ცოტა ხნის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა სამეცნიერო სიახლეებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის: ლუნდის კლინიკური მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ზაალ კოკაია ბენგტ ფალკის (Bengt Falck) პრიზის მფლობელი გახდა ნეირომეცნიერებების განხრით.
ზაალ კოკაიას პრიზი გადაეცა მრავალწლიანი კვლევებისთვის, რომელიც ღეროვანი უჯრედებისგან ნერვული უჯრედების მიღების სფეროში ჩაატარა. კომისიის გადაწყვეტილებაში, რომელმაც მას პრიზი მიანიჭა, ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია „წარმატებული და საერთაშორისო დონეზე შესრულებული კვლევისთვის, რომელიც ეფუძნება ღეროვანი უჯრედებისგან ნერვული უჯრედების მიღებას. ნაშრომს აქვს მკაფიო კლინიკური მნიშვნელობა და ადასტურებს, რომ ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული ნერვული უჯრედების ტრანსპლანტაცია შეიძლება განვითარდეს ტვინის ინსულტის შემდეგ ფუნქციის აღდგენის ახალ თერაპიულ სტრატეგიად.“
ქართველ მეცნიერს პრიზი ლუნდის უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა, პროფესორმა ერიკ რენსტრომმა (Erik Renström) გადასცა.
გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ესოდენ მნიშვნელოვანი პრიზის მიღება, ზაალ კოკაიამ უპასუხა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია და მიანიშნებს, რომ წლების განმავლობაში ღირებულ საქმიანობას ეწეოდა: „როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში შვედეთში პირველად ჩამოვედი და ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა, პროფესორი ბენგტ ფალკი აქტიურ კვლევას ეწეოდა ამავე კათედრაზე. მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩემი ხელმძღვანელი პროფესორი ოლე ლინდვალი, რომელიც თავის კვლევებში ბენგტ ფალკის მიერ შემუშავებულ ფალკ-ჰილარპის ცნობილ ჰისტოლოგიურ მეთოდს იყენებდა. ამდენად, პირველ წლებში, სანამ ჩვენი ჯგუფი ჰოსპიტალში გადავიდოდა, ბენგ ფალკს რამდენჯერმე შევხვედრივარ. 30 წლის შემდეგ ნეირომეცნიერებაში ბენგტ ფალკის პრემიის მიღება ჩემთვის დიდი პატივია და ერთგვარად იმის მანიშნებელია, რომ ამ წლების განმავლობაში ღირებული წვლილი შევიტანე დარგის განვითარებაში“, – აღნიშნა ზაალ კოკაიამ.
საგულისხმოა, რომ კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქართველ მეცნიერს თავად ბენგტ ფალკი გამოეხმაურა. წერილში, რომელიც მან ზაალ კოკაიას გამოუგზავნა, წერია: „გულითადად ვუერთდები იმ ადამიანთა დიდ ჯგუფს, ვინც გუშინ ნეირომეცნიერებაში მიღებული ჯილდო მოგილოცათ. გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას თქვენს უაღრესად გამორჩეულ და პიონერულ კვლევებში. პატივისცემით, ბენგტ ფ.“
ზაალ კოკაია ნეირომეცნიერებაში უდავოდ გამორჩეული ლიდერია. მისი კვლევითი ჯგუფი პირველია მსოფლიოში, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანის გადანერგილი ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული ნერვული უჯრედები, შესაძლოა, მორფოლოგიურად და ფუნქციურად ჩაშენდეს ინსულტისაგან დაზიანებული ტვინის ნერვულ ციკლში, უპასუხოს სენსორულ აგზნებას და მიიღოს მონაწილეობა მოტორული ფუნქციის რეგულაციაში... ამ კვლევას ხელშესახები კლინიკური შედეგები აქვს და გვეუბნება, რომ ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული ნერვული უჯრედების გადანერგვა შესაძლოა განვითარდეს ახალ თერაპევტულ სტრატეგიად ინსულტგადატანილი ადამიანების რეაბილიტაციის პროცესში.
ზაალ კოკაიას მომავლის გეგმები ისევ ინსულტს შეეხება და კვლევებიც იგივე მიმართულებით გრძელდება: „პანდემიამ გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩვენი მუშაობის სტილში და ლოგისტიკაში, თუმცა შინაარსი და მიზანი იგივე რჩება — შევქმნათ უჯრედული თერაპიის თერაპიული მეთოდი, რომელიც დაეხმარება ტვინის ინსულტიან პაციენტებს ეფექტურად აღიდგინონ დაქვეითებული მოტორული, კოგნიტური და სხვა ფუნქციები“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
ცნობისთვის: ბენგტ ფალკი არის ლუნდის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და ცნობილი მკვლევარი ჰისტოლოგიაში. მან ჰილარპთან (Nils-Åke Hillarp) ერთად განავითარა მეთოდი ნერვულ უჯრედებში მნიშვნელოვანი ნეიროგადამცემების ამოსაცნობად. ეს კვლევა 1962 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიოში ყველაზე მრავლად ციტირებული ნაშრომია.
სტატია მოამზადა მაია ტორაძემ