თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. კონკურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაცხადა, რომელშიც 12-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიამ ოთხი საუკეთესო ნაშრომი შეარჩია, აქედან სამი — თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს თამარ ვარდიაშვილს, მარიამ ჭიკაძესა და თამარ ფაჩულიას ეკუთვნით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივას დადებითად აფასებს: „ასეთი ტიპის კონკურსები სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს. ზოგადად, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში. აკადემიურ სივრცეში ამ თემასთან დაკავშირებულმა ასპექტებმა განსაკუთრებული აქტუალობა პანდემიის პერიოდში შეიძინა, როდესაც სწავლება ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს. ლექციების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალა, მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი“ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და ეს გააზრებული უნდა იყოს ყველა ჩართული მხარის მიერ, ამ პროცესში პერსონალური მონაცემების შენახვისა თუ სხვა პირებისთვის გაზიარების დროს. ცხადია, სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო დისციპლინის ფარგლებშიც აქვთ შეთავაზებული. COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივა ამ საკითხებზე ესეების კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით. სასიხარულო იყო, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. არ იქნება სიახლე, თუ ვიტყვი, რომ იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს ფუნდამენტურ იურიდიულ განათლებას აძლევს და ჩვენ მართლაც საუკეთესო სტუდენტები გვყავს, რომლებიც ძალიან გვანებივრებენ ასეთი გამარჯვებებით. ვულოცავ თამარს, მარიამს და თამარს ამ მიღწევას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2 თვიანი სტაჟირება მათი პროფესიული ზრდის საწინდარი იქნება!“
კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ვარდიაშვილმა და მარიამ ჭიკაძემ ესეები თემაზე — „COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვა“ წარადგინეს, სადაც პანდემიის პერიოდში არსებული ვითარების გააანალიზებისა და პრობლემური საკითხების დასმის გარდა, მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციებიც მიმოიხილეს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე ხარვეზს ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნაკლებად ვხვდებით. ჩემი თემის ფარგლებში ძირითადი აქცენტი იმ პრაქტიკულ პრობლემებზე გავამახვილე, რასაც თითოეული ჩვენგანი შეიძლება წააწყდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში (იქნება ეს სამკურნალო დაწესებებულებთან ურთიერთობა, გასაუბრება, ონლაინ აპლიკაციების შევსება თუ სხვა), რა დროსაც, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცულობის საკითხი. პანდემიამ ნამდილად არაერთი პრობლემატური საკითხი წამოჭრა სახელმწიფოების წინაშე და, ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. ვინაიდან ერთიანი, მკაცრად დადგენილი სტანდარტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემი დაცული, ვფიქრობ, სახელწიფოსთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, ერთი მხრივ, პანდემიასთან ბრძოლასა და, მეორე მხრივ, პირის კერძო ინტერესებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და მასთან დაკავშირებულ უფლებებს (მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) შორის სწორი და სამართლიანი ბალანსის დაცვა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მიღებული უახლესი რეკომენდაციების გათვალისწინებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას. ასევე, მისასალმებელია სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი მზაობა პერსონალურ მონაცემთა ეფექტურად დაცვის თვალსაზრისით“, — აღნიშნა მარიამ ჭიკაძემ.
„პერსონალური მონაცემების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინის უზრუნველყოფა პანდემიის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სტუდენტების მხრიდან დანახული აქტუალური სამართლებრივი პრობლემები და მათი ჩვენეული გადაჭრის გზები, ვფიქრობ, გასაცნობად საკმაოდ საინტერესოა. შემოთავაზებული საკონკურსო თემებიდან გადავწყვიტე ესე მომემზადებინა თემაზე — „COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვა'', რომელშიც წარმოდგენილია პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მიმოვიხილე — ვის აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ინფიცირებულთა შესახებ, შეიძლება თუ არა ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება და რა თანმდევი შედეგები მოყვება მას. ამასთანავე, რამდენად იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება. ესეს ფარგლებში განსაკუთრებულად საინტერესო იყო იმის მიმოხილვა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საჯარო ინტერესსა და პანდემიის პრევენციის მიზანს პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად სტანდარტზე, ასევე, თუ რამდენად აქვს პრაქტიკაში გამოყენების პოტენციალი კოვიდ-აპლიკაციებს. ისეთ უპრეცედენტო გარემოებებში, როგორშიც ახლა ვართ, ცალსახაა ინფიცირებულთა ინფორმაციის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმის აუცილებლობა და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლება. ვფიქრობ, მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი საზოგადოება არ უნდა იყოს არჩევანის წინაშე ჯანმრთელობასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის“, — განაცხადა თამარ ვარდიაშვილმა.
საკონკურსო ესეში პანდემიის პერიოდში წამოჭრილი არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის აქტუალური საკითხები განიხილა თამარ ფაჩულიამ. „ჩემი საკონკურსო ესეს სახელწოდებაა — „არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები“. ესეში გადმოცემულია არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების ყველაზე გავრცელებული გზები, მოსალოდნელი შედეგები, მათი პრევენციის საშუალებები და უფლების დარღვევის შემთხვევაში დაცვის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობათა ანალიზი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილებულია დისტანციური სწავლების ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალასა და არასრულწლოვანი პირების ჯანმრთელობასთან მიმართებით ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებზე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თემაზე მუშაობის პროცესი. კონფერენციაზე წარმოდგენილი თითოეული ნაშრომი საკმაოდ აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. კონკურსში გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა მიხარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების გავლისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომეცემა“, — გვითხრა თამარ ფაჩულიამ.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ გუნდს მიუძღვის. „მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებს. ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა შემდგომ სხვადასხვა სამეცნიერო საქმიანობაში გვეხმარება. მადლობა ქალბატონ თამარ ზარანდიას მხარდაჭერისათვის და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი თემის ხელმძღვანელის, ბატონ ალექსანდრე იაშვილის წვლილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩემი საკონფერენციო ნაშრომის დამუშავების პროცესში“, — განმარტა მარიამ ჭიკაძემ.
სტუდენტური ესეების კონკურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
მოამზადა ნატო ობოლაძემ