2020 წელს უკვე მეთორმეტედ გამოცხადდა კონკურსი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და სტატისტიკოსის, ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის სკოლის პროფესორის, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობდა სამი კონკურსანტი: ეკატერინე ნამგალაური (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ შაშიაშვილი, ამჟამად უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი), მარი სუპატაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი მერაბ ელიაშვილი) და არჩილ საყევარაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ჯაიანი). კომისია რთული არჩევანის წინაშე იდგა, თუმცა, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, პროფესორ ესტატე ხმალაძის სტიპენდია მიაკუთვნა გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების მაგისტრანტს არჩილ საყევარაშვილს.
არჩილ საყევარაშვილის მიერ კომისიაზე განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი ეხებოდა ტრანსვერსაალურად იზოტროპული პიეზოელექტრული ცალღერძა მასალის შემთხვევაში სტატიკის და გრძივი რხევის ამოცანების გამოკვლევას, მართკუთხა კვეთის მქონე ღეროსთვის, როცა კონსტიტუციური კოეფიციენტები ან მუდმივებია, ან სიგრძის გასწვრივ ცვლადის მიმართ ხარისხოვანი ფუნქციებია, რომელთა მნიშვნელობები ღეროს ერთ ბოლოში ნულის ტოლია. მაგისტრანტმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანას. ამასთან კვლევისას გამოიყენა ორიგინალური ხერხები, MatLab-ის პროგრამები ნახაზების ასაგებად და ანალიზისათვის; განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამოცანის ფიზიკურ მხარეს და კვლევისას მუდმივად იყენებდა მისთვის ჩვეულ ფიზიკურ ინტუიციას, რითაც შექმნა მეტად საინტერესო ნაშრომი. აღსანიშნავია, რომ არჩილ საყევარაშვილი მოხსენებით გამოვიდა 2020 წლის თებერვალში ჩატარებულ მერვე ყოველწლიურ საფაკულტეტო სტუდენტურ კონფერენციაზე და მისი მოხსენება („პიეზოელექტრული დრეკადი უსასრულო ფენის ღერძის გასწვრივ დეფორმაციისა და რხევის ამოცანების შესახებ“) გახდა გამარჯვებული მათემატიკის და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების მაგისტრანტებს შორის. შესაბამისად, აღნიშნული ნაშრომი მან წარმოადგინა საფაკულტეტო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას გადაეცა სიგელი მათემატიკის სექციაზე საუკეთესო სტუდენტური მოხსენებისთვის და ფულადი პრემია ფაკულტეტის დეკანის — რამაზ ხომერიკის პირადი დანაზოგებიდან (სამივე საფეხურის წარმატებული სტუდენტების წახალისებისათვის დაწესებული სახსრებიდან). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში არჩილ საყევარაშვილი მუშაობდა ხელის ელექტრონული პროთეზის განვითარებაზე, რისთვისაც მან მიიღო არაერთი დაფინანსება, მათ შორის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გამოცხადებულ საგრანტო პროექტით „სტარტაფ საქართველო“ და ევროპის ფონდის გრანტით „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“. პროექტის ფარგლებში მათ დაამზადეს მუშა პროტოტიპი, რომელიც შემდგომ გადაეცა პატარა გოგონას განუვითარებელი მაჯით.
ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია გულითადად ულოცავს მაგისტრანტ არჩილ საყევარაშვილს კონკურსში დამსახურებულ გამარჯვებას და უსურვებს მას მომავალ წარმატებებს! კომისია, ასევე, ულოცავს პროფესორ ესტატე ხმალაძეს, რომ მისი სახელობის სტიპენდიატთა მრავალრიცხოვან კოჰორტას შეემატა კიდევ ერთი წარჩინებული და პერსპექტიული ახალგაზრდა და უსურვებს მას როგორც ჩვეულ შემოქმედებით წარმატებებს, ასევე შემდგომი ფასდაუდებელი წვლილის შეტანას პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების სწავლა-განათლების სფეროში.
პროფესორი ომარ ფურთუხია,
თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი