თამარ დადიანი
თსუ-ში აღდგენილ 93-ე აუდიტორიაში „პირველი სხივის“ პირველი ნომრის განხილვა ჟურნალის რედაქტორის, პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ლობჟანიძის ინიციატივით სხვადასხვა რაკურსით წარიმართა. რუბრიკაში „თარგმანი და მასტერკლასი“ ახალგაზდა მწერლებს საშუალება ეძლევათ — გაეცნონ როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე, ეზიარონ მათ გამოცდილებას ამ საქმეში.
თარგმანისა და მასტერკლასის შესახებ ისაუბრა მთარგმნელმა გოჩა კუჭუხიძემ, რომელმაც საინტერესოდ შეაფასა ალმანახში წარმოდგენილი ქართველი მთარგმნელების ოსტატობა და პროფესიონალიზმი.
თარგმანის რუბრიკა წარმოდგენილი იყო შემდეგი ავტორებით: პუბლიუს ვერტილიუს მარონი (თარგმნა მანანა ღარიბაშვილმა); ტ.ს. ელიოტი (თარგმნა ანა კოპალიანმა); მაჰმუდ დარვიში (თარგმნა ნინო დოლიძემ); ჩარლზ დიკენსი (თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა); უოლეს სტივენსი (თარგმნა ლელა კოდალაშვილმა); ივან ბუნინი (თარგმნა ზურაბ გაიპარაშვილმა); ჰიბრან ხალილ ჰიბრანი (თარგმნა მათე ქარდავამ); პეილერ მიულერი (თარგმნა ნათია მიქელაძე-ბაღსოლიანმა); მასტერკლასი კი შემდეგი ავტორებით იყო წარმოდგენილი: დაჩა მარბინი (თარგმნა ნუნუ გელაძემ); ალბერ კამიუ (თარგმნა დალი იაშვილმა); ელიზაბეთ ბიშოპი (თარგმნა მანანა მათიაშვილმა).
პროზის, პოეზიის, დრამატურგიისა და თარგმანის რუბრიკებთან ერთად ჟურნალს აქვს ესოდენ მნიშვნელოვანი ლიტერატურათმცოდნეობისა და კრიტიკის სექცია, რომელშიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე და სტილისტურად განსხვავებული 7 სტატიაა დაბეჭდილი. მასში როსტომ ჩხეიძის, ნუკრი დუმბაძის, ნინო ქუთათელაძის, ქეთევან ქურდოვანიძის, ნანა კუციას, ლევან კაკლიანის და მერი ზაქაშვილის კრიტიკული წერილები და ესეებია წარმოდგენილი. მათ შესახებ საინტერესოდ ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა, თსუ-ის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა ადა ნემსაძემ, რომელსაც ერთ-ერთი ავტორის ესეს გაცნობისას იმპრესიონისტული კრიტიკის ფუძემდებლის ანატოლ ფრანსის სიტყვები გაახსენდა: „მწერალმა ნაწარმოები კი არ უნდა გააანალიზოს, არამედ უნდა გვიამბოს საკუთარი სულის მოგზაურობის შესახებ შედევრებს შორისო. თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკა და მით უფრო ლიტერატურათმცოდნეობა სხვა რამეს მოითხოვს კრიტიკოსისგან. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია დღეს ჩვენში და მგონია, რომ სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს“, — აღნიშნა ადა ნემსაძემ გამოსვლის ბოლოს და ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, მთარგმნელებს, კრიტიკოსებს წარმატებები უსურვა: „პირველი სხივი“ მათ ცხოვრებაში მართლაც გამორჩეულ სხივად იქცევა.“
დოკუმენტური პროზის მთავარ ღირსებაზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა ფილოლოგიის დოქტორმა თამარელა წოწორიამ, რომელმაც ალმანახში შესული ესეისტური ნიმუშები მიმოიხილა. ესენია: პაატა ნაცვლიშვილის „წერილის“ არაჩვეულებრივი თავგადასავალი; მურად მთვარელიძის „ჩემი „პირველი სხივი“; ილო ბეროშვილის „გენერალ-მაიორი ნიკო ზურაბის-ძე ჭავჭავაძე — დაღესტნის მმართველი და გუბერნატორი“ და დავით წერედიანის „ლოცვანი“. ქალბატონი თამარელას აზრით: „ დოკუმენტურ პროზას, მემუარულ ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ის შემთხვევაა, როცა მკითხველს აინტერესებს სწორედ მთხრობელის დამოკიდებულება, პოზიცია, ემოცია, ხედვა. აინტერესებს, მან რა განიცადა, რა იგრძნო, რა შეემთხვა, რა გადახდა. აქ არ არის ვიდეოკამერა, რომელიც რაღაცას აფიქსირებს ან მესამე პირი, რომელიც რაღაცას გვიამბობს. აქ არის თვითმხილველისა და განმცდელის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი. ასეთი ტიპის ნაწარმოებში სჭარბობს სუბიექტური ხედვა, მაგრამ არის რეალიზმიც, კრიტიკული მიდგომაც და სწორედ ამიტომ ვინტერესდებით მისით. ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ე.წ. non-fiction ან oral history (ე.ი. ის, თუ სინამდვილეში რა მოხდა — თვითმხილველის მიერ განცდილი და დანახული) თანდათან fiction-ზე (მხატვრულ ფანტაზიაზე) უფრო მოთხოვნადი ხდება“, — განაცხადა მან და თითოეული ავტორის ნაშრომი ვრცლად და საინტერესოდ განიხილა.