ესაუბრა ნინო კაკულია
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ არქეოლოგებს, ჯერჯერობით, ველზე მუშაობის საშუალება მოუსპო. ყველასთვის ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ივნისიდან გეგმავს მოსამზადებელ სამუშაოებს და ამჯერად ლაბორატორიული საქმით არის დაკავებული. არქეოლოგი, რომელსაც უდიდესი საველე მუშაობის გამოცდილება აქვს და ფლობს „ჩამარხული საქართველოს“ თაობაზე საინტერესო ინფორმაციას, არ გამორიცხავს, რომ ვირუსულ ინფექციებს შეეძლოს ვირუსის დნმ-ის კვალის დატოვება, მით უფრო, რომ ამას ასევე ცნობილი არქეოლოგები ვარაუდობენ. რაზე მიგვანიშნებენ სამარხები? რა გამოცდილებას გვძენს ვირუსთან საბრძოლველად არქეოლოგია? მედიცინის დონის რა ხარისხზე შეიძლება საუბარი წარსულის ნაკვალევზე და რა ახალი განსაცდელის დაძლევის წინაშე აღმოჩნდნენ არქეოლოგები? — ამ საკითხებზე გვესაუბრება სწორედ თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.
შეუძლიათ თუ არა ვირუსულ ინფექციებს ვირუსის დნმ-ის კვალის დატოვება?
- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, არქეოლოგიური გათხრების და კვლევის შედეგად როდესმე თუ გამოვლენილა წარსულში დღევანდელი პანდემიის მსგავსი ფაქტი? რა ფაქტებზე და ვარაუდებზე შეიძლება ლაპარაკი?
- ისეთ შორეულ წარსულში, რომელსაც მე ვიკვლევ ( ძვ.წ. 2-1 ათსწლეულები), საქართველოში პანდემიის ფაქტი არ დასტურდება. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არქეოლოგიური კვლევის ობიექტი, რის შედეგადაც დაავადებების შესახებ შეიძლება საუბარი, არის ადამიანის ძვლოვანი ნაშთები. პრობლემა ის არის, რომ სიკვდილის გამომწვევი მრავალი სენი არანაირ კვალს არ ტოვებს ძვალზე. საზოგადოდ, პალეოპათოლოგია (ძველი დაავადებების შესწავლა) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმდინარეობაა თანამედროვე არქეოლოგიაში, ისევე, როგორც ე.წ. სასამართლო არქეოლოგია, რომელიც მკვლელობის დადგენასა და ინტერპრეტაციაში ეხმარება არქეოლოგებს. ამ სამეცნიერო მიმართულების დახმარებით შესაძლებელია კოლექტიურ სამარხებში ინდივიდების იდენტიფიცირებაც. ასეთი კოლექტიური სამარხები აღმოჩენილია კოლხეთში (ძვ.წ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი) და თითოეულ მათგანში ასეულობით ადამიანია (200, 500 და 1000 ინდივიდიც კი!) დაკრძალული. თუმცა, დაკრძალვის პროცესი აქ, როგორც ჩანს, ხანგრძლივად მიმდინარეობდა და, ალბათ, ეპიდემიაზე ან, მით უფრო, პანდემიაზე საუბარი არ იქნება მართებული. თუმცა, ეს იშვიათი მოვლენაა და საერთაშორისო სტანდარტებისათვის საქართველო ამ შემთხვევაშიც უნიკალური გამოკვლევების ადგილია.
რაც შეეხება ვირუსებს არქეოლოგიაში, ისინი შეიძლება შემორჩეს რბილ ქსოვილში ისეთი ფორმით, რომელიც ამოცნობას ექვემდებარება. ცნობილი არქეოლოგები კოლინ რენფრიუ და პოლ ბამი თვლიან, რომ ამ ვირუსებს პრობლემების შექმნაც კი შეუძლიათ გაუფრთხილებელი არქეოლოგისთვის. დანამდვილებით უცნობია, თუ რამდენ ხანს ძლებენ მიკრობები პასიურად მიწაში. ექსპერტთა უმეტესობა ეჭვობს, რომ მათ რაიმე საფრთხის შექმნა შეუძლიათ ერთი ან ორი საუკუნის შემდეგ, თუმცა არსებობს მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ ჯილეხის სპორებმა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნეს ეგვიპტის პირამიდებში, ხოლო ინფექციური მიკრო-ორგანიზმები, შესაძლოა, კვლავ აგრძელებენ არსებობას არქტიკაში დამარხულ სხეულებში, რომლებიც შემონახულნი არიან მრავალწლიან მზრალ გრუნტში. საფრთხე, რომელიც ჩაბუდებულია გახრწნილ ძვალსა და ქსოვილში, შეიძლება საკმაოდ რეალური იყოს, განსაკუთრებით ჩვენი იმუნური სისტემისათვის, რომლის წინააღმდეგობა გამქრალი ან ამჟამად იშვიათი დაავადებების მიმართ დაკნინებულია. კ. რენფრიუ და პ. ბამი იმაზეც მიუთითებენ, რომ ვირუსულ ინფექციებს შეუძლიათ ვირუსის დნმ-ის კვალის დატოვება. ამიტომ ძველი გენეტიკური მასალის ანალიზი შეიძლება დაგვეხმაროს გარკვეული დაავადებების ისტორიის კვალის მიგნებაში. მაგალითად, ამერიკელმა პათოლოგმა არტურ აუფდერჰაიდემ და მისმა კოლეგებმა პერუს 900 წლიანი მუმიის ფილტვების დაზიანებებიდან გამოყვეს ტუბერკულოზის ბაქტერიის დნმ-ის ფრაგმენტები, რითაც დაამტკიცეს, რომ ეს მიკრობი არ იყო შეტანილი ამერიკის კონტინენტებზე ევროპელი კოლონისტების მიერ.
ასევე, იქ, სადაც რბილი ქსოვილები გადარჩება, ჩვეულებრივ, გარკვეული სახის პარაზიტების პოვნაც შეიძლება. მაგალითად, პარაზიტები თითქმის ყველა მუმიაში აღმოჩნდა. ეგვიპტელებს ჰყავდათ პარაზიტები, რომლებიც იწვევდნენ ამებურ დიზენტერიასა და ბილჰარზიას და ნაწლავებში ბინადრობდნენ. ახალ სამყაროში, კოლუმბამდელ მუმიებს ჰქონდათ შოლტისებრი და მრგვალი ნემატოდური პარაზიტული ჭიების კვერცხები. საფრანგეთში მდებარე არკი-სურ-კურეში, ზედა პალეოლითის გამოქვაბულის დანალექებში, რომელთა ასაკი 25,000-30,000 წელს ითვლის, აღმოაჩინეს ნაწლავების პარაზიტული ჭიების, ასკარიდების (Ascarides) კვერცხების კონცენტრაცია. ასე რომ, პალეო დაავადებათა თემა საკმაოდ ვრცელია და საინტერესო, რაც ცალკე საუბრის თემაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს და კიდევ არაერთი უფრო საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ კ. რენფრიუსა და პ. ბამის „არქეოლოგიის სახელმძღვანელოში“, რომელიც ქართულად უკვე არის ნათარგმნი და რომელიც დაკაბადონებული დევს ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობაში. იმედი მაქვს, რომ ეს არაჩვეულებრივი წიგნი წელს იხილავს დღის სინათლეს.
გრაკლიანის აღმოჩენის კვალი — წარსულში ქართული მედიცინის განვითარების დონე
- არქეოლოგიური გათხრების შედეგად რაიმე საინტერესო ისტორიული ვარაუდი, ფაქტი თუ არსებობს წარსულში ჩვენი მედიცინის განვითარების საფეხურებზე?
- ძველ საქართველოში მედიცინა, როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა. კონკრეტულად, გრაკლიან გორაზე დადასტურებულია 3 000 წლის წინანდელი წარმატებული ტრეპანაციის კვალი (ასეთი მრავალი ფაქტია საქართველოში ცნობილი). სავარაუდოდ, ძველი დასტაქარებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თავის ქალის შიდა წნევის დარეგულირების ხერხი. არის წარმატებული სტომატოლოგიური ჩარევის მაგალითებიც. სხვადასხვა სახის დაავადებათა შორის ჭარბობს ოსტეოქონდროზი და სიმსივნური დაავადებები. არის პროფესიული დაავადებაც. მაღალია ჩვილთა დაღუპვის პროცენტი. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ პირველ ტერასაზე გამოვლენილია 2 300 წლის წინანდელი ემბრიონშივე დაღუპული ბავშვების ნაშთებიც. მათი დაღუპვის მიზეზების ზუსტად დადგენა რთულია. ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, გამოწვეულია თანდაყოლილი დაავადებებით ან ინფექციური პრობლემებით, რამაც რამოდენიმე ფეხმძიმე ქალის მუცლის მოშლა გამოიწვია.
დაიწყებენ თუ არა გათხრებს ზაფხულში?
- როგორ შეხვდით პირადად დღევანდელ პანდემიას და როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას, თუკი დიდხანს გაგრძელდა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები?
- პანდემიას ისევე შევხვდი, როგორც, ალბათ, უმეტესობა, თუმცა რამოდენიმე დიდი საერთაშორისო პროექტი გამიუქმდა, უფრო სწორად, პროექტები გადაიდო მომავალი წლისათვის და ეს, ცხადია, დასანანია. ისე, ლექციებს ვატარებ დადგენილი წესის შესაბამისად. დანარჩენი დრო კი ისე გადის, რომ ვერც ვამჩნევ — აუარებელი ლაბორატორიული საქმე მქონდა გასაკეთებელი და არ ვიცოდი, როდის გამომეძებნა დრო. ნაწილი დავასრულე, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ყველაფერს მოვასწრებ თუ არა. ისე კი, გულახდილად რომ გითხრათ, ცხადია, ველისაკენ გამირბის თვალი და ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძლებ გათხრებს. ვფიქრობ, რომ ივნისში დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს.
- გამოწვევა — ახალმა თაობამ არ თქვას უარი სპეციალობაზე
- რას ნიშნავს თქვენთვის პასუხისმგებლობა და სოლიდარობა დღევანდელი გამოწვევის ფონზე?
- დღეს ყველა ჩვენთაგანი ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე. როგორიც არ უნდა იყოს ამ მოვლენის გენეზისი, ის არსებულ სიტუაციას უკვე ვეღარ შეცვლის — მთელი სამყარო ერთი და იგივე ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ცხადია, ყველა ქვეყანაში მოვლენები განსხვავებულად განვითარდება, მაგრამ პოსტვირუსულ პერიოდშიც სირთულეების ნაწილი, გარკვეული თვალსაზრისით, ანალოგიური იქნება. ჩემს თაობას ბევრი რაიმე აქვს ნანახი და ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, კვლავ გადამწყვეტი იქნება კეთილგონიერება, მიმტევებლობა, მოთმინება და თანადგომის სურვილი, რისი აუცილებლობაც კარგა ხანია ისე თვალნათლივ არ წარმოჩენილა, როგორც ეს დღეს ხდება. ლოგიკა მარტივია — იმ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რაც საყოველთაოდ არის გარდუვალი, ადვილი არ იქნება ახალ ვითარებასთან შეგუება და, ამიტომ, გადარჩენის გზა კარგად გათვლილ, უდრტვინველ შრომაზე და ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებზე გადის.
ეს, შეიძლება ითქვას, რომ რთული, მაგრამ თემიდან ზოგადი გადახვევაა. კონკრეტული რეალობა ჩემთვის ბევრად უფრო დასაფიქრებელია: ის ახალგაზრდები, რომლებსაც წლების მანძილზე ვზრდიდით, კრიზისის პერიოდში, უსახსრობის გამო, იძულებული გახდებიან მიატოვონ რუდუნებით შერჩეული სპეციალობა. ჩვენ, ჰუმანიტარები, ისედაც დიდი ძალისხმევით ვინარჩუნებდით ნიჭიერ სტუდენტებს იმ პერსპექტივით, რომ მომავალი გარანტირებული ჰქონდათ. ეს რეალობა იყო, რადგან ჩვენი უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ყველა კურსდამთავრებულს სამსახური აქვს. ახლა კი, ამ ვითარებაში, ჩემთვის მთავარი გამოწვევა ეს არის — როგორ დავუდგე გვერდში იმ თაობას, რომელმაც სულ მოკლე ხანში ქართულ არქეოლოგიას მეცნიერების ღირსეული გვირგვინი უნდა დაადგას?
ჩვენ, სტუდენტებთან ერთად, გადავწყვეტთ ამ პრობლემას...