძრველი შთაბეჭდილება, როგორც ამ პაწაწინა ბარათს... მათ საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება სურდათ, რეჟიმისგან, რომელმაც, 1921 წლის 25 თებერვლიდან დაწყებული, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,“ — წერს თსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი და 1942 წლის 17 ოქტომბერს საბჭოთა რეჟიმის მიერ სიკვდილით დასჯილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის შალვა შავინიძის წერილს აქვეყნებს.
„წერილს ციხიდან უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი შალვა შავიანიძე სწერს დედას. დოკუმენტებს თავისებური სუნი აქვთ, სიძველის, სარესტავრაციო ნივთიერების, ნესტის, მაგრამ ამჯერად პირველად ვიგრძენი — ქაღალდს როგორ შეიძლება ჰქონოდა შემორჩენილი სასოწარკვეთისა და იმედის სურნელი... სიკვდილის სუნიც!“ — ამბობს ზურაბ გაიპარაშვილი.
შალვა შავინიძე სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებსაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა ედებოდათ ბრალად.
თავისუფლებისთვის მებრძოლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის საარქივო მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მიტროპოლიტ ნაუმის შთამომავალმა, მედიცინის დოქტორმა მარინა შავიანიძემ გადმოსცა.