გვესაუბრება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელად წარდგენილი პროფესორი მანანა შამილიშვილი
ქართული ჟურნალისტიკის დღეს, 21 მარტს, როგორ აღნიშნავს სინდისზე ხელმომწერ ჟურნალისტთა არც თუ დიდ სიაში შესული ერთ-ერთი პირველთაგანი, პროფესორი მანანა შამილიშვილი? იგი, როგორც უკვე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელად წარდგენილი პროფესორი, ამ დღეს ქართულ მედიაგარემოში არსებული უმწვავესი პრობლემების გაანალიზებით ხვდება. რეპუტაციული ტკივილი და პასუხისმგებლობით გააზრებული სამომავლო შიში — ეს ის მოტივებია, რითაც გაჯერებულია პროფესორ მანანა შამილიშვილის მოსაზრებები და შეფასებები. გთავაზობთ ინტერვიუს აქცენტებით, რაც დღევანდელობას და სამომავლო ტაქტიკას უკავშირდება.
ბრძოლა ვერაგ „ვირუსთან“ მედიაში
— დღეს ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა — პანდემიური პრობლემების მიღმა ურთულესი გლობალური, რეგიონული თუ ლოკალური საფრთხეები, ჰიბრიდული ომი და მისი გამოვლინებები, დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადი (მუდამ ახალი ფორმებით)... და ამ ვითარებაში ქართული მედია, ნაცვლად შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისა და საზოგადოების კონსოლიდირებაზე ზრუნვისა, ცდილობს მხოლოდ ვიწრო პარტიული სამზერიდან შეხედოს მოვლენებს, საკუთარი პოზიცია წარმოაჩინოს ერთადერთ ჭეშმარიტებად.
ასეთ დროს ზნეობრივი ჟურნალისტიკა კრიზისს განიცდის, აშკარაა პროფესიის პატიოსნად აღმსრულებელი ჟურნალისტების დეფიციტი. პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია თავგამოდებით იბრძვის აუდიტორიის მისამხრობად; აღრმავებს კონფლიქტს, ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას. იმგვარი გარემოება შეიქმნა, ერთი ნაბიჯიღა გვაკლია, რომ დავმორჩილდეთ ბრბოდ ქცევის ინსტინქტს... ილიამ გვიანდერძა, მოძრაობა და მოძრაობაო, მაგრამ ის არ უთქვამს, „ფორმიდან ქაოსისკენ“ ლტოლვაში ხარჯეთ ენერგიაო. გამოდის, სიტყვით „უპიროვნო კოლექტივის“ ქვეყანას ვემიჯნებით, საქმით კი, სამწუხაროდ, თანდათან მას ვემსგავსებით.
ამ ყველაზე ვერაგ „ვირუსთან“ გასამკლავებლად საუკეთესო საშუალებად მესახება საუნივერსიტეტო სივრცე, სადაც სწორედ მომავალ ჟურნალისტთა განათლებისთვის, პროფესიული და ეთიკური პრინციპების დაუფლებისთვის ვზრუნავთ და, საბოლოო ჯამში, დემასიფიკაციისთვის ვიბრძვით. ჟურნალისტიკის საჭიროებებზე, მასობრივი კომუნიკაციის ბუნებასა და მის მრავალგანზომილებიან სისტემაში მიმდინარე პროცესებზე სამსჯელოდ არაერთი საინტერესო ფორუმი გამართა ჩვენმა მიმართულებამ. მეტად საგულისხმო კვლევები ჩატარდა არაერთი კუთხით. საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა მრავალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოცდილ აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც არიან ჩართულნი.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კვლევითი და პრაქტიკული კომპონენტების შერწყმა დიდად გვეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში. თეორია ხელს გვიწყობს პრაქტიკული შედეგების ათვისებაში; გვაძლევს საშუალებას გარკვეული კონცეფციების სახით წარმოვადგინოთ მედიის ფუნქციონირების თავისებურებები მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე; გავითვალისწინოთ კონტექსტური ცოდნა და დავუკავშიროთ ეს თეორიები კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის დოქტრინებსა და დომინანტ ფილოსოფიურ მოძღვრებებს. ყოველივე კი ჟურნალისტიკის ინტერდისციპლინურ რაკურსში შესწავლის, მისი ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების კვლევის საქმეს ემსახურება.
არავინ დავობს, რომ ჟურნალისტიკა, პირველ ყოვლისა, პრაქტიკული სამოღვაწეო სფეროა, მაგრამ მხოლოდ უტილიტარულ-საქმიან ჭრილში მისი განხილვა ისევე მცდარი წარმოდგენაა რთულ, საინტერესო და მრავალ დისციპლინასთან კავშირში მყოფი სფეროს შესახებ, როგორც მისი მარტოდენ თეორიული თვალსაზრისით განხილვა. მედიის პროფესიონალთა ჩართვა სასწავლო და სამკვლევრო პროცესებში აძლიერებს დარგის კომპეტენციას, გვეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, სტუდენტს კი ხელს უწყობს ეთიკური ნორმების გათავისებაში, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. გამოცდილი ჟურნალისტები, მოწვეული პედაგოგების რანგში, წარმატებით უძღვებიან ჩვენთან სასწავლო პროცესს სხვადასხვა საგნის ფარგლებში და საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. საბოლოოდ, ეს ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს — ხელს შეუწყობს პროფესიული უნარებით აღჭურვილი, მორალური პასუხისმგებლობის მქონე კადრების მომზადებას და არსებული მედიაკლიმატის გაჯანსაღებას.
ეთიკური პრობლემები მედიამ თვითრეგულირებით უნდა გადაწყვიტოს
— მედიის მიმართ სამდურავი ყოველ დროში ისმოდა, მაგრამ ისეთი სიმძაფრით არასდროს, როგორც ახლა. ადრე ჟურნალისტიკა საზოგადოების სამსახურში იდგა და კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მისია და ძირითადი პრინციპები: სანდოობა, სარწმუნოობა, მოქალაქეებისადმი ერთგულება და, რაც მთავარია, პატიოსნება. სამწუხაროდ, პატიოსნების კულტურა დღეს აღარ არის ამ პროფესიის ძირითადი მახასიათებელი და არც მისაღწევი მიზანი. მორალური ჟურნალისტიკის ადგილი ახლა მხოლოდ ბაზარზე ორიენტირებულმა, რეიტინგზე გამოკიდებულმა, ფრივოლურმა და ნიადაგ თვალმდეგზე მზრუნველმა მედიამ დაიკავა. ამ ვითარების გამო საყვედურს კი ბოლო არ უჩანს.
აღშფოთებული აუდიტორია ითხოვს ჟურნალისტების დასჯას, მათ მიმართ კანონის გამკაცრებას და მეტიც, ზოგიერთი არხის დასამარებას. მსგავსი განწყობა არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაყურებელთა შორის შეიმჩნევა, უკვე პროფესიულ წრეებსაც გადასწვდა და პოლიტიკოსთა რიტორიკაშიც ისმის სულ უფრო აშკარად. მათი ინტერესები კი განსხვავებულია — ზოგს ანგარიშგება სწყურია, სხვას ხელს აძლევს კონკურენტი არხის ჩამოშორება — არც „რეიტინგების ტირანია“ უნდა დავივიწყოთ. აი, ხელისუფალი კი მორჩილსა და მის მეხოტბე მედიაზე ოცნებობს ნიადაგ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, რომელი პოლიტიკური ძალა. ზოგადად, ნებისმიერ მთავრობას აქვს მედიის დამორჩილების წადილი. „შემოწმებისა და ბალანსის“ (checks and belences) სისტემა, რაც დემოკრატიის პირობებში მედიის, როგორც მეთვალყურის ფუნქციას განსაზღვრავს, ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ბუნებით ძალმომრეა და, პოტენციურად, ინდივიდის თავისუფლების ხელმყოფი.
ვიცი, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდება ამ მოსაზრებას, მაგრამ ისევ სჯობს თავისუფალი დარჩეს მორალთან მწყრალი არხი, ვიდრე მთელ მედიას „ამოვდოთ ლაგამი“. ნებისმიერი შეზღუდვა (გარდა ნორმატიული შემთხვევებისა), რაგინდ კეთილშობილური მიზნით არ უნდა იყოს ნაკარნახევი, საბოლოოდ მაინც მიგვიყვანს ღირებულის ხელყოფამდე. ეს თვალსაზრისი ნათლად არის დადასტურებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების სამწუხარო გამოცდილებით. უნდა ითქვას, რომ მას დღესაც ექმნება ნოყიერი ნიადაგი, ზოგიერთი ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ პირობებში. ეს რომ არ მოხდეს, მედიასთან ერთად, ფხიზლად უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებაც, რათა დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის შეუქცევად განვითარებას. ეთიკური პრობლემები მედიამ თვითრეგულირებით უნდა გადაწყვიტოს. ამ მექანიზმის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს ყველა პასუხისმგებლიანმა მედიაორგანიზაციამ. ხოლო ჩვენ, ინფორმაციული ხმაურით დაღლილმა მოქალაქეებმა, თავნება და ამორალური მედია იმით „დავსაჯოთ“, რომ უბრალოდ აღარ ვუყუროთ, არ წავიკითხოთ, არ ვუსმინოთ. მარტივი გზაა, მაგრამ, მერწმუნეთ, ძალზე ეფექტური. ყოველივეს კი ისევ განათლების პრობლემასთან მივყავართ.
21 მარტს, ამჯერად, მხოლოდ ერთი ნიშნით შეგვიძლია მივაგოთ პატივი
— პროფესიული ნიშნით ზეიმს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. კარგია, ჟურნალისტთა ღვაწლს გამორჩევით რომ აღვნიშნავთ, მაგრამ როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე მედიაგარემოა, სადაც ყველა მანკიერებას ერთად მოუყრია თავი, ვფიქრობ, სადღესასწაულო და თავმოსაწონი არაფერი გვაქვს. ამ დღეს თუ უნდა მივაგოთ პატივი, პირველ ყოვლისა, იმ დიდი სამოქალაქო ჟურნალისტიკის ნიშნით, რომელიც „სამოციანელებმა“ შექმნეს ანტიკოლონიური კონცეფციის სახით. არც შემდგომი გამოცდილება დავივიწყოთ, როცა ამ იდეას პუბლიცისტთა ახალმა თაობამ შეასხა ხორცი და პლურალისტური მედიალანდშაფტი შექმნა ჩვენი დამოუკიდებლობის ხანმოკლე ეტაპზე. რამდენად გავითავისეთ ეს იდეალები, როგორ შევისისხლხორცეთ, ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ამ ღირებულებითი სისტემის ნაწილი ვართ, ხელს ვუწყობთ ამ გენეზისს, თუ ვაბრკოლებთ, უკვე სხვა თემაა, ფიქრისა და განსჯის საგანი.
მიუხედავად ბევრი ეჭვისა, წინააღმდეგობრივი თვალსაზრისებისა, ალბათ, მაინც უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს პროფესიულ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის სახელოვანი ტრადიცია, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო. მეხსიერების წრეტა ყველაზე მძიმე ხვედრისთვის გვწირავს. გვახსოვდეს — „ვინც იყო, იგი რომ არა“, ამ დღეს ვერ მოვიყვანდით.
რას ვუსურვებდი მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს? რა თქმა უნდა, სასიკეთო ფერისცვალებას — საზოგადოების ინტერესებისადმი მსახურებას, პატიოსნებას, პროფესიის სიყვარულსა და მის განვითარებაზე ზრუნვას, მუდმივი ძიების წყურვილს, პრინციპულობას, შეუპოვრობას, გამძლეობას, მოთმინებას... სურვილების სია ვრცელია. ისიც კარგად გვესმის, რომ რჩევა იოლია, აღსრულება კი — ბევრად ძნელი. ზოგადად, რთულია ამ ღირებულებებზე საუბარი, როცა თანადროულობის კონტექსტი სულ სხვას გვკარნახობს. დაუნდობელი დრო, ირონიული და გროტესკული, ყველაფრისა და ყოვლის განმსჯელი, ადგილს თითქოს აღარც ტოვებს მსგავსი საუბრისთვის — ბევრი უმალ ანაქრონულ მენტორულ შეგონებად, ყალბ პათეტიკად აღიქვამს (ზოგს მხოლოდ ღიმს თუ მოგვრის და ფუჭსიტყვაობად მონათლავს).
მიუხედავად რეალური საფრთხისა, შენი ხმა დარჩეს შეუსმენელი, ადრესატის გარეშე, მაინც ღირს გარისკვა და შეხსენება იმ მორალური ღირებულებებისა, რასაც უნდა იზიარებდეს ყოველი დროის ჟურნალისტიკა — მოქმედიც და მომავალიც. ამაზე საუბარს ყოველთვის აქვს გამართლება, რადგან ეს ის პროფესიაა, რომლის არსი და მისია მოქალაქეების ერთგულებაა.
საბოლოო ჯამში, ჟურნალისტიკა პიროვნების გამოცდაა, მისი მორალური არჩევანი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ საზოგადოების წინაშე პირადი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების ფაქტორები განსაზღვრავს ჩვენს პროფესიულ მოვალეობას. ხანმოკლე სარგებელს, მყიფე პოპულარობას, ვისიმე მსახურებას მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვს. პროფესიაში რჩებიან ისინი, ვინც ნიადაგ შრომით, საკუთარ თავზე მუშაობით, პასუხისმგებლობით ემსახურება საქმეს და მოთმინებით ელოდება თავის დროს. დარწმუნებული იყავით, ისიც არ დაახანებს. კეთილი სახელი, საზოგადოების ნდობა და სიყვარულია მთავარი ჯილდო იმ რჩეულთათვის, ვინც შეძლებს და დროულად აამოქმედებს „შინაგან მუხრუჭებს“, რასაც სინდისი ჰქვია.
ესაუბრა ნატო ობოლაძე