საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციულად, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ამ დღის აღსანიშნავად საპატიო სიგელები გადაეცათ წარმატებულ მეცნიერებს, მათ შორის, თსუ-ის პროფესორებს: რამაზ აბესაძესა და ელგუჯა მექვაბიშვილს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. გაზეთ თბილისის უნივერსიტეტის რედაქცია ულოცავს ქართველ მეცნიერებს მათ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.
* * *
გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი:
— ბატონო ელგუჯა, მეცნიერების მსოფლიო დღეს თქვენ საპატიო სიგელი გადმოგეცათ ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ამ მიმართულებით?
— ჩემთვის, ვისთვისაც განვლილი ცხოვრების მეტი ნაწილი სამეცნიერო საქმიანობასთანაა დაკავშირებული, ქვეყნის მთავარი „სამეცნიერო შტაბის“ — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი „ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის“ უაღრესად სასიხარულოა. მომავალშიც ვაპირებ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას როგორც მკვლევარი და, ასევე, როგორც უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი. ვფიქრობ სქელტანიანი მონოგრაფიული ნაშრომის გამოქვეყნებაზე, რომელიც მიეძღვნება საზოგადოებრივი სიმდიდრის რაობას, მისი გაზომვის, შექმნის, განაწილება-გადანაწილებისა და გამოყენების სხვადასხვა აქტუალურ პოლიტეკონომიურ ასპექტებს.
მსოფლიოში არსებობს იმის მდიდარი გამოცდილება, როცა ქვეყნებმა (ისრაელი, ფინეთი, ირლანდია და სხვ.) ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში გარდატეხა მოახდინეს მეცნიერებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით და ისტორიულად მოკლე დროში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად ზრდადი ქვეყნები გახდნენ. ჩვენთვის ეს გამოცდილება ძალიან ფასეულია. იგი გვეუბნება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ცოდნასა და მეცნიერებაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას, მეცნიერთა შრომის ღირსეულ ანაზღაურებას, მატერიალურ და მორალურ სტიმულირებას და, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობისათვის რეალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნას.
— რა უნდა გააკეთდეს იმისათვის, რომ სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესი გაიზარდოს ახალგაზრდებში?
— სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაზრდის წინა ხაზი, ჩემი აზრით, მატერიალურ-ფინანსურ სტიმულირებაზე გადის. დღეს ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ნებისმიერი პროფესიის პრესტიჟს მისგან მიღებული ფინანსური სარგებელი განსაზღვრავს. ეს არის მთავარი, თუმცა ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია მეცნიერული საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში კეთილგანწყობილი მორალური კლიმატის შექმნა, რაშიაც აქტიური როლი მასმედიამაც უნდა ითამაშოს.
* * *
გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პაატა გუგუშვილის
ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი რამაზ აბესაძე:
— ბატონო რამაზ, მეცნიერების მსოფლიო დღეს თქვენ საპატიო სიგელი გადმოგეცათ ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ამ მიმართულებით?
— საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის — ქვეყნის მეცნიერების მესაჭის — ეს ჯილდო ყოველი მეცნიერისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. იგი მისი საქმიანობის დადებითად შეფასების გარდა აღძრავს სტიმულს უფრო შედეგიანი მომავალი საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩემთვის ამ ჯილდოს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი ის, რომ იგი მეტყველებს ჩემს და მეორე — საქართველოში ერთადერთი ეკონომიკური პროფილის, მდიდარი ტრადიციების მქონე — თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის წარმატებულ საქმიანობაზე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ალბათ დამეთანხმებით, ინსტიტუტს მიღწევები რომ არ ჰქონდეს, რასაც მეცნიერებათა აკადემია აფასებს, მე არ დამაჯილდოებდნენ. სხვათა შორის, ინსტიტუტი წარმატებული სამეცნიერო საქმიანობის გამო მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორჯერ ზედიზედ აღიარებული იყო როგორც საუკეთესო ორგანიზაცია საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით (ამჟამად ეს კონკურსები აღარ ტარდება ინსტიტუტების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შეერთების გამო). ამდენად, მე ამ ჯილდოს ასევე მივაკუთვნებ ჩვენს ინსტიტუტს, მის ყველა თანამშრომელს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას ეკონომიკური მეცნიერებისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის.
— როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ისეთი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, რომელიც ქვეყანას წარმატებას მოუტანს და ხალხის რეალურ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის?
— მეცნიერება საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა, უახლოვდება მიღებული სამეცნიერო სიახლეების ეკონომიკაში დანერგვის საფუძველზე, კეთილდღეობისა და კომფორტის ამაღლების შედეგად. თუმცა, ბუნებრივია, როდესაც საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერებისადმი განსაკუთრებულად დადებითი განწყობის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ახალგაზრდებს უბიძგებს აირჩიონ სამეცნიერო მოღვაწეობის გზა, მთავრობებს კი — მეცნიერების განვითარებისადმი დახმარება გაიხადონ თავიანთი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად. ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მეცნიერს უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, რათა იგი არ იყოს დაკავებული სხვა საქმიანობითაც ოჯახის რჩენის მიზნით, რაც ძლიერ აქვეითებს მისი შრომის ნაყოფიერებას. საერთოდ, მეცნიერება ხასიათდება განვითარების საკუთარი კანონზომიერებით. თვით ინკვიზიციის პირობებშიც კი მეცნიერება ვითარდებოდა. ისტორიას ახსოვს — არაერთი დიდი მეცნიერი დასჯილა სამეცნიერო აღმოჩენების გამო, იმ აღმოჩენების გამო, რამაც შემდგომში საზოგადოების უზარმაზარი პროგრესი განაპირობა.
რაც შეეხება სამეცნიერო პროექტებს, ასეთი პროექტები ახლაც ხორციელდება და მომავალშიც ბევრი განხორციელდება სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია — განისაზღვროს ეკონომიკის განვითარების გენერალური მიმართულება, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს განვითარებული ქვეყნების მაგალითები. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარების გენერალური მიმართულება უნდა გახდეს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობა, რაც, თავისთავად, მეტად რთულ გარდაქმნებს მოითხოვს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემუშავდეს „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია“ და ქვეყანა დაადგეს მისი განხორციელების გზას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინსტიტუტში ამჟამად ამ პრობლემებზე მუშავდება მნიშვნელოვანი 7 წლიანი სამეცნიერო პროექტი, რომელიც 2021 წელს მთავრდება და საზოგადოებასა და მთავრობას საინტერესო მოსაზრებებს შევთავაზებთ. დადებითია, რომ დღეს ქვეყანაში აღიარებულია ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობა და იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
— დღეს ახალგაზრდები უფრო პრაქტიკულად უყურებენ ცხოვრებას და სამეცნიერო საქმე სულ უფრო ჰკარგავს მიმზიდველობას მათ თვალში. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამეცნიერო საქმიოანობისადმი ინტერესი გაიზარდოს ახალგაზრდებში?
— ასეთი სიტუაცია განვითარებულ ქვეყნებში არ არის. იქ მეცნიერული მოღვაწეობისათვის შესაბამისი პირობებია შექმნილი. მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, რაც ცხოვრების მაღალი დონის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მთავრობის საქმიანობაშიც კი მეცნიერები დიდ მონაწილეობას იღებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭო, სადაც საქმიანობენ მაღალი რანგის ეკონომისტები, რომლებიც რეგულარულად აწვდიან პრეზიდენტს ინფორმაციას ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ და, ასევე, იძლევიან შესაბამის რეკომენდაციებს.
ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ბუნებრივია, განსხვავებულია, რაც განპირობებულია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის სირთულეებით და ასევე დაშვებული შეცდომებით. მეცნიერების განვითარებას თავიდანვე უნდა მიქცეოდა ყურადღება, უნდა მომხდარიყო არსებული სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და არა პირიქით. დღეისათვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება, რომელთა შორის უმთავრესია მეცნიერთა ანაზღაურების მოწესრიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდების ინტერესი მეცნიერებისადმი არ გაიზრდება. ეს პრობლემა მეტად ღრმაა და მეტ განსჯას საჭიროებს, მაგრამ ახლა მხოლოდ ამ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. აუცილებელია ითქვას იმის შესახებ, რომ განათლების (სადაც მოიაზრება მეცნიერებაც) დაფინანსება მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება (მან მთლიანი შიდა პროდუქტის 25% უნდა შეადგინოს), რაც მისასალმებელია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განათლება და მეცნიერება მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებია და პრიორიტეტი მეცნიერებას უნდა მიენიჭოს, რადგან ახალი ცოდნა იქმნება მეცნიერებაში და არა განათლების სფეროში.
მოამზადა თამარ დადიანმა